ავტორი:

"ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამდენიმეთვიანი ტანჯვისთვის" - ახალგაზრდა ქალი ექიმის შეცდომაზე ვრცელ პოსტს წერს

"ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამდენიმეთვიანი ტანჯვისთვის" - ახალგაზრდა ქალი ექიმის შეცდომაზე ვრცელ პოსტს წერს

ინტერნეტმომხმარებელი თათული თეთრაული "ფეისბუქის" პირად გვერდზე მისი ოჯახის თავს გადახდენილ ისტორიას წერს და ქართველ ექიმს არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებს.

ახალგაზრდა ქალი წერს, რომ უროლოგმა და ონკოლოგმა შალვა ჭოველიძემ მის მეუღლეს ქიმიოთერაპიის კურსი ისე დაუნიშნა, რომ ახალგაზრდა კაცის ორგანიზმში არც სიმსივნე და არც მეტასტაზი არ იყო.

თეთრაულის ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები... აუცილებლად დასაწერი, წასაკითხი და გასაზიარებელი პოსტი... ვეცდები დავწერო მოკლედ (შეძლებისდაგვარად) და დეტალურად...

დაახლოებით, 2 თვის წინ ზურა საავადმყოფოში მოხვდა სათესლე ჯირკვლის ტკივილით. სასწრაფომ გადაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში და გამოკვლევებიც იქვე ჩატარდა. მეორე დღეს დადგინდა სათესლე ჯირკვლის სიმსივნე და დაინიშნა სასწრაფო ოპერაცია... ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ზურამ გადაწყვიტა, რომ ინგოროყვაშივე უნდა გაეკეთებინა ოპერაცია.

17 სექტემბერს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ შევდივარ ექიმთან და მეუბნება, რომ სიმსივნე არის ავთვისებიანი და არის ეჭვი რომ მეტასტაზები წასულია მუცლის ღრუში. დეტალურად არაა საჭირო გადმოვცე ჩემი რეაქცია... ვერც გადმოვცემ, მარტო ის ვიცი, რომ მთელი დღე გლოვაში და ტირილში გავატარე. იქამდე გვქონდა გაკეთებული MRI და ყველა საჭირო გამოკვლევა, რის მიხედვითაც ჩანდა, რომ ყველა ორგანო იყო სუფთა, მაგრამ ოპერაციის მერე ჩვენმა ექიმმა მოგვთხოვა ახალი გამოკვლევები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო იმავე კლინიკაში.

არც ამ გამოკვლევებით გამოჩნდა სადმე რამე საეჭვო მაგრამ მაინც (არ ვიცი რატო და ალბად არც თვითონ იციან) გადაწყდა ქიმიოთერაპია... დაჟინებული მოთხოვნით ქიმიის კურსი უნდა ჩატარებულიყო სასწრაფოდ. ქიმიოთერაპია დაგვინიშნა შალვა ჭოველიძემ, რომელმაც ჩაატარა ოპერაცია.

ამ დროს რა მდგომარეობა იყო ჩვენს სახლში, თუ ტვინში მხოლოდ ჩვენ ვიცით და არავის ვუსურვებ გამოსცადოს, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან მძიმეა... მივედით დათქმულ დროს, შევდივართ ქიმიოთერაპევტთან, რომელსაც შევყავართ ოთახში და გვეუბნება, რომ ზურას არ სჭირდება ქიმია, რომ ის ოპერაციის მერე აბსოლუტურად ჯანმრთელია და რომ ის არ გააკეთებს ქიმიას...

შოკში ვიყავით, ზურა ტიროდა სიხარულით... მე ვერც სიხარული გამოვხატე, ვეღარ გავიგე რა მოხდა...დიდი მადლობა გადავუხადეთ ქიმიოთერაპევტს და წამოვედით (მხოლოდ ამ ქაბატონის გამო არ მინდოდა ამ პოსტის გასაჯაროვება, მაგრამ ვერც ამ ამბავს გავატარებდი ასე ჩუმად).

ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა სიხარული - დაახლოებით 2 საათში იგივე ქიმიოთერაპევტი გვირეკავს და გვეუბნება, რომ რაღაცეებს გადახედა და შეეშალა, აუცილებლად და თან მეორე დღესვე უნდა დაიწყონ ქიმიოთერაპია. ალბათ, ყველა ხვდებით რაც მოხდა იქ და რატო შეიცვალა აზრი ამ ქალბატონმა.

ბევრი რომ არ ვწერო, ჩემი უახლოვესი მეგობრის დაჟინებით ჯერ ანალიზის პასუხები გავაგზავნეთ თურქეთში და მერე სასწრაფოდ წავედით ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დაგვხვდა ორი ქართველი გოგო, მარიამი და ხატია (სამწუხაროდ გვარები არ მახსოვს, უღრმესი მადლობა მათ ყველაფრისთვის). გაკეთდა ყველაფერი რაც საჭირო იყო და წამოვედით... 2 დღის მერე დაგვირეკა ხატიამ და მოგვილოცა - ზურა არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, არც ერთ ორგანოზე არ არის მეტასტაზი და რა თქმა უნდა ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება ქიმიოთერაპია...

ეს იყო ნამდვილად დიდი სიხარული! ახლიდან დავიწყეთ ცხოვრება. დამიჯერეთ ხალხო, ეს პოსტი არის ყველაზე მსუბუქი, რაც შეიძლება ჩვენს მდგომარეობაზე დამეწერა. ეს ორი თვე რა ჯოჯოხეთი გავიარეთ, რამდენი ვიტირეთ, რამდენი ვიდარდეთ და რამდენჯერ დაგვენგრა მოლოდინი ვერ წარმოიდგენთ... რამდენ ორშაბათს ველოდეთ განაჩენივით, პასუხების ლოდინში...

რამდენჯერ ერთმანეთსაც ვეღარ ველაპარაკებოდით და თავს ვისულელებდით თითქოს არაფერი ხდებოდა და თითქოს ქიმიაც არაფერი იყო, მერე რა... იმდენი ადამიანი იკეთებსო და სინამდვილეში ვიცოდით ეს ყველაფერი რამხელა ძალასთან და ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული.

ყველაფერი გადავაგორეთ! სუსტ ადამიანად არასდროს ვთვლიდი თავს, მაგრამ ამდენი ძალა თუ მქონდა ეხლა გავიგე... ყველაფერი გავიარეთ ჩვენი ძალიან მაგარი ოჯახების და უძალიანმაგრესი მეგობრების დახმარებით, რომლებიც დიაგნოზის დასმის წამიდან, ოპერაციის ჩათვლით დღემდე გვიდგანან გვერდით მორალურად თუ ეკონომიურად. ვუყურებდი მათ და ვხედავდი რომ ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ ჩვენთვის!

ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენ ვართ ყველაზე მდიდარი ადამიანები თქვენით!

მაქვს კითხვა ბატონ შალვა ჭოველიძესთან - ბატონო შალვა, ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამდენიმე თვიანი ტანჯვისთვის, რისთვისაც არ გაგვიმეტეს უცხო ქვეყნის ექიმებმა...

რატომ?????? ადამიანს, რომელმაც მოიშორა სიმსივნე და აღარანაირი მეტასტაზი, თუ სხვა პრობლემა აღარ ქონდა ორგანიზმში, რატომ დაუნიშნეთ 6 ქიმიოთერაპია?

გამიხარდება ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც თუ დავაფიქრებ და გადავარჩენ... ჯანმრთელობას გისურვებთ და მათ ვინც უკვე ებრძვის ამ სენს ძალიან ძალიან მალე გამოჯანმრთელებას" - წერს თათული თეთრაული.

AMBEBI.GE ახალგაზრდა ქალის ბრალდების ადრესატს ონკოქირურგ შალვა ჭოველიძეს დაუკავშირდა. ის კატეგორიულად ამტკიცებს, რომ პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი დანიშნულება და რეციდივისგან თავის დასაზღვევად გაიკეთოს პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი:

"მე მთავარი ექსპერტი ვარ უროლოგიაში და ასეთი საკითხები ყოველთვის წყდება კონსილიუმის მეშვეობით, რომელშიც შედიან სხივოთერაპევტი, ქიმიოთერაპევტი და ქირურგი. როდესაც ჩვენ დავინახეთ ამ ადამიანის ჰისტოლოგიური კვლევა და ასეთი შერეულის სახის სიმსივნე იყო, მოვითხოვე იმუნოჰისტოლოგიური კვლევა, რომელმაც დაწერა კიდევ უფრო აგრესიული ფორმა სიმსივნის ემბრიონალური კარცინომა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სტადიაა სიმსივნის და მეტასტაზები არ იყო წასული არსად.

თუმცა, ფილტვებში არის რაღაც პროცესი, კერებია, რომლებშიც ვერ გავერკვიეთ, რას წარმოადგენს ეს კერები - სიმსივნური მეტასტაზებია, თუ შეიძლება სულაც უწყინარი ნაანთებარი დარჩენილი კერები. თუმცა, ესეც იყო გამოსაკვლევი და დასაკვირვებელი დინამიკაში. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის გაკირული კერები, ძველი ანთება ჰქონდა ალბათ და დარჩა. ჩავედით ქიმიოთერაპევტთან, ნახა ქაღალდების გარეშე ეს პაციენტი და უთხრა, რომ თუ პირველი სტადიაა შეიძლება არ დაგჭირდეს ქიმიოთერაპიაო, მაგრამ, როდესაც მოუტანეს მას დოკუმენტები, მერე უთხრა დასკვნა.

მე პარიზში მაქვს დამთავრებული სამედიცინო სასწავლებელი და საფრანგეთში ვმუშაობდი წამყვან ექიმად 15 წელი. იჩივლონ სადაც უნდათ, დანიშნავენ ექსპერტიზას, ამ დარგში მთავარი ექსპერტი მე ვარ, მაგრამ სხვას დაავალებენ ექსპერტიზის ჩატარებას და ზუსტად ვიცი, რომ იგივეს დაწერს. დაიღუპავს ეს ადამიანი თავს, რადგან პროფილაქტიკური ქიმიის გარეშე რეციდივი შეიძლება გაჩნდეს. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ რისკი დიდია!

გამოსაკვლევია ისიც, რა კერებია ფილტვში. პროფილაქტიკური ქიმია ორგანიზმის მოსაწამლად კი არ კეთდება, არამედ რეციდივისგან თავის დასაზღვევად. ესენი წერია გაიდლაინებში, ჩემი მოგონილი კი არ არის. რისკი რეციდივის ძალიან მაღალია, თუ არ ჩაიტარებს პროფილაქტიკურ ქიმიოთერაპიას" - აცხადებს უროლოგი შალვა ჭოველიძე.

ქიმიოტერაპევტი მირანდა გოგეშვილი კი AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ მას პაციენტისთვის ქიმიოთერაპიისგან თავის შეკავება რა ურჩევია:

"საკმაოდ აგრესიული კიბო იყო, ოპერაცია გაკეთდა და მეტასტაზები არ არის არსად. არის ფილტვში ერთ სანტიმეტრამდე ზომის კერები, რომლებიც ძალიან მცირე ზომისაა და ზუსტად ვერ ფასდება, მეტასტაზია თუ სხვა რამ. ეს პაციენტი რომ მოვიდა ჩემთან, მას გაიდლაინი გავუხსენი, სადაც წერია ყველაფერი რა სტადიაზე რა უნდა გააკეთო.

ავუხსენი, რომ პირველი სტადიის ემბრიონალური კარცინომის დროს ერთი ვარიანტი არის უბრალოდ დინამიკაში დაკვირვება, მაგრამ თუ არის მაღალი მარკერის მაჩვენებელი, მაშინ უნდა დაიწყო ქიმიოთერაპია. მას არ ჩაუტარებია შესაბამისი კვლევა, რომელიც მარკერის მაჩვენებელს დაადგენდა, ისე წავიდნენ. შესაბამისად, ვერ ვეტყოდი გადაჭრით, რომ არ გაეკეთებინა ქიმიოთერაპია. ნებისმიერი დაავადების დროს არის რეციდივის, ანუ დაავადების უკან დაბრუნების რისკი, ამიტომ პროფილაქტიკური ქიმიოთერაპია არის შესაბამისი.

ზეგავლენა ჩემზე არავის მოუხდენია, როგორც ეს გოგონა წერს. შეუძლებელია ვინმემ მოახდინოს ექიმზე ზეგავლენა. ყველაზე საწყენი იცით რა არის? რატომ სჯერა თურქი ექიმის და რატომ არ სჯერა ქართველის? რატომ ჰგონიათ, რომ თურქი ექიმები სჯობიან ქართველებს? ძალიან მაინტერესებს რომელ კლინიკაში იყო თურქეთში, რომ სიმსივნის ფორმა არ გაითვალისწინეს და არაფერი დაუნიშნეს.

თურქეთიდან პაციენტები მოდიან საოცარი დიაგნოზებით. მეოთხე სტადიის საკვერცხის კიბოთი გამომიგზავნეს პაციენტი, წამლები გამოატანეს და მორჩებაო უთხრეს. ძალიან ცუდად იქცევიან თურქეთში ექიმები. იქაც არის კარგი კლინიკები და შარლატანებიც არიან", - განუცხადა AMBEBI.GE-ს მირანდა გოგეშვილმა.

პაცინტისა და მისი ოჯახის ბრალდებებს გამოეხმაურა ინგოროყვას კლინიკის ადმინსტრაციული დირექტორმა ნინო ქოჩორაშვილიც:

"აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენს მიერ დასმული დიაგნოზი დადასტურებულია ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების შედეგად. ასევე, დადასტურებულია მორფოლოგიური/იმუნოჰისტოქიმიური კვლევით ორ სხვადასხვა პათომორფოლოგიურ ლაბორატორიაში.

აღნიშნული განემარტა პაციენტს დეტალურად და შეთავაზებული იქნა შემდგომი მკურნალობის სქემა, რომელიც განისაზღვრა კონსილიუმის წესით შემთხვევის განხილვის შედეგად. პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ცოტათი ინტერპრეტირებული და ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით, რომ ის არის ჯანმრთელი და არ ესაჭიროება შემდგომი მკურნალობა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ექიმების სახელის შელახვა ხდება აბსოლუტურად დაუმსახურებლად, ჩვენ არ ვაპირებთ პაციენტთან დისკუსიაში შესვლას. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გამოვდივართ მისი ინტერესებიდან და დღესაც გამოვთქვათ სრულ მზადყოფნას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ დეტალურად ინფორმაცია მისი დიაგნოზის, მოსალოდნელი რისკების და გართულებების შესახებ.

ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ თავიდან განვიხილეთ ყველა მონაცემი პაციენტის შესახებ, მოვიწვიეთ ქვეყნის ექსპერტები, სადაც დეტალურად იქნა განხილული აღნიშნული შემთხვევა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენს საქმიანობაზე და პროფესიონალიზმზე, თუმცა არ ვაპირებთ პაციენტთა საჯარო დისკუსიაში შესვლას და კიდევ ერთხელ გავმეორდები, მზად ვართ მას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ დეტალური ინფორმაცია მისი მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ" - განუცხადა ქოჩორაშვილმა AMBEBI.GE-ს.

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია

"აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე... სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. ეს ყოფილა საშინელება..." - რას წერს მაკა რაზმაძე

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?