პოეტი, პროზაიკოსი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ქვეყანაში აზარტული თამაშების უმძიმეს შედეგებს ეხმაურება და მცირე წვლილის შეტანას გეგმავს თამაშებზე დამოკიდებულების შემცირების საქმეში. მისი თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკის ღონისძიებებზე აზარტული თამაშების რეკლამა აღარ იქნება.
"წლების წინ ერთი კარგი თანამშრომელი გვყავდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ცხადია, ის ბიჭი ახლაც კარგი ბიჭია, უბრალოდ ჩვენთან აღარ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ ყველამ ერთად გამოვცადეთ, რას უშვება ადამიანს ეს დიდი და საშინელი მიჯაჭვულობა - აზარტული თამაშების მონობა ანუ ლუდომანია.
დავინახეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ ერთი დაუკვირვებელი შეხედვით, უწყინარმა გართობამ, სხვა მხრივ, სრულიად ჯანსაღი ადამიანი. დავინახეთ, რომ უკვე რაღაც რელიგიასთან გათანაბრებულ ექსტაზს დაემსგავსა ეს გზა - სხვები, უბრალოდ აღარ ვარსებობდით და თუ ვარსებობდით, ამ ყველაფრის დროებით ინსტრუმენტად - 100 ლარის მსესხებლად.
არასდროს ვიტყვი, არც ამ ადამიანის სახელს და არც იმას - სად მივიდა მისი "ფანტაზია". არ ვიტყვი, მათ შორის იმიტომაც, რომ მგონია - მას აქვს უკან დაბრუნების შანსი - ცხოვრებაში და ბიბლიოთეკაშიც.
ცხადად მესმის, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა იქამდე, სანამ სხვას არ აზარალებს. ზოგადი დათქმით და უჩარჩოო ფიქრითაც ასეა - უნდა მოწევს, უნდა თავს მოიკლავს და უნდა ითამაშებს.
მაგრამ კიდევ უფრო ცხადად მესმის და მჯერა, რომ ჩვენ - სხვა დანარჩენი ადამიანები თანაგრძნობის არსებები უნდა ვიყოთ. უნდა ვეცადოთ და იმ სივრცეში, სადაც ჩვენი ხმა ფასობს, უარი ვუთხრათ ამ მოუთოკავ სენს. ვიცით, რომ ვერ დავამარცხებთ და სულ იარსებებს, მაგრამ მანძილს მაინც შევუზღუდავთ.
ოპერატორი სანდროს ამბავი დიდ გაფრთხილებად უნდა იქცეს. თუ რამე არ ვარ, მორალისტი და მორალიზმით დაავადებული. არც იმას ვკიცხავ, ვინც თვეში ორჯერ ტოტალიზატორში 10 ლარს დებს და შეიძლება მოგებული ოცი ლარით, დამატებით პროდუქტს ყიდულობს.
მაგრამ იქ, სადაც ადამიანები თავს კარგავენ, სადაც სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი "ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება ღონისძიებები, სადაც მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამასაც მოკრავთ თვალს. ჩვენ, ამიერიდან, გადავწყვიტეთ და ამგვარ ბანერებს აღარ განვათავსებთ. ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთიც, ვინმე მწყურვალს დახრჩობას აარიდებს" - ვკითხულობთ გიორგი კეკელიძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ „პალიტრა მედიამ“ აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარი 2016 წლის 15 თებერვლიდან თქვა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო გარდაცვლილი თანამშრომლის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს პირველი არხი სატელევიზიო ეთერში აზარტული თამაშების რეკლამაზე უარს ამბობს.
„პალიტრა მედია“ საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას მიესალმება და სხვა მედიასაშუალებებსაც მოუწოდებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და უარი თქვან აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე.