ავტორი:

ვინ არის ედუარდ შევარდნაძის პირველი შვილიშვილი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს

ვინ არის ედუარდ შევარდნაძის პირველი შვილიშვილი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრავალრიცხოვანი ოჯახის შესახებ მედიაში ხშირად იწერება და საზოგადოება კარგად იცნობს ექსპრეზიდენტის შვილებსა და შვილიშვილებს.

მაგალითად სოფიკო შევარდნაძე, რომელიც ჟურნალისტია და წლებია მოსკოვში მოღვაწეობს, ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში.

ასევე, წლების წინ ბევრი იწერებოდა მის ძმაზე, ლაშა შევარდნაძეზე, რომელიც პიანისტ თათია შარანგიაზე იყო დაქორწინებული და წყვილი ორი შვილის შეძენის შემდეგ დაშორდა.

საზოგადოებას წარუდგინა და გააცნო სოფომ თავისი უმცროსი და ნანული შევარდნაძე, რომელიც პარიზში ცხოვრობს და სწავლობს.

ამჯერად შევარდნაძის პირველ შვილიშვილს თამუნა მოსაშვილი-შევარდნაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც ერთადერთხელ გამოჩნდა ტელევიზიით, ეკა ხოფერიას გადაცემაში, სადაც დედამისი მანანა შევარდნაძე პირად ცხოვრებაზე გულახდილად საუბრობდა.

თამუნა მანანა შევარდნაძის ერთადერთი შვილია. პრეზიდენტის ქალიშვილს ის პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მოგეხსენებათ, მანანა შევარდნაძე მეორე ქორწინებაშია გია ჯოხთაბერიძესთან.

მიუხედავად იმისა, რომ თამუნა მოსაშვილი-შევარდნაძე, მედიისთვის დახურული ცხოვრებით ცხოვრობს, მის შესახებ ოჯახის წევრების სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან საინტერესო დეტალები მოვიძიეთ.

1998 წელს მანანა შევარდნაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ თამუნა ხშირად აპროტესტებდა ცნობილი პოლიტიკოსი ბაბუის გამო, რომ დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ უწევდა ყოფნა:

"ზაფხული მოვიდოდა თუ არა, დასასვენებლად ლიძავაში მივდიოდით. აგარაკი შემოსაზღვრულ და დაცულ ტერიტორიაზე იყო. ჩემი შვილი სულ წუწუნებდა: არ მინდა "რეზერვაციაში", გამიშვით ჩვეულებრივ ტურბაზაშიო. თუმცა, ბაბუა-შვილიშვილს შორის უფაქიზესი დამოკიდებულება იყო, ისეთი, ხანდახან შვილებთანაც რომ არ ჰქონია..."

ედუარდ შევარდნაძე 2009 მიცემულ ინტერვიუში პირველი შვილიშვილის და მისი ოჯახის შესახებაც საუბრობდა:

"მანანას ქალიშვილი თამუნა გათხოვილია ბერძენზე. სარანთოსი საკმაოდ წარმატებულად ეუფლება ქართულს, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ახალგაზრდაა. ამა წლის სექტემბერში ძალიან გამახარეს - შეეძინათ ვაჟი, ასე რომ, გავხდი დიდი ბაბუა".

2014 წელ ეკა ხოფერიას შოუში სტუმრად მყოფი მანანა შევარდნაძე შვილზე ჰყვება:

„ის აბსოლუტურად განსხვავებულია, ჩაკეტილი პირონებაა, ორი გვარი აქვს. თავად გადაწყვიტა გარკვეულ ასაკში მეორე გვარი - შევარდნაძე აეღო. სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა და უსაზღვროდ ბედნიერი იყო, ამით ისწავლა ურთიერთობა ხელოვნებასთან.

დედაზე და ბაბუაზე მოკლე სატელევიზიო ინტერვიუდან თამუნას მოგონება ასეთია:

„დედა ჩემს მიმართ სუბიექტურია, ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ობიექტურად მირჩევს ყველაფერს. მას ყოველთვის ჰქონდა თავისი საქმე, დავყავდი კონცერტებზე, გადაღებებზე. მახსოვს ჩაგვისვამდა მანქანაში მე და ჩემ მეგობრებს, თვითონ საჭესთან იჯდა და თელავში მივდიოდით.

მუსიკაზე შემიყვანა და მამეცადინებდა, მაგრამ არ მომწონდა. ერთხელ გაბრაზდა და თმაზე მომქაჩა და დღემდე ვეუბნები ხოლმე ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდი, მირტყამდი (იცინის). არც ნიჭი მქონდა და არც სურვილი, ბოლოს მიხვდა და მუსიკიდან გამომიყვანა.

ედუარდ შევარდნაძე არის ძალიან თბილი, ტაქტიანი და გამგები ადამიანი. მასთან ისეთ პირად საკითხებზე შემიძლია რჩევის კითხვა, რომ გაგიკვირდებათ" - ამბობდა ბაბუაზე თამუნა მოსაშვილი.

თამუნას ერთადერთი შვილი თეოდორე-ანდრია ხარპოპულის-შევარდნაძე ჰყავს. ბავშვისთვის მეორე გვარის მიცემის სურვილი თამუნას ბერძენ ქმარსაც ჰქონდა, რადგან მიაჩნია, რომ ბავშვს საამაყო დიდი ბაბუა ჰყავს.

ედუარდ შევარდნაძის უფროსი შვილიშვილი ამჟამად თბილისში ცხოვრობს და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მუშაობს, რომელიც ერთი წლის წინ გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის ოჯახის კერძო კოლექცია - ასზე მეტი ხელოვანის მიერ შექმნილი 3 500-ზე მეტი ნამუშევარი.