კახეთში, სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი კობა თარაშვილი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. ბრალდებული 56 წლის მამაკაცია, პოლიციამ ის მომხდარიდან მალევე დააკავა.
დაკავებული პ.მ.-ს ოჯახი ამბობს რომ, მირზაანის გამგებლის შვილი დაჭრისთვის დაკავებულის კუთვნილ საწყობში მივიდა და ორი ტომარა ხორბლის უსასყიდლოდ წაღება მოითხოვა, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
დაკავებულის მეუღლე ქმრის გათავისუფლებას ითხოვს.
„ჩემი ქმარი უდანაშაულოა, იმ კაცს მფარველები ჰყავს და უნდოდა ჩემი ქმრისთვის წაერთმია ხორბალი. მივიდნენ სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორ თუ ფული გვთხოვე ხორბლის საყიდლადო. ორნი ყოფილან, ერთი მირზაანის რწმუნებულის შვილია.
ალბათ, მფარველები ჰყავს. მთელი სოფელი ფეხზე დადგება, აქციებს დავიწყებთ, გამოუშვან ჩემი ქმარი. მოკვლა რომ სდომოდა მხარში კი არა სხვა ადგილას ესროდა", - აცხადებს დაკავებულის მეუღლე.
ბრალდებებს უარყოფს სოფელ მირზაანის რწმუნებული. აკაკი თარაშვილის განმარტებით, მისი შვილი ხორბლის საყიდლად მივიდა, რა დროსაც მეპატრონემ სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენა.
"ჩემს შვილს ორი ტომარა ხორბალი უნდა ეყიდა, თითქმის უკვე წამოსვლას აპირებდა, რომ უთქვამს ეს ხორბალი შერეული მარცვალია და არ გვინდაო, რაზეც მეპატრონემ შეაგინა. ჩემა შვილმა ვერ მოითმინა და გაარტყა. ეს იყო და ეს. ჩაჯდა მანქანაში და წამოვიდა. სოფლის ცენტრში დაეწია და ესროლა.
200 სული ძროხა გვყავს და როგორ ფიქრობთ, ორ ტომარა ხორბალს ვერ იყიდიდა? - განაცხადა სოფელ მირზაანის რწუნებულა აკაკი თარაშვილმა.
32 წლის კობა თარაშვილი ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა, მამუკა კაპანაძემ განმარტა, რომ პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
"გუშინ საღამოს კატასტროფის ბრიგადამ სიღნაღის საავადმყოფოდან გადმოიყვანა, პაციენტს კლინიკაში ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. დღეს მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა აგრძელებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.რაც შეეხება მკლავის ამპუტაციის საკითხს, ამის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას", - განაცხადა მამუკა კაპანაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.