ავტორი:

შარდენზე "ქართული ღვინის ფესტივალი" მიმდინარეობს

შარდენზე "ქართული ღვინის ფესტივალი" მიმდინარეობს

მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, დღეს 12:00-დან 19:00 საათამდე შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ იმართება.

ფესტივალში, რომელიც „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალი allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას იღებენ როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე მარნები და სტარტაპები.

დღეს თბილისში მზიანი და თბილი ამინდია, ასე რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ღვინის ფესტივალზე მზიანი შაბათის გატარება, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

ფესტივალის ფარგლებში ეწყობა ქართული ღვინის, ყველის, ჩირის, ასევე ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. მრავალფეროვანი პროგრამის დახმარებით, ყველანაირი გემოვნების ადამიანი შეძლებს გართობას.

ღონისძიების სამზადისი საკმაოდ მასშტაბური იყო. მონაწილეები ყოველდღიურად მუშაობდნენ და ქმნიდნენ ახალ პროგრამებს, პერფომანსებს, გმირებს, რომლებსაც "ქართული ღვინის ფესტივალზე“ წარადგენენ.

ფესტივალი 12:00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გახსნა და ამის შემდეგ სცენა ანსამბლმა „შვიდკაცამ“ დაიკავა.

სასცენო პროგრამა სამ ეტაპად დაიყოფა: დღის პირველ ნახევარში ფოლკლორული და ქალაქური სიმღერები შესრულდება, ისეთი ჯგუფების მიერ, როგორიცაა: "თორდა", "ადილეი", "მარუა", "რანინა", ცეკვის სხვადასხვა ანსამბლები. მესამე ნაწილში კი სცენას დაიკავებენ ბენდები: "რეზო და ბავშვები" და ელის ბენდი.

თუკი წიგნის მოყვარული ბრძანდებით, გამომცემლობა "პალიტრა L" გაძლევთ შანსს, რომ 13:00 საათზე ამერიკელი მწერლის ელის ფეირინგის წიგნის - "ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენას დაესწროთ ფესტივალის ფარგლებში.

თუ ღვინის ზეიმზე ოჯახთან ერთად მისვლას აპირებთ, ნამდვილად არ მოიწყენთ, რადგან იქნება გასართობი ღონისძიებები, თეატრალური და ცეცხლოვანი შოუ, ოჩოფეხების, მიმების, ცეკვის ანსამბლებისა და ფოლკლორული ჯგუფების, ასევე დრამების შოუს მონაწილებით.

გელოდებით შარდენზე, ქართული ღვინის დღესასწაულზე!

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის