ავტორი:

ქართული ღვინის ზეიმი, რომელმაც უცხოელების და ქართველების ყურადღება მიიპყრო

ქართული ღვინის ზეიმი, რომელმაც უცხოელების და ქართველების ყურადღება მიიპყრო

დღეს თუ ძველ თბილისში მოხვდით, სიონის ქუჩამდე აუცილებლად მიგიტყუებდათ ქართული სიმღერის ჰანგები და უძველესი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ტრადიციული ქართული ღვინოების სურნელება, რომელთა სტენდებთან ტურისტების რიგი იდგა.

ქინძმარაული, რქაწითელი, ქისი, ხვანჭკარა, ცოლიკაური - ეს იმ სახეობების მცირე ჩამონათვალია, რასაც ქართული ღვინის ფესტივალზე დააგემოვნებდით. სტენდთან, რომელზეც ყურძენი, ქართული ჩირი, ჩურჩხელა და ღვინო ეწყო, განსაკუთრებით აქტიურობდა სამი უცხოელი ტურისტი - თითქმის ყველა დასახელების ღვინოს მარტივად ცნობდნენ და მათ გემოვნურ თვისებებზე მსჯელობდნენ.

მათთან მიახლოებისას აღმოვაჩინე, რომ ორი მათგანისთვის თბილისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებთან ყოფილა დაკავშირებული.

ნატალია და მაიკლი თბილისში გასულ წელს დაქორწინდნენ. ისინი სპეციალურად ისრაელის დედაქალაქიდან თელ-ავივიდან ჩამოვიდნენ თბილისში ხელის მოსაწერად, საქორწილო ფოტოსესიაც აქ მოაწყვეს და ქორწილი ქართულ რესტორანში აღნიშნეს. წელს კი კვლავ დაბრუნდნე იმ ქალაქში, რომელიც ყველაზე ბედნიერ დღეს ახსენებთ.

"თბილისი საოცარი ქალაქია. ის ჩემს თელ-ავივს მახსენებს, რადგან ხალხი ისეთივე თბილი და სტუმართმოყვარეა, როგორც ჩვენთან. ჩამოვედით მთების სანახავად, ვიყავით მესტიაში, შემდეგ კი თბილისს დავუბრუნდით, რადგან მასთან განსაკუთრებული მოგონებები გვაკავშირებს“, - განგვიმარტა ნატალიმ, რომელიც ქართულ ღვინოზეც შეყვარებულია. განსაკუთრებით, ნახევრადტკბილი მოსწონს, რადგან როგორც თავად ამბობს, ისრაელში ასეთ კარგ ნახევრადტკბილ ღვინოს იშვიათად თუ დალევ, ძირითადად, მშრალი ღვინის სმას არიან მიჩვეულები.

ნატალის, მაიკლისა და ევგენის ყურადღება ყველაზე მეტად ქინძმარაულმა მიიპყრო, თუმცა საფერავიც არანაკლებად სასიამოვნოდ დასალევად მოეჩვენათ.

"ქართული ღვინის ფესტივალის შესახებ გერმანელმა მეგობარმა გვითხრა, რომელიც ასევე აქ ისვენებს. ჩვენც მოვედით, რომ ეს საოცარი ატმოსფერო გვენახა და ქართული ღვინო დაგვეგემოვნებინა. თბილისი ჩვენთვის მეორე დედაქალაქია და ძალიან გვიყვარს" - აღნიშნა მაიკლმა.

ფესტივალის სცენაზე ანსამბლი "შვიდკაცა" დგას. თითქმის ვერ ნახავთ სტუმარს, რომელიც მათ სულგანაბული არ უსმენს. გერმანელი ტურისტები, რომლებმაც საპენსიო ასაკში სხვადასხვა კულტურის გაცნობა გადაწყვიტეს, მუსიკით ტკბობას ცოტა ხნით მოვწყვიტეთ და ქართული ღვინის შეფასება ვთხოვეთ.

"ძალიან მოგვწონს ქართული მუსიკის მრავალხმიანობა, ქართული ღვინო. ოთხშაბათს ხალხური მუსიკის კონცერტზე ვიყავით, ახლაც, სიმღერის ხმა რომ მოგვესმა, ფესტივალზე მოვედით. პირველად ვართ თბილისში და ქალაქმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. მოგვეწონა გოგირდის აბანოები, ღვინო კი ძალიან სასიამოვნოდ დასალევია" - აღნიშნა ჰატაიკან პეტჩფიბუნმა, რომელიც გერმანიის ერთ-ერთი რეგიონიდან ჩამოვიდა.

ღვინის ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესტუმრა. მან მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა, მეღვინეებს გაეცნო, სტენდები დაათვალიერა და შთაბეჭდილებები მედიის წარმომადგენლებსაც გაუზიარა.

"ეს ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია მონაწილეობს მსგავს ფესტივალებში. აქ წარმოდგენილები არიან როგორც ღვინის კომპანიები, ისე მცირე მარნების წარმომადგენლები და ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ტურისტებს, ქართული ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს თავიანთი წარმოების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი და მიიღონ დამატებითი შემოსავლები" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მუშაობის დასრულების შემდეგ ჩვენმა ჯგუფმაც გადაწყვიტა, ქართულ ღვინოს უფრო კარგად გაცნობოდა. რადგან მსხვილი კომპანიების ნაწარმს უკვე კარგად ვიცნობთ, მცირე მარნების სტენდებს ვესტუმრეთ.

მალხაზ გაბრიჭიძე მცირე მარანს ფლობს. იმერული ღვინო დაგვაგემოვინებინა და თან „ბრწყინვალე სამეულის“ შესახებ გვიამბო - ასე თავისი წარმოების ღვინოს უწოდებს.

"კრახუნას, ციცქასა და ცოლიკაურს იმერული ტექნოლოგიით ვამზადებთ. იმერული ტექნოლოგია არის ქვევრში დადუღება 20% ჭაჭით. კახური ტექნოლოგია არის 100% ჭაჭით დადუღება, ხოლო იმერული - 20%-ით. 20% ჭაჭა ღვინოს აძლევს სირბილეს და ხდება სასიამოვნო დასალევი. ჩემი კომპანიის სახელია „იმერეთის მარგალიტი“. წელს პირველად გამოვჩნდით ბაზარზე და მიზნად გვაქვს, იმერული ტრადიციული ღვინო განსაკუთრებით პოპულარული გავხადოთ, ასეთი ფესტივალები კი ამაში ნამდვილად ხელს გვიწყობენ" - აღნიშნა მან.

ათობით კომპანიის, მცირე მარნისა თუ სტარტაპის სტენდებს შორის სიარულისას „შატო ნეკრესის“ პატარა კუთხესთან აღმოვჩნდით. აქ ნახევრადტკბილი ქინძმარაული დავაგემოვნეთ დამარნის წარმომადგენელს გივი ჩიქოვანს გავესაუბრეთ. „შატო ნეკრესმა“ ღვინის ფესტივალში მონაწილეობა უკვე მესამეს მიიღო და როგორც მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, საიმედო პარტნიორებიც შეიძინა.

"მესამე წელია, ქართული ღვინის ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას. ევროპელებს ძირითადად, ჩვენი მშრალი ღვინო მოსწონთ, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს კი ნახევრადტკბილი. ჩვენი ქისი ევროპელებში ძალიან პოპულარულია“, - აღნიშნა „შატო ნეკრესის" წარმომადგენელმა.

ქართული ღვინის ფესტივალი 2019 „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალ Allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით უკვე მესამედ გაიმართა. წელს ფესტივალის გენერალური სპონსორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის