ბავშვობაში ალბათ ყველას გვიხაროდა როდესაც ფრჩხილზე თეთრი ლაქები გაგვიჩნდებოდა, რადგან არსებობდა მითი, რომ აუცილებლად შევიძენდით რაიმეს ან გვაჩუქებდნენ.
რეალურად, ფრჩხილზე გაჩენილი ნებისმიერი ცვლილება, შეიძლება მთელ რიგ დაავადებებზე მიუთითებდეს და რა თქმა უნდა, აქ არაფერ შუაშია საჩუქრის მიღება... ფრჩხილის გარშემო არსებული პრობლემების შესახებ, ექიმი-პოდოლოგი ხათუნა ნოდია გვესაუბრება:
- ქალბატონო ხათუნა, ფრჩხილებზე არსებული რა ცვლილებების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
- ფრჩხილი (კანის დანამატი, ისევე როგორც თმა) და მასთან დაკავშირებული პრობლემები, მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია, როგორც ესთეტიკური კუთხით, ასევე როგორც სარკე, რომელზეც შესაძლოა აირეკლოს სხვადასხვა შინაგანი პრობლემა.
ფრჩხილი იცავს ხელისა და ფეხის თითების დისტალურ დაბოლოებებს. ფრჩხილის ფირფიტა თავის ვარდისფერ შეფერილობას იღებს სისხლძარღვოვანი ფრჩხილბუდიდან, რომელთანაც ფირფიტა მყარადაა მიმაგრებული. გამოხატულია ფრჩხილის ნახევარმთვარე ანუ ლუნულა.
ფრჩხილის ფირფიტის მეოთხედი (ფრჩხილის ფესვი) დაფარულია ფრჩხილის პროქსიმალური მორგვით (კანის ნაოჭით), საიდანაც იზრდება კუტიკულა.
იგი ფუნქციონირებს როგორც იზოლატორი, იცავს კანის ნაოჭს და ფირფიტას შორის არსებულ სივრცეს გარეშე ტენიანობისაგან და სხვა მავნე ფაქტორებისაგან. ფრჩხილის ფირფიტის ნებისმიერი ტიპის იერსახის შეცვლა, როგორიცაა ფერის ცვლილება (სიყვითლე, მოყავისფრო-მოშავო ელფერი), გასქელება, მტვრევადობა, ხაზებისა და ჩანაჭდევების გაჩენა, გარკვეული უბნის სრული განლევა (ლიზისი), ცალსახა სიგნალია იმისა, რომ გვჭირდება შესაბამის სპეციალისტთან (პოდოლოგთან ) ვიზიტი, რადგან ეს შესაძლოა იყოს რომელიმე შინაგანი პათოლოგიის გარეგანი გამოვლინება ან უშუალოდ ფრჩხილის სხვადასხვა გენეზის დაზიანება.
- კერძოდ რა ცვლილებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- მაგალითად, ფრჩხილების სიყვითლე, გასქელება, ფირფიტის მტვრევადობა შესაძლოა, მიუთითებდეს სოკოვან ინფექციაზე (ონიქომიკოზი), რომელიც პროგრესირებადი პროცესია და საჭიროა შესაბამისი მკურნალობა.
ასევე გავრცელებული პრობლემაა ფრჩხილის ფირფიტის მექანიკური დაზიანება, მისი კვებისა და ნორმალური ზრდა-განვითარების შეფერხება, რომელიც მიმდინარეობს მსგავსი სიმპტომატიკით როგორც ონიქომიკოზი და ხშირად ხდება მცდარი დიაგნოსტიკის საფუძველი. ასევე, ყურადსაღებია მავნე ჩვევები (თამბაქოს მოხმარება, არაადექვატური ჰიგიენა და ა.შ ).
ფრჩხილებზე გაჩენილი ხაზები და ჩანაჭდევები შესაძლოა, მიუთითებდეს ისეთ დაავადებებზე როგორიცაა: ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი, ალერგო თუ სხვა ტიპის დერმატოზები, ასევე ხშირია ალოპეციის გარკვეული ტიპების დროს.
ფრჩხილქვეშ გაჩენილი პიგმენტაცია (შავი წერტილები, ვრცელი სხვადასხვა ელფერის ლაქები) ხშირად მიუთითებს ფრჩხილქვეშა წარმონაქმნებზე (მეჭეჭი, ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი ) და ასევე შესაძლოა საქმე გვქონდეს სხვა ავთვისებიან წარმონაქმთანაც. ასევე დოლის ჩხირისებრი, მრგვალი და ამობურცული, პრიალა ზედაპირის მქონე ფრჩხილები მიუთითებს გასტროინტესტინალური ტრაქტისა და ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიაზე.
- რას ნიშნავს ფრჩხილზე გაჩენილი თეთრი ლაქები?
- ფრჩხილებზე თეთრი ლაქების ყველაზე ხშირი მიზეზი არის მექანიკური მიკროტრავმები, რომელიც შესაძლოა სულაც არ გვახსოვს და იმ მომენტში არ აღვიქვით სერიოზულ პრობლემად და დროსთან ერთად ეს პრობლემა შესაძლოა, პროგრესირდეს და მივიღოთ ფრჩხილის ფირფიტის უფრო ვრცელი დაზიანება.
ასევე ხშირია მსგავსი ტიპის დაზიანება სხვადასხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტთან, განსაკუთრებით ანემიით დაავადებულ პაციენტებში. ფრჩხილის სიყვითლე ყველაზე ხშირად არის ონიქოდისტროფიის (ფრჩხილის ფირფიტის დაზიანება ) ან ონიქომიკოზის (ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია) დროს, ან ყვითელი ფრჩხილის სინდრომის, როგორც ცალკე, დამოუკიდებელი პათოლოგიის დროს.
პაციენტისთვის ამის გამიჯვნა რთულია, დიფერენციაცია და კონკრეტულ დაავადებაზე საუბარი ერთმნიშვნელოვნად ექიმი პოდოლოგის კომპეტენციაა.
- ფრჩხილებზე ე.წ. ლუნულას არარსებობა არის თუ არა პრობლემა?
- ლუნულა ფრჩხილის მეტად დელიკატური უბანია და ღრმა ჰისტოლოგიური შენებით ხასიათდება. მისი ტრავმა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია დეფორმული ფრჩხილის ზრდისა, როგორც მატრიქსის (ფრჩხილის საზრდელი ზონის ) მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი არ არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს თავად ტრავმაზე ან თანდაყოლილ ანატომიურ დეფექტზე.
- როდესაც ფრჩხილები შრეებად იყოფა, რომელი ვიტამინების დეფიციტზე უნდა მივიტანოთ ეჭვი
- არასწორია კონკრეტული ერთი ვიტამინის ან მიკროელემენტის დეფიციტზე საუბარი, უმეტესად საქმე გვაქვს ერთდროულად რამდენიმე მიკროელემენტის და ვიტამინის დეფიციტთან (როგორიცაა კალციუმი, რკინა, თუთია, სელენი და ა. შ ), რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს როგორც არაბალანსირებულ კვებასთან, ხანგრძლივ დიეტებთან, ასევე კუჭ-ნაწლავის და მასთან ასოცირებული შეწოვისა და ათვისების პრობლემებთან.
ცალკე აღნიშვნის საგანია რკინადეფიციტური და B12 დეფიციტური ანემიები.
- რა იწვევს ფრჩხილის სოკოს?
- ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკის ჯგუფს წარმოადგენს იმუნოდეკომპრომენტირებული პაციენტები და პაციენტები თანმხლები პათოლოგიებით, როგორიცაა: კანის სოკოვანი ინფექციები, ფსორიაზი, დიაბეტი, პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადებები, შიდსი.
გარემო ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ონიქომიკოზის განვითარებას: ფრჩხილის ტრავმა, გადახურება, ნესტიანი გარემო. მჭიდრო ფეხსაცმელი, არასათანადო ჰიგიენა, რაც მეორადად იწვევს სოკოვანი სპორის გააქტიურებას.
- შავი წერტილების არსებობა ფრჩხილის შიგნით, არის თუ არა საგანგაშო სიგნალი ადამიანისთვის?
- შავი წერტილების არსებობა ფრჩხილის შიგნით ნამდვილად არის საგანგაშო ნიშანი და მიზეზი, რომ დაგეგმო ვიზიტი სპეციალისტთან, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს ფრჩხილქვეშა წარმონაქმნის არსებობაზე (მაგ: მეჭეჭი), მათ შორის ისეთი საშიში, ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობაზე, როგორიცაა მელანომა, თუმცა დიფერენცირება მხოლოდ ექიმის მიერ შეიძლება მოხდეს და პაციენტისთვის ეს არ უნდა გახდეს უსაფუძვლო შიშის და სტრესის საბაბი.
- რა სახის გამოკვლელები ტარდება ფრჩხილის პრობლემების დროს და როგორ ხდება მკურნალობა?
- დიაგნოსტიკა ხდება როგორც ვიზუალური დათვალიერებით, ასევე დერმატოსკოპიის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში კეთდება ანალიზი, კონკრეტული გამოწვევის დადგენის მიზნით. მკურნალობა მოიცავს როგორ აპარატურულ (პოდოლოგიურ) დამუშავებას, ასევე გარეგანი და შინაგანი სამკურნალო საშუალებებისა და გარეგანი შესაბამისი მოვლის საშუალებების გამოყენებას.