მღვდელმთავრობიდან გადაყენებული მეუფე პეტრეს ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიაში წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.
მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია უკვე მივიდა ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც მრევლსა და მის წინამორბედს შეხვდა.
"მშვიდობა, სიყვარული, მეგობრობა, პატიება“, - ასე მიესალმა მიტროპოლიტი მარტვილის მამათა მონასტრის რეზიდენციაში შეკრებილ მრევლს, სასულიერო პირებს და აღნიშნა: "ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას გადავუხდი“.
ერისკაცობაში ვლადიმერ გრიგოლის ძე კაცია დაიბადა 1972 წელს, ქალაქ სოხუმში ექიმების ოჯახში. თავადაც პროფესიით ექიმი-ქირურგი გახლავთ.
როგორც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე მიტროპოლიტის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, ის 1982 წელს მოინათლა სოხუმის საკათედრო ტაძარში.
ჭყონდიდის ეპარქიის ახალ წინამძღოლს განათლება რუსეთში აქვს მიღებული - 1989 წელს დაამთავრა სარატოვის საშუალო სკოლა, 1995 წელს სარატოვის სამედიცინო უნივერსიტეტი, 1997 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ასპირანტურაში - სისხლძარღვთა და გულის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში.
2000 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობა" და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
2004 წლის 7 მაისს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოტქორის წოდება. 2005 წელს კი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო სწავლა თბილისის სასულიერო აკადემიაში.
2010 წლის 26 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად გრიგოლი ეწოდა.
2010 წლის 28 აგვისტოს ამავე ტაძარში ეკურთხა დიაკვნად და განმწესდა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში. იმავე წელს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და დაადგინა თბილისის მამა დავითის წმ. დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერში.
2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოარჩიეს ეპისკოპოსად. მისი კურთხევა მოხდა 2013 წლის 4 დეკემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
2015 წლის 13 იანვრიდან დღემდე იგი აგარაკ-წალკის ეპარქიის მმართველი იყო.
"გზაზე რომ მოვდიოდი, ყველა მეუბნებოდა აღელვებულია მარტვილი, წალკაც აღელვებულია და მთელი საქართველო აღელვებულია. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავმშვიდდეთ. მე ვარ ექიმი და თქვენ იცით, რომ ოპერაცია, გამოკვლევა ვერ ტარდება იმ დროს, როცა ყვირის ან ჩხუბობს ვიღაც. დავმშვიდდეთ, ვისაუბროთ წყნარად.
პატრიარქმა გუშინ სინოდი იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო“, - განაცხადა მარტვილში ჩასულმა მღვდელმთავარმა გრიგოლმა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე: სურდა თუ არა ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობა, მიტროპოლიტმა განმარტა, რომ ის სოხუმის ეპარქიისთვის ემზადებოდა.