გორში პატრულის თანამშრომლებმა შუახნის ქალბატონი სიკვდილს გადაარჩინეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ქალბატონი ქუჩის კვეთისას, სამანქანო გზაზე მოულოდნელად წაიქცა. აღნიშნული ფაქტი პატრულის თანამშრომლებმა შენიშნეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა გზა ოპერატიულად გადაკეტა, რადგან საფრთხე იყო, რომ გზაზე დავარდნილ ქალბატონს ავტომობილი დასჯახებოდა. ხოლო მეორემ შეუძლოდ მყოფ ქალბატონს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
შემთხვევის დროს ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სოსო ხაინდრავა და მიხეილ სამხარაძე იმყოფებოდნენ. AMBEBI.GE მიხეილ სამხარაძეს ესაუბრა:
"ჩვენი ეკიპაჟი სტალინის ქუჩაზე პატრულირებდა, თითქმის სადგურის ხიდთან ვიყავით მისულები, როდესაც მე და ჩემმა მეწყვილემ გზაზე დავარდნილი ქალი შევნიშნეთ. თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ეს ავტოსაგზაო შემთხვევა იყო. დაუყოვნებლივ გავაჩერეთ მანქანა და გადავკეტეთ მოძრაობა, რომ ქალს ავტომანქანა არ დაჯახებოდა. შესაბამისი პირველადი დახმარება გავუწიეთ და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოვიძახეთ. ქალბატონი თავდაპირველად უგონოდ იყო. ცოტა ხნის შემდეგ თვალები გაახილა, თუმცა ვერ გაიხსენა რა მოხდა. გვეკითხებოდა: რა მჭირს და აქ რატომ ვარო? სასწრაფო დახმარების ჯგუფი მალევე მოვიდა. დავეხმარეთ მათ, რომ ქალი მანქანაში უსაფრთხოდ მოეთავსებინათ. როგორც შემდეგ გავიგეთ, მოხუცი ახლომდებარე სასურსათო მაღაზიაში იყო შესული, სადაც თავი ცუდად იგრძნო. გზის გადაკვეთის დროს კი გონება დაკარგა. როგორც ვიცი, ქალბატონი თავს ახლა უკეთ გრძნობს" - აღნიშნა მიხეილ სამხარაძემ.