უკვე სახელგანთქმული რობოტი ვანოს შემდეგ, საერთაშორისო კონკურსზე „First Global“-ზე გასამგზავრებლად რობოტი მზია ემზადება. შარშან საქართველოს ნაკრებმა და რობოტმა ვანომ 186 ქვეყანას შორის მესამე ადგილი დაიკავეს. წელს კი - "ვანოს" შედეგის გაუმჯობესებას "მზია" შეეცდება.
წლევანდელი კონკურსი დუბაიში, ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება და მისი თემა ოკეანის დაბინძურებაა. მონაწილეებს ევალებათ, შექმნან რობოტები, რომლებსაც ნარჩენების შესრუტვა და გადამამუშავებელ პუნქტში წაღება შეეძლებათ. თამაშში ოკეანის ნაცვლად, მწვანე მოედანია მოწყობილი, სადაც ნარჩენების იმიტაციას ბურთები წარმოადგენს.
საქართველოს გუნდი რობოტზე ოთხი თვეა მუშაობს. ის „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიის“ 16-17 წლის მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული. გუნდის ყველა წევრი რობოტიკით და ინჟინერიით არის დაინტერესებული, მათი ნაწილი კი გასულ წელს რობოტ ვანოს შექმნაშიც მონაწილეობდა.
შალვა ბეგიაშვილმა, იოანე კაპანაძემ, სოფიო ჩიხლაძემ, მაშიკო ლორთქიფანიძემ, ნიკოლოზ კილაძემ და თეკლე ხმიადაშვილმა წელს სრულიად სხვა შესაძლებლობების მქონე რობოტი, ასობით მცირე დეტალისგან ააწყეს. ახალგაზრდა გამომგონებლები დამიანე კაპანაძე და ირაკლი ბაკურაძეც აქტიურად ეხმარებიან გუნდს და ჩართული არიან რობოტის აწყობაში.
"დავალების გამოცხადების შემდეგ, ჩვენი რობოტისთვის გამორჩეული სტრატეგია შევიმუშავეთ, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კონკურსზე რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ", - განგვიმარტავს შალვა ბეგიაშვილი.
"კონკურსის ფარგლებში, ფარული კენჭისყრით 3-3 ქვეყნისგან შემდგარი ალიანსი ჩამოყალიბდება. გუნდები ფინალის ჩათვლით ალიანსებში თამაშობენ, რომლის შემადგენელი ქვეყნები ცვალებადია" - განმარტავს იოანე კაპანაძე.
ქართველი კონკურსანტები ამბობენ, რომ გამარჯვება დამოკიდებულია იმაზეც, ვისთან ერთად ხარ ალიანსში და რამდენად ძლიერი რობოტი შექმნეს მათ.
გასულ წელს, საქართველოს გუნდმა 186 ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა და შინ ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. წლევანდელი მონაწილეებისთვის ამ შედეგის გაუმჯობესება უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ღელავენ, თუმცა როგორც შალვა ამბობს, „ფინალში რომ გავალთ, აღარ წავაგებთ!"
გუნდის წევრები კონკურენტი ქვეყნის რობოტებსაც ადევნებენ თვალს. საქართველო First Global-ში მესამე წელია მონაწილეობს, ამიტომ სხვისი ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდის წევრებმა გაკვეთილი უკვე მიიღეს:
"კონკურენტების ვიდეოებს რომ ვნახულობთ-ხოლმე, რაღაცები გვაშინებს, მაგრამ ვიცით, რომ მთავარი ის არ არის, თუ როგორ გამოიყურება რობოტი, მთავარია სწორი სტრატეგია და გუნდურობა", - აღნიშნა მაშიკომ.
გუნდის მენტორები მათივე სკოლის მასწავლებლები - ილია მესტვირიშვილი და არჩილ მაყაშვილი არიან. ისინი გუნდს იდეების გენერირებაში ეხმარებიან.
ნიკა კილაძის თქმით, "მზიაზე" მუშაობა მათთვის დიდი გამოცდილებაა, რომელიც მხოლოდ ტექნიკურ მხარეს არ მოიცავს. გასული ოთხი თვის განმავლობაში, გუნდის წევრებმა ერთმანეთში ხშირად იკამათეს, რამდენჯერმე რობოტიც კი დაშალეს, საბოლოოდ კი კონსენსუსსაც მიაღწიეს. ამბობენ, რომ ეს სამუშაო პროცესია, რაც განვითარებაში ეხმარებათ.
"საკმაოდ ბევრს ვკამათობთ, მაგრამ ეს ჯანსაღი კამათია და პირიქით, გვიბიძგებს, რომ ჩვენი რობოტი გავაუმჯობესოთ და უკეთ ვიმუშაოთ. მგონი, მენტორიც ჩვენით ამაყობს, რომ ამდენი რამ მოვიფიქრეთ“, - აღნიშნავს ნიკა კილაძე.
რობოტზე მუშაობის პროცესი ბავშვებისთვის სახალისოც იყო. თუ First Global-ის ვებგვერდზე საქართველოს გუნდის შესახებ ინფორმაციას მოიძიებთ, კონკურსანტების ბიოგრაფიამდე სიმღერის ტექსტს წააწყდებით სახელად - Can we kick it? ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, ინჟინერიის მოყვარული პატარა გამომგონებლები დარწმუნებულები არიან, რომ მათ ეს შეუძლიათ.
სიმღერის ტექსტი მაშიკო ლორთქიფანიძეს ეკუთვნის, რომელიც თხოვნის შესაბამისად, მენტორის მეილზე გაგზავნა. მას კი მოეწონა და პირდაპირ First Global-ის ადმინისტრაციას აჩვენა.
"მატარებლით ვმგზავრობდი, როცა გადავწყვიტე, რომ ჩვენი ჯგუფის რეპი უნდა დაგვეწერა, ოღონდ არა გამოსაქვეყნებლად, არამედ გასართობად. მენტორმა ილიამ წაიკითხა და მთხოვა გამეგზავნა, შემდეგ კი First Global-ის გვერდზე ვნახეთ გამოქვეყნებული. მგონი მათაც მოეწონათ.
სიმღერის ტექსტის თითო სტროფი გუნდის თითოეულ წევრს ეხება. საბოლოოდ კი ჩვენი გუნდის მესიჯი არის „მოვდივართ და დაგვხვდით!“ თუ გვთხოვეს, შეიძლება, შევასრულოთ კიდეც“, - აღნიშნავს მაშიკო.
გასულ წელს თუ რობოტი ვანო ჩურჩხელების ამოვლებითა და ცეკვით იყო დაინტერესებული, ახალი რობოტი თანამედროვე ტენდენციებს უწყობს ფეხს და ვარჯიშით არის დაკავებული. უფრო კონკრეტულად კი, სიმაღლეზე დაკიდება და აზიდვების გაკეთება შეუძლია. ის ასევე შესანიშნავი კალათბურთელია.
მიუხედავად იმისა, რომ რობოტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და გუნდის წევრები First Global-ისთვის თითქმის მზად არიან, არის ერთი პრობლემა - დაფინანსება. გუნდის ხარჯების ნაწილი ამერიკულმა აკადემიამ და „თიბისი სტატუსმა“ დაფარა, თუმცა კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო თანხა სრულად ჯერ კიდევ არ შეუგროვებიათ, ამისთვის კი ორი კვირაღა დარჩათ. მიუხედავად იმისა, რომ First Global-ის ვებგვერდზე დონაციის გაკეთება შესაძლებელია, ფინანსების მოძიება მაინც გართულდა.
„გვერდით გვიდგას „თიბისი სტატუსი“ და გვინდა მადლობა გადავუხადოთ მას, რადგან გვაძლევს საშუალებას, ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს, გვეხმარება მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსში. მიუხედავად იმისა, რომ „თიბისი სტატუსი“ საკმაოდ დაგვეხმარა, წელს რეგისტრაციის გადასახადი გაცილებით მაღალია, ვიდრე შარშან - ათი ათასი დოლარია.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ველოდებით, იქნებ კიდევ ერთი სპონსორი გამოჩნდეს და საშუალება მოგვცეს, საერთაშორსო კონკურსზე ჩვენ მიერ შექმნილი რობოტით საქართველოც წარმოვაჩინოთ" - აღნიშნა სოფიო ჩიხლაძემ.
გუნდის წევრები დარწმუნებული არიან, რომ წარმატებით იბრძოლებენ საპრიზო ადგილისთვის და საკუთარ წვლილსაც შეიტანენ ოკეანეების დაბინძურებასთან ბრძოლაში.
"გარემოს დაბინძურება გლობალური პრობლემაა, რომელიც ყველას, მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ საკითხის გადაჭრაში“ - ამბობს თეკლე ხმიადაშვილი.
საქართველოს რობოტიკის გუნდი კონკურსზე დუბაიში 23 ოქტომბერს გაემგზავრება.