გლდანში ორი დღის წინ დაჭრილი არასრულწლოვანი მძიმე მდგომარეობაშია. 15 წლის გიორგი ფალელაშვილი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გამვლელმა დაჭრა.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, უცნობია.
დაჭრილი გიორგი ფალელაშვილი გლდანის 173-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაჭრილი მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ახლობლების ინფორმაციით, ბიჭი უმძიმეს მდგომარეობაშია და სჭირდება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. თუ ვინმეს გაქვთ დახმარების სურვილი ქავთარაძის სისხლის ბანკში შეგიძლიათ სისხლი ჩააბაროთ, 15 წლის გიორგი ფალელაშვილის სახელზე.