კალიფორნიის ხანძარი ლოს-ანჯელესში მდებარე ფეშენებელურ სახლებსაც დაემუქრა.
"როიტერსის" ინფორმაციით, ათასობით ევაკუირებულს შორის არიან კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი, ცნობილი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და მსახიობი კლარკ გრეგი.
"ტერმინატორის" ვარსკვლავს ლოს ანჯელესის მთიან ნაწილში 1 500 კვ.მ-ზე გადაჭიმული სასახლე აქვს - 7 საძინებლით, 10 აბაზანით, გამწვანებული ეზოთი და აუზით. სახლის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი დოლარია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის ალმა ლოს-ანჯელესში მდებარე ჟან-პოლ გეტის მუზეუმიდან დაახლოებით 3 კილომეტრში 8 შენობა ნაგებობა გაანადგურა და 5 დააზიანა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მიმართულებით გადაინაცვლა.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრთხე დაემუქრა ლოს-ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმსაც.
გეტის მუზეუმის კოლექციაში წარმოდგენილია დასავლური ხელოვნება შუა საუკუნეებიდან დღემდე, მუზეუმში გამოფენილია უძველესი ექსპონატები საბერძნეთიდან, რომიდან... ვიზიტორთა რაოდენობა წლის განმავლობაში არის 1,3 მილიონი.
კალიფორნიაში ხანძარს ასობით მეხანძრე 24-საათიან რეჟიმში ებრძვის. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ხანძარმა 20 000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.
საცხოვრებელი სახლის დატოვება 180 000-ზე მეტ ადამიანს მოუხდა. შტატის ნაწილში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. ხანძრის გამო ამ დროისათვის მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.