16 წლის ლუკა ფოფხაძის გარდაცვალების საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაასრულა.
AMBEBI.GE-მ სააგენტოსგან მოითხოვა დასკვნა, რათა შეგვეტყო, გამოიკვეთა თუ არა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი და რა სანქციების გატარებას გეგმავს უწყება, თუმცა როგორც განგვიმარტეს, ოჯახის წერილობითი თანხმობის გარეშე დოკუმენტებს ვერ გადმოგცემდნენ.
გარდაცვლილი მოზარდის დედა ბელა ჯმუხაძე დოკუმენტს იცნობს და AMBEBI.GE-სთან საუბარში გამოთქვა სურვილი, ღიად ისაუბროს იმ კითხვის ნიშნებზე, რომლებიც მას გაუჩნდა:
"რეგულირების სააგენტოს ამ გადაწყვეტილებისგან თავი შორს დავიჭირე, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ახლა ამის ძალა... ძალიან ცუდად ვარ ფსიქოლოგიურად. ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვალების შესახებ ვნახეთ და ტუბერკულოზური მენინგიტი იყო გარდაცვალების მიზეზი. მე ჩემი ვერსიები მაქვს, აქ იყო ფილტვების პრობლემა, სუნთქვის უკმარისობა. ჟანგბადის აპარატი რომ ყოფილიყო გამართული და არ გაფუჭებულიყო, ეს არ მოხდებოდა. ან რომ არ გადმოეყვანათ, იქნებ არ მომხდარიყო ეს... იმდენად შოკირებული ვარ, ყველაფერზე ვფიქრობ ახლა.
რატომ არ ჩაუტარეს ადგილზე ელემენტარული გამოკვლევები? ექიმმა თქვა, რენდგენი იმიტომ არ გადავუღეთ, რომ პაციენტი მაინც გადასაყვანი იყო და მერე მაინც გადაუღებდნენო. რა იცოდნენ რომ სასწრაფოდ გადაყვანა იყო საუკეთესო გამოსავალი? ჯერ გადაეღოთ რენდგენი, ხომ ნახავდნენ ფილტვებში რა მდგომარეობა იყო? იქნებ არც გამხდარიყო ასე სასწრაფოდ გადაყვანა საჭირო და ამდენსაათიანი მგზავრობა? იქნებ იქ ჩაგვეყვანა კვალიფიციური ექიმები... საუბარი მაქვს იმაზე, რომ არ ჩატარდა საჭირო გამოკვლევები დაუყონებლივ, რამაც გაართულა ლუკას დგომარეობა.
მე ვმუშაობ სამედიცინო დაწესებულებაში და როდესაც ჩემთან პაციენტი მოდის, ვაკეთებ მაქსიმუმს რაც შემიძლია და რაც არის გასაკეთებელი. ჩემს შვილს არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება!" - გვითხრა ბელა ჯმუხაძემ.
გარდაცვლილი ბიჭის დედამ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ლუკას საფლავზე გადაღებული ფოტოები, რომელზეც ძაღლები არიან ასახულნი. ბელა ჯმუხაძის თქმით, შინაური ცხოველები მისი შვილის საფლავს არ შორდებიან:
"ძალიან სხვანაირი ბავშვი იყო ლუკა... ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ცხოვრელებთან და ფრინველებთან. ხშირად მიყვებოდა ამ ძაღლებზე - ადამიანებივით არიან, ძალიან მიყვარსო. ორი ძაღლი გვყავს სოფელში, ამბროლაურში, სადაც ლუკაა დასაფლავებული. მიდიან ძაღლები, თითქოს ჰაერში ყნოსვით ეძებენ ლუკას... აკითხავენ საფლავზე და საათობით რჩებიან იქ. მოწყენილები წვანან...
ჩემთვის გაუსაძლისი გახდა ყოფა, ყოველდღე ახალი მოგონება ჩნდება, ახალი ტრაგიკული განცდა... ამ მონატრების ატანა უკვე შეუძლებელია ჩემთვის. ძალიან სხვანაირი, მეგობრული დედა-შვილობა გვქონდა..." - უყვება ბელა ჯმუხაძე AMBEBI.GE-ს.
AMBEBI.GE უახლოეს მომავალში გამოითხოვს რეგულირების სააგენტოს დასკვნას და მას გაასაჯაროვებს. დოკუმენტში, წესით, უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის, სერვისების გადაცდომებისა და შეცდომების შესახებ დასკვნები.
16 წლის ლუკა ფოფხაძე რაჭიდან ქუთაისის საავადმყოფოში 19 ივლისს გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო. გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც ბიჭის მდგომარეობის გართულება გამოიწვია. საბოლოოდ, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა.
41-დღიანი კომის შემდეგ, 16 წლის მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, 2 სექტემბერს გარდაიცვალა.