ავტორი:

მოგზაურობით და მთამსვლელობით გატაცებული 22 წლის თამარ კაკალაშვილი "საქართველოს ვარსკვლავში"

მოგზაურობით და მთამსვლელობით გატაცებული 22 წლის თამარ კაკალაშვილი "საქართველოს ვარსკვლავში"

"საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე თამარ კაკალაშვილი ქართველმა მსმენელმა მაშინ გაიცნო და შეიყვარა, როცა მუსიკალურ შოუში "X ფაქტორი" გორის გოგონათა გუნდში მღეროდა. გოგონა საოცარი ხმითა და ემოციით, ჟიურის წევრებს და მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ...

გუნდის მომღერლობიდან სოლისტობამდე გზა დიდი აღმოჩნდა - ამჯერად 22 წლის თამარი "საქართველოს ვარსკვლავის" მსმენელის გულის დაპყრობას მარტო აპირებს. გოგონას სიმღერის გარდა რამდენიმე გატაცება აქვს - მათ შორის მოგზაურობა და მთამსვლელობა.

AMBEBI.GE-ს მუსიკალური შოუს კონკურსანტი მისი ცხოვრების სტილისა და მიზნების შესახებ ესაუბრა:

- როდის დაინტერესდი მუსიკით?

- როგორც ბებო იხსენებს, 8 თვისა უკვე ვღიღინებდი. შვიდი წლის ვიყავი, მუსიკაზე რომ შემიყვანეს, მაშინ მხოლოდ ფორტეპიანოზე ვუკრავდი. შემდეგ მუსლიტერატურის მასწავლებელმა მითხრა, რომ სხვა მუსიკალურ კოლეჯში გუნდი იქმნებოდა, იმდენად მინდოდა სიმღერა და იმდენად დამაინტერესა გუნდში მღერის პერსპექტივამ, რომ დამოუკიდებლად, მარტო მივედი მოსმენაზე, ოჯახისთვისაც კი არ მითქვამს.

მუსიკალური გემოვნება გარდატეხის ასაკში შემეცვალა, ჩემ თავზე მუშაობა დავიწყე და ჩემი სტილი ჩამომიყალიბდა. რა თქმა უნდა, გუნდის პედაგოგი მეხმარებოდა, სოლოს ნაწილებს მაძლევდა და ერთად ვმეცადინეობდით ხოლმე.

- რთული არ იყო გუნდის გარეშე სიმღერა?

- უკვე 13 წელია გუნდში ვმღერი. ამ დროს იცი, რომ დაახლოებით, 60 გოგო გიდგას გვერდით, მარტო სიმღერა კი კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა და მინდა, რომ ამ მხრივ ჩემი თავი გამოვცადო. ზოგადად, ცხოვრებაში ყველაფერს ვეჭიდები, მიყვარს ახალი გამოწვევები და არასოდეს არაფერს არ ვუშინდები. „საქართველოს ვარსკვლავიც“ ჩემთვის ახალი და ძალიან საინტერესო გამოწვევაა. მინდა დავამტკიცო, რომ გუნდის გარეშე, დამოუკიდებლადაც შემიძლია სიმღერა.

- რა მოლოდინები გქონდა, როცა კასტინგზე გამოხვედი?

- ძალიან ვღელავდი, რადგან როგორც ახალი სახე, ისე გამოვედი. არ ვიცოდი, როგორ აღმიქვამდა მაყურებელი, რამდენად სწორად გადავცემდი მსმენელს იმ ემოციას, რასაც მე სიმღერის დროს განვიცდი.

ალბათ, მაყურებელმაც შენიშნა, რომ ძალიან ემოციური მომღერალი ვარ. ძალიან კონტაქტური და გახსნილი ვიყავი სიმღერის დროსაც, რაც ჟიურის შეუმჩნეველი არ დარჩენია და ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი მუსიკით გადმოცემული განცდები ადეკვატურად მიიღეს.

ისიც მაინტერესებდა, ჩემს ძველ მენტორს, დავით ევგენიძეს, რა რეაქცია ექნებოდა. არ ვიყავი დარწმუნებული, პირველივე ჯერზე გამიხსენებდა თუ არა. სიმღერის დაწყებამდე თბილი დამოკიდებულება რომ გამოხატა ჩემ მიმართ, ძალიან გამიხარდა და დიდი სტიმული იყო ჩემთვის.

- მუსიკის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული?

- ძალიან მიყვარს მოგზაურობა. უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. სწავლის პერიოდში სხვადასხვა პროექტით უცხოეთში რამდენჯერმე ვიყავი და მაშინ მივხვდი, რომ მოგზაურობა იყო ის, რაც ძალიან მომწონდა და მჭირდებოდა.

მას შემდეგ სულ ვცდილობ, რომ გამოვნახო დროც და ფულიც მოგზაურობისთვის. ჯერჯერობით 14 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მოგზაურობისას იმდენ ახალ კულტურას ვეცნობი, რომ ეს მუსიკის შექმნაშიც ძალიან მეხმარება, პიროვნულადაც უფრო ვიზრდები და ვყალიბდები.

ასევე ძალიან მიყვარს საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობა. რაც უფრო ბევრ საინტერესო და ლამაზ ადგილს ვნახულობ საქართველოში, მით უფრო ვრწმუნდები, რომ არავისზე ნაკლები ქვეყანა არ გვაქვს. იმაზე შთამაგონებელი არაფერია, როცა შენ წინ აღმართულ მწვერვალს უყურებ, ამიტომ მოგზაურობებიდან ტექსტის, მუსიკისა თუ ვიდეოს გარეშე არასოდეს ვბრუნდები.

მინდა წლების შემდეგ ჩემს შვილიშვილებს ვაჩვენო ჩემი გადაღებული ვიდეოები და ყველას ვუჩვენო, რომ რაც გინდა, ის აუცილებლად გამოგივა, თუ ამისთვის იბრძოლებ.

სხვათაშორის, პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების უნივერსიტეტში სწავლისას, ერთ კვირაში შევკარი ბენდი და რამდენიმე კონცერტი ჩავატარეთ. მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან იყვნენ სტუდენტები და მახსოვს, ყველა ვიდეოს გვიღებდა, ძალიან მოვეწონეთ. მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ, ვარსკვლავი რომ გახდები, არ დაგვივიწყოო. მაშინ დავფიქრდი, რომ თუკი უცხოელ მსმენელზე ამხელა შთაბეჭდილებას ვახდენ, რატომ არ უნდა ვცადო ბედი საკუთარ ქვეყანაში-მეთქი.

- შენი მიზნების შესახებ რას გვეტყვი?

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლა და მუსიკა. ჩემი მიზანია, პროფესიაშიც და მუსიკაშიც თანაბრად წარმატებული ვიყო. მინდა, რომ საქართველოში ჩამოვყალიბდე, როგორც არტისტი, მომღერალი და მსმენელს თავი შევაყვარო. მინდა, მიცნობდნენ მომღერლად, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.

ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ როცა სხვაგან ვარ, სულ აქ მინდა დაბრუნება და ჩემს ქვეყანაში ჩემი საყვარელი საქმის კეთება. თუ მე წავალ "ევროვიზიაზე", ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად წარვადგინო ჩემი ქვეყანა.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

გია ბაღაშვილის მორიგი წარმატება ევროპაში, სადაც მან პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ქართული მრავალხმიანობის შესახებ ლექციები ჩაატარა

"ბევრს ჰგონია, წმინდა ნიკოლოზის სახელი მქვია, სინამდვილეში..." - რას ყვება "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე სახელის უჩვეულო ისტორიასა და ცნობილ ტყუპისცალზე

"რატომ უნდა იყოს ნაწყენი?!" - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება "ჩცდ"-ში და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე