20 წლის ბარბარე ამირბარმა, რომლის სახლთანაც სექტემბერში ერთ თვემდე ასაკის ჩვილი დატოვეს, თოქ-შოუ "პროფილში" შემთხვევის შესახებ ისაუბრა. ბარბარე თავადაც ახალგაზრდა დედაა - 10 თვის შვილი ჰყავს და როგორც გადაცემაში ისაუბრა, მისთვის განსაკუთრებულად ემოციურად გადასატანი აღმოჩნდა ეს შემთხვევა.
"ვისხედით, ტელევიზორს ვუყურებდით. წყლის დასალევად გავედი და ხმა რომ გავიგონე, მეგონა კატა კნაოდა... დაახლოებით ნახევარ საათში კარებზე ბრახუნი გაისმა - ჩვენი მეზობელი შემოვარდა სიტყვებით, "ბავშვი დაგვიტოვესო". ყველა გავცვივდით გარეთ... ყველა ემოციებში იყო, მე პირველი მივედი ჩვილთან და ხელში ავიყვანე.
ძალიან ლამაზი ბიჭუნა იყო და ძალიან გავდა ჩემს შვილს, ლურჯთვალება... იყო ძალიან სუფთა და მოვლილი. როცა ხელში ავიყვანე, იმდენად პატარა მომეჩვენა, რომ დაახლოებით ორი კვირის მეგონა. თუმცა, როცა სასწრაფო მოვიდა, გახადა და შეამოწმა, ჭიპლარი იმდენად კარგად იყო მოშუშებული, რომ სავარაუდოდ ერთი თვის იქნებოდა.
ჩემმა ოჯახის წევრებმა მაშინვე დარეკეს პოლიციაში. მე ვაჭამე და მაშინვე დაეძინა... ბავშვი არ ჰგავდა, ასე ვთქვათ გადაგდებულს... დარწმუნებული ვარ გამოჩნდება დედა, როცა ფეხზე დადგება.
...ბავშვის კალათაში იდო წერილი, დედა მიმართავს ჩვილ ბავშვთა სახლს, რომელიც მდებარეობს ჩვენი სახლის პირდაპირ. ვვარაუდობთ, რომ იქ უნდოდა დაეტოვებინა ჩვილი, მაგრამ ღამე იყო, დაახლოებით 12 საათი, ამიტომ ტრასაზე ვერ დატოვა, ამოირბინა და პირველივე სართულზე კიბის კუთხეში დატოვა...
წერილი ძალიან ემოციური იყო... წერდა დედა, რომ ეს იყო უკიდურესი ზომა, არაფრის გაკეთება არ შეეძლო ამ ბავშვისთვის, რადგან არ მიიღო ოჯახმა, არც ქმარმა... წერდა უშუალოდ ბავშვთა სახლის მისამართით - "მე დავბრუნდები, არ გამიშვილოთ..." დიდი მადლობა რომ იცავთ ბავშვებს და მე ვიზრუნებ თქვენს სახლზეო... ერთადერთი, რაც მინდა ამ მცხოვრებაში, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს და გთხოვთ, არ გამიშვილოთო" - ყვება წერილის შინაარსს 20 წლის ბარბარე ამირბარი, რომლის სახლთანაც, თბილისში ნუცუბიძის ქუჩაზე, დედამ ახალშობილი ჩვილი დატოვა.
ბარბარე ჩვილის დედასაც მიმართავს და თხოვს, რომ გამოჩნდეს, რადგან უამრავი ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც მზად არიან შეიფარონ დედა-შვილი:
"ერთ-ერთი ჩემი ახლობელიცაა, რომელმაც მომწერა, რომ შეიფარებს დედა-შვილს თავის სახლში... პირადად ჩემი ოჯახიც ყველანაირად გვერდში დაუდგება მას, იქნება ეს მატერიალური, თუ სულიერი მხარდაჭერა" - მიმართავს ამირბარი ახალგაზრდა ქალს, რომელმაც შვილი დატოვა.
შემთხვევა 18 სექტემბერს მოხდა საბურთალოზე. პატარა ბიჭუნა კალათაში იყო მოთავსებული, სადაც საბავშვო საფენები, ასევე დედის წერილი იდო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.
ჩვილი ამჟამად ბავშვთა სახლშია, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.