ავტორი:

"შოუ ძალიან ძვირი დაჯდა... ბიზნესმენებმა, ბანკებმა დაფინანსებაზე უარი მითხრეს" - "მამულიჩა" ლელა წურწუმიას კონცერტის უცნობ დეტალებს ყვება

"შოუ ძალიან ძვირი დაჯდა... ბიზნესმენებმა, ბანკებმა დაფინანსებაზე უარი მითხრეს" - "მამულიჩა" ლელა წურწუმიას კონცერტის უცნობ დეტალებს ყვება

4 ოქტომბერს ლელა წურწუმიამ საიუბილეო სოლო-კონცერტი გამართა, რომელიც მისი 50 წლის იუბილეს მიეძღვნა... გადავსებული დარბაზი, აცეკვებული მაყურებელი - მომღერლის წარმატებული კონცერტი, რომლის მომზადებაშიც უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, შედგა.

"დიდ მადლობას გიხდით ჩემო ერთგულო მაყურებლებო, სიყვარულისთვის, სითბოსთვის და ესეთი გულწრფელი ემოციისთვის, ბევრი ვიშრომეთ ამ დღისთვის და თუ გამოგვივიდა, დიდი ბედნიერებაა!! სავსე ვარ და ცოტა დაღლილიც, ვეცადე ბოლომდე დავხარჯულიყავი რომ თქვენთვის სიამოვნება მომენიჭებინა, მიყვარხართ!

ჩემი შრომა თქვენით ფასდება, მადლიერი ვარ ყველა წამით, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე" - ასე გადაუხადა მადლობა ლელა წურწუმიამ მსმენელსა და მაყურებელს "ინსტაგრამის" პირად გვერდზე.

ეს ყველაფერი ლელასთან ერთად, მისმა პროდიუსერმა და მეუღლემ, კახი მამულაშვილმა, იგივე მამულიჩამ დაგეგმა.

დღეს კი გახარებული იმით, რომ იდეა, რომელიც ერთი წლის წინ გაუჩნდა, უკვე განხორციელებულია, მამულიჩა AMBEBI.GE-ს უყვება, როგორ მუშაობდა კონცერტის დაგეგმვაზე და რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად.

- ლელას პროგრამიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ფილარმონიის კონცერტზე ვეცადე, საცეკვაო ადგილი შემექმნა და სცენის წინ ადგილი ჩავწიეთ, მაგრამ ეს მაშინ ბოლომდე არ გამოვიდა... იყო ქარხნის ტერიტორიაზე კონცერტის გამართვის იდეაც, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი სპორტის სასახლეზე შევაჩერე, რადგან მანამდე ორჯერ გვქონდა ეს დარბაზი გავსებული.

რაც მთავარია, ჩემი მიზანი იყო, ხარისხიანი პროდუქტი შემექმნა... ვისაც ამ კონცერტში ვხედავდი, იყო თეა დარჩია და პირველად მასთან მივედი. იდეა იყო, შექმნილიყო სიმღერების ელექტრონული ვერსიები, ძველი სიმღერები საკლუბო ვერსიაზე გადაწყობილიყო. თეამ ამ ვერსიებზე სამუშაოდ შემახვედრა დუეტს "ჰოლი-მოლის" (ლაშა ყიფშიძე და თინათინ ჯანელიძე).

მოკლედ, აზიური ჟღერადობის სიმღერებზე - "ვაგიფზე" (რომელიც დიდი ხანი არ გაჟღერებულა) და "წადი, გაიარეზე" მინდოდა, ელექტრონული ვერსიები. ასევე ყველაზე მთავარ სიმღერაზე - "ღამის სიჩუმე გაფანტე". ამის გაჟღერებამ კონცერტის მსმენელი განსაკუთრებით გაახალისა...

- მოსამზადებელი პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდა?

- 5 თვე ვიმუშავეთ. პროექტი ჩემი მეგობრების დახმარებით, მხარდაჭერით და შეძახილებით დავიწყე. განსაკუთრებით ჩემი ბავშვობის მეგობარმა, დიტო აბდუშელიშვილმა მომცა სტიმული, სერიოზული ბიძგი და მირჩია, უკან არ დამეხია - მაგარი შოუ უნდა დადგა და ფინანსურად გვერდით დაგიდგები, თუ რაიმე პრობლემა შეგექმნებაო. გვერდში დამიდგნენ შოთა არველაძე და ნიკოლოზ ჭკადუა...

შოუ ძალიან ძვირი ჯდებოდა, ამიტომ პროექტი წარვუდგინე ბიზნესმენებს და ბანკებს, მაგრამ უარი მითხრეს... საქართველოში ქართველ მომღერლებს ნაკლებად სწყალობენ, უფრო უცხოელებს აფინანსებენ.

- ნაწყენი ხართ მათზე?

- არავისზე არ ვარ ნაწყენი. ეს მათი საქმეა... პროექტში ჩაერთო "კურორტი საირმე", სერიოზული საინფორმაციო მხარდაჭერა გვქონდა - ტელევიზიები, რადიოები, მთელი მედია გვერდით დაგვიდგა, დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, მონაწილეებთან და პროექტში ჩართულებთან ერთად...

მანამდე ორი თვე, შეიძლება ითქვას, რეპეტიციები გვქონდა - რეგიონში დავგეგმე კონცერტები და გასტროლებზე დავდიოდით, რადგან ძალიან მინდოდა, სპორტის სასახლემდე ღირსეულად მივსულიყავით... ასევე, შესანიშნავად იმუშავა ჩემმა მარკეტინგის ჯგუფმა ინტერნეტის მიმართულებით, მათ ჰქონდათ ლელას ოფიციალური გვერდი ჩაბარებული...

- მოკლედ, 4 ოქტომბრის კონცერტს სერიოზული პრომოუშენი გაუკეთეთ...

- კი, ასე იყო. მადლობა სპორტის სასახლეს იმისთვის, რომ იქ სამი დღით შეგვიშვეს და გვერდით დაგვიდგა, დაგვეხმარა მერია. ვანო ჭელიძე იყო სცენოგრაფიის ავტორი... მოკლედ, ბევრი ვიწვალეთ და ვიშრომეთ...

ამ ყველაფერს უზარმაზარი ნერვიულობაც ახლდა - ვფიქრობდი იმაზე, ადამიანები რამდენად მოვიდოდნენ კონცერტზე, რამდენად ბევრი ვიქნებოდით... ამიტომ, უდიდესი მადლობა ყველას!

- როგორია ლელა წურწუმია მუშაობისას?

- ამაზე დავწერე კიდეც, პრინციპში, კომპლიმენტი გამომივიდა, რომ ლელასთან ვთანამშრომლობ, როგორც არტისტთან და ეს უმაგრესი რამ არის-მეთქი! ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ, როგორც მეუღლესთან არაო? კი, მასთან როგორც არტისტთან თანამშრომლობა სასიამოვნოა, კარგად იცის, რა უნდა და როგორ. ძალიან ბევრს მუშაობს. იმ დროს, როცა რაღაცისთვის ემზადება, არ არსებობს მისთვის სხვა რამ, მთელი კონცენტრაცია საქმეზე აქვს. მთავარია, რომ მენდობა შემოქმედებაში და წინააღმდეგობაში არ ვართ ხოლმე...

ხმის რეჟისორები უცხოეთიდან ჩამოვიყვანეთ, ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეები "Mess studio"-დან იყვნენ. ხომ გეუბნებით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველაფერი, რომ მაღალი ხარისხი გვქონოდა. იყო, პერფომანსები, გავაჟღერეთ შესანიშნავი დუეტები, "დუეტი ჯორჯია", დუეტი ნოდიკო ტატიშვილთან, არ გამოგვრჩენია არც ერთი ჰიტი...

- როგორც ითქვა, დარბაზში 8 000 მაყურებელი იყო...

- დღესდღეობით გაავსო სპორტის სასახლე, სერიოზული გამარჯვებაა! მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის წინ ლელას სპორტის სასახლის პირველ კონცერტზე უფრო მეტი მაყურებელი იყო, მაშინ სხვა დრო იყო, იყო მხოლოდ ქართული შოუბიზნესის კონცერტები და მეტი არაფერი. ინტერნეტი ასე მასობრივად ხელმისაწვდომი არ იყო, სოციალური ქსელებიც არ არსებობდა და გართობის ერთადერთ საშუალებად კონცერტი რჩებოდა.

დღევანდელ დღეს ადამიანებს დიდი არჩევანი აქვთ და ამ დროს სპორტის სასახლის გავსება, ვფიქრობ, მართლა გმირობის ტოლფასია და ლელამ ეს შეძლო!

- დარბაზში უამრავი ახალგაზრდა იყო, ადამიანები, რომლებმაც ლელა წურწუმიას შემოქმედება ზეპირად იციან, არადა, ასაკით საკმაოდ პატარები არიან... როგორ ახერხებს ლელა იყოს ამ ადამიანებისთვისაც თანამედროვე?

- ლელამ თქვა: ეს ადამიანები დაბადებულებიც არ იყვნენ, ჩემი სიმღერები ჰიტები რომ იყო, თუმცა დღეს ისინი ჩემს მუსიკას უსმენენ და სიმღერებიც იციანო... კი, ყველა იქ მყოფ ადამიანს ჰქონდა ლელასთან დაკავშირებით თავისი ისტორია, ამბავი და ვფიქრობ, ამისთვის ცხოვრება ღირს... ყველაფერი კი თავად ლელამ შექმნა. ეს იმის დასტურია, რომ მთელი ეს წლები ზუსტი მიმართულებით მივდიოდით, რამდენი შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული, ადამიანებთან ურთიერთობა, პროფესიონალიზმი...

- ეს ორივეს დამსახურებაა...

- მე ამ საქმეში პატარა წვლილი მიმიძღვის, მთავარი ლელაა...

- კონცერტის მთავარი სლოგანი იყო #ლელაწურწუმია50...

- ჩემი იდეა იყო და უფრო იმიტომ, რომ ლელას ასაკის დამალვა არასდროს უცდია. ამით კი, ყველას გაუგზავნა გარკვეული მესიჯი, რომ 50 წელი არაფერია! უნდა იმუშავო, იშრომო... რომ ყველაფერი ისევ წინ არის!

ორი საათი ცოცხლად სიმღერა, პირადად მე წარმოუდგენლად მიმაჩნია და საერთოდ ვთვლი, რომ ეს ყველაზე მაგარი კონცერტი იყო, რაც კი ლელას საერთოდ ჰქონია...

- რას ისურვებდით სამომავლოდ?

- მორიგი კონცერტის იდეა უკვე მაქვს. ოღონდ, ვცდილობთ, კონცერტები ერთმანეთს არ დაემსგავსოს. ხალხმა ნამდვილად მოგვცა იმის სტიმული, რომ კიდევ უფრო მაგარ პროექტს შევეჭიდოთ და გპირდებით, ამასაც აუცილებლად დავდებთ!