ავტორი:

"ჟიურიმ პირველივე ცდაზე შეგვარჩია" - რას ნიშნავს თბილისისთვის წიგნის დედაქალაქის სტატუსი და რას მოუტანს ქართველ მწერლებს

"ჟიურიმ პირველივე ცდაზე შეგვარჩია" - რას ნიშნავს თბილისისთვის წიგნის დედაქალაქის სტატუსი და რას მოუტანს ქართველ მწერლებს

2021 წელს თბილისი წიგნის დედაქალაქი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოდან ლიტერატურით დაინტერესებული პირების ყურადღება ჩვენს ქვეყანაზე იქნება მოპყრობილი. გადაწყვეტილება UNESCO-მ ჟიურის კიდევ ორ წევრთან ერთად ცოტა ხნის წინ მიიღო.

მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპური 2021 წლის 23 აპრილს წიგნის დედაქალაქის ტიტულს თბილისს საზეიმოდ გადასცემს. ამის შემდეგ კი თბილისში წიგნთან დაკავშირებით 100-ზე მეტი საჯარო აქტივობა განხორციელდება.

უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს წიგნის დედაქალაქის სტატუსი, როგორ მოვიპოვეთ ის და რა აქტივობები გველოდება 2021 წელს - AMBEBI.GE პროექტის მენეჯერს და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორს ნინია მაჭარაშვილს ესაუბრა:

"1992 წლიდან ყოველწლიურად, იუნესკო მსოფლიოს ერთ ქალაქს აძლევს წიგნის დედაქალაქის სტატუსს. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ წელს, მთელი მსოფლიოს ლიტერატურული ელიტის ყურადღება ამ ქალაქის მიმართ იქნება მიპყრობილი - მას ეწვევიან ძალიან ცნობილი ავტორები, გაიმართება წიგნის ფესტივალები. ლიტერატურაზე იქნება აქცენტები გამახვილებული და თანამედროვე ავტორები თვალნათლივ იქნებიან წარმოჩენილნი.

UNESCO-ს წარმომადგენლობა დაესწრება გახსნისა და დახურვის ცერემონიებს. ასევე, მთავრობა და კერძო კომპანიები გამოყოფენ თანხებს, რომ ლიტერატურის მიმართულებით ქალაქში დაიგეგმოს სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, ჩატარდეს ისეთი საგანმანათლებლო კვლევები, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა, გაკეთდეს ყველაფერი, რაც უკავშირდება ლიტერატურას.

- რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ქალაქმა, რომ წიგნის დედაქალად დაასახელონ?

- ჟიურიში, რომელიც წიგნის დედაქალაქს არჩევს, სამი წევრია - მსოფლიო ბიბლიოთეკების ფედერაცია, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა მსოფლიო ასოციაცია და იუნესკო. როცა პირველი ორი წევრი გადაწყვეტილებაზე შეჯერდება, იუნესკო მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით უკვე საბოლოოდ გადაწყვეტს, თუ რომელ ქალაქს უნდა მიენიჭოს ეს სტატუსი.

იმისთვის, რომ კონკრეტულმა ქალაქმა წარმატებით გაიაროს ეს პროცესი არის ორი მოთხოვნა: რამდენად მდგრადია წარმოდგენილი აპლიკაცია და რამდენად არის ხანგრძლივ განვითარებაზე ორიენტირებული.

ზოგადად, ამ სტატუსის მიღება ძალიან რთულია. წელს, წიგნის დედაქალაქია შარჟა (არაბეთის გაერთიანებული საამიროების სიდიდით მესამე ქალაქი) და მას ამ სტატუსის მიღებისთვის 8 წელი და ბედის 8-ჯერ ცდა დასჭირდა, მერვედ კი აირჩიეს. მომავალ წელს წიგნის დედაქალაქი კუალა-ლუმპური იქნება, რომელიც მე-5 ცდაზე აირჩიეს, 2021 წელს კი ჩვენ ვართ და ჩვენი აპლიკაციიდან და მონდომებიდან გამომდინარე, პირველივე ცდაზე შეგვარჩიეს.

სირთულეებთან იყო დაკავშირებული იმ მხრივ, რომ თვითონ UNESCO-ს ჰქონდა ძალიან რთული აპლიკაცია, ყველაფერი დეტალურად უნდა ყოფილიყო გაწერილი, განვითარებაზე ორიენტირებული და მრავალმხრივი პროექტი უნდა ყოფილიყო. ასევე, ფოკუს-ჯგუფები უნდა ყოფილიყო მრავალფეროვანი, სახალხო და არა რომელიმე VIP ჯგუფისთვის გამიზნული. შესაბამისად, მარტივი არ იყო ამ ყველაფრის გაწერა და მოფიქრება.

- რამდენად მნიშვნელოვანია თბილისის წიგნის დედაქალაქად დასახელება ქართველი ავტორებისთვის?

- რასაკვირველია, ქართველი თანამედროვე ავტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათთვის ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი: სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და წიგნის პრეზენტაციები დამეგობრებულ ქალაქებში და ადგილობრივად. ძალიან ბევრი კომპონენტი გვაქვს. თბილისს ძალიან ბევრი დამეგობრებული ქალაქი ჰყავს და მათთან კომუნიკაციის შედეგად ალბათ, 10 მათგანი მაინც აირჩევა.

ქართველი ავტორები ჩავლენ დამეგრობრებულ ქალაქებში. ასევე, 2021 წელს პროექტის ფარგლებში თბილისში 5 ძალიან ცნობილ ავტორს ვუმასპინძლებთ. უბრალოდ, ეს ავტორები ვინ იქნებიან, ჯერ ვერ გავასაჯაროებთ.

- როდის დაიწყება წიგნის დედაქალაქის სტატუსთან დაკავშირებული აქტივობები?

- აქტივობები დაიწყება 2021 წლის 23 აპრილს. ამ დღეს არის წიგნის დედაქალაქის სტატუსის გადაცემის ცერემონია. ეს გახლავთ საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და ამასთან, ერთი ქალაქი მეორე ქალაქს გადასცემს სტატუსს. ღონისძიებები 23 აპრილიდან მომდევნო წლის 23 აპრილის ჩათვლით იქნება.

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული შევსებული, განახლებული და გადამუშავებული ბრუნდება

უნიკალური გამოცემის - "ბიბლია განმარტებებით"  მეორე ტომი 21 ოქტომბერს გამოიცემა

წიგნების სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს