საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, პატრიარქს სეზონური ვირუსული ინფექცია აქვს და ექიმის რეკომენდაციით, გართულებების თავიდან ასაცილებლად ის რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს.
„მას ახლა სავსებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს. ვირუსული ინფექცია ჰქონდა სამი დღის უკან. ასევე ჰქონდა ეპიზოდური ცხელება რამდენიმე საათით. ჩვეულებრივი გრიპული ვირუსია, გაცივდა. ექიმის ძალიან დიდი თხოვნა და შეთავაზება იყო, რომ დარჩენილიყო დღეს და არ წაბრძანებულიყო მსახურებაზე. ორ-სამ დღეში რეაბილიტაცია სრულად მოხდება. ახლა მას არანაირი მედიკამენტოზური, დამატებითი მკუნალობა არ სჭირდება. სჭირდება სახლის პირობებში ყოფნა. სხვა მხრივ, ყველაფერი კარგად არის. არც წოლითი რეჟიმი და არც კლინიკაში ყოფნა არ სჭირდება“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.