სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატ ელენე თევდორაძეს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. იგი წლების მანძილზე პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ და მისი ხმაურიანი გამოსვლები ალბათ ბევრს ახსოვს. 2008 წელს აქტიური პოლიტიკოსი ქალბატონი რატომღაც, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში" არ აღმოჩნდა. იმ წელს იგი ღირსების ორდენით დააჯილდოეს პარლამენტარიზმის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მას მერე ქალბატონმა ელენემ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ განაგრძო მუშაობა. სულ 19 წელი იმუშავა შეწყალების კომისიაში, აქედან 9 წელი კომისიის თავმჯდომარე იყო. 2013 წელს ტელევიზიით შეიტყო, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამსახურიდან რომ გაათავისუფლა და ასე აღმოჩნდა პენსიაში. ამბობს, რომ უსამსახუროდ დარჩენილს დეპრესია ჰქონდა, თუმცა ეს პრობლემები მალე გადალახა და დღეს ყველაზე საყვარელი საქმით, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ურთიერთობით ტკბება.
ელენე თევდორაძე ჟურნალ "გზას" ესაუბრა:
- ქალბატონო ელენე, პროფესიით პედაგოგი ხართ. როგორ აღმოჩნდით პოლიტიკაში?
- გერმანული ენის მასწავლებელი ვარ. სიმართლე გითხრათ, ბავშვები ძალიან მიყვარს, სხვა სამსახურში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა. მასწავლებლის პოზიციაზე ერთი წელი ვიმუშავე, რუსთავში დავიწყე მუშაობა მასწავლებლად, შემდეგ რუსთავის ქალაქკომში შემომთავაზეს სამსახური და იქ სკოლებს ვკურირებდი. დიდხანს ვერ გავძელი, ისევ სკოლაში დავბრუნდი უკვე დირექტორის მოადგილის რანგში. მერე განათლების სამინისტროში ვმუშაობდი და სულ მენატრებოდა სკოლა, ამიტომ ისევ დავბრუნდი სკოლაში დირექტორად. დღესაც არ წყდება ურთიერთობა ჩემს მოსწავლეებთან და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ზოგი უკვე წასულია საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქალაქში არიან, მაგრამ თუ ჩამოდიან თბილისში, აუცილებლად მოდიან სტუმრად ან ტელეფონით ვეკონტაქტები მათ. ზოგჯერ ქუჩაში მაჩერებენ, სიყვარულით მესალმებიან და მელაპარაკებიან, ამ დროს მე ვდგავარ და ვფიქრობ, ნეტავ ეს ჩემი მოსწავლეა თუ ყოფილი პატიმარი? მერე ისეთ კითხვებს ვსვამ, რომ მივხვდე, ვის ველაპარაკები.
1995-დან 2008 წლამდე ვიყავი პარლამენტში, სულ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ზურაბ ჟვანია დამცინოდა, - არ ვიცი, სად ატარებ მეტ დროს, ციხეებსა თუ პარლამენტშიო.
- ყოფილ პატიმრებთანაც გაქვთ ურთიერთობა?
- ძალიან ხშირად მაჩერებენ. ერთხელ ქუჩაში ველოდებოდი სამარშრუტო ავტობუსს, შვილთაშვილებთან ვაპირებდი წასვლას და მესმის, - "ქალბატონო ელენე, ქალბატონო ელენე, გამარჯობა". გავიხედე, არავინ ჩანს, არადა, აშკარად მე მეძახის ვიღაც. ისმის ისევ, - "ქალბატონო ელენე, ნაგვის მანქანაზე ვდგავარ" და გაღიმებული ხელებს მიქნევს, მეც ღიმილით მივესალმე და წავიდა. ყველა მიცნობს, როგორც პატიმრების უფლებების დამცველს, მაგრამ როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ბევრი სხვა საკითხის მოგვარებაში ვეხმარებოდი ადამიანებს, მათ შორის იმათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო შევარდნაძის დროს. ოპერაციის ფული არ ჰქონდა ხალხს, უკიდურეს გაჭირვებაში იყვნენ, ჯანდაცვა რა მდგომარეობაში იყო, ყველამ იცის. მე არ მქონდა ფინანსური რესურსი მათ დასახმარებლად, მაგრამ ვიცოდი, ვისაც ჰქონდა ამის საშუალება და იმ ხალხს ვთხოვე დახმარებოდნენ ოპერაციის გაკეთებაში. სხვათა შორის, არც ერთი ბიზნესმენისგან უარი არ მიმიღია. იყვნენ ისეთები, რომლებმაც სწავლა დაიწყეს და ფულის გადახდა უჭირდათ, აქაც ვცდილობდი მათ დახმარებას. ერთი ფაქტი არ დამავიწყდება: ეს ის პერიოდია, როცა ყველა მოქალაქემ იცოდა, რომელი ელსადგური როდის გაითიშებოდა, შუქები არ იყო ქალაქში. ღამის 2 საათზე მირეკავს ქალბატონი და მეუბნება, - ქალბატონო ელენე, უნდა მიშველოთ, ჩემი შვილი მშობიარობს, საავადმყოფოში კი შუქი არ აქვთო. რამდენიმე ადამიანი შევაწუხე და მოგვიანებით ისევ მადლობის სათქმელად დამირეკა: შუქიც მოვიდა, ბავშვიც დაიბადა და მას თქვენი სახელი, ელენე დავარქვითო. მერეც მიკავშირდებოდა ეს ადამიანი და დღესასწაულებს მილოცავდა.
- პედაგოგობიდან პარლამენტში როგორ აღმოჩნდით?
- მართლა ვერ წარმომედგინა სკოლის გარეშე. იცით, რა პერიოდი იყო? მხედრიონის და სხვადასხვა დაჯგუფების თარეში. ძალიან მეშინოდა მოსწავლეებს ქუჩაში რამე არ მოსვლოდათ, სულ შიშში ვიყავი. ტელევიზიით მოვისმინე ფილარმონიის დიდ დარბაზში თბილისელები იკრიბებიანო. მეგონა ჩვეულებრივი თბილისელების შეკრება იყო და მეც წავედი. აღმოვაჩინე, რომ ორგანიზაცია "თბილისელების" შეკრება იყო, მაგრამ მთელი მთავრობა ესწრებოდა. ილაპარაკეს გამომსვლელებმა იმაზე, თუ რა მძიმე დროა, მაგრამ არავინ უთხრა ხელისუფლებას, ეს თქვენი ბრალიაო. არადა, რამდენიმე დღით ადრე დაპირისპირება მოხდა იგორ გიორგაძესა და გია ყარყარაშვილს შორის. ეს ჩემთვის საოცრად გაუგებარი იყო, ერთ მთავრობაში იყვნენ და სამხედრო შეტაკებები ხდებოდა თბილისში. ამაზე სიტყვაც არავის უთქვამს. ვეღარ მოვითმინე და სცენაზე დაუპატიჟებლად ავედი. მივმართე ედუარდ შევარდნაძეს, - თუ ქვეყნის მართვა არ შეგიძლიათ, თქვენი მთავრობა უნდა წავიდეს; ორი მინისტრი თუ ვერ იყოფს რაღაცას, მაშინ ორივე უნდა გადააყენოთ-მეთქი. ტრიბუნიდან ჩამოვედი. ცოტა ხანში მინისტრი გია ყარყარაშვილი გამოვიდა სიტყვით და თქვა, - არ ვიცი, ვინ არის ეს ქალბატონი, მაგრამ ის მართალია, მე მივდივარ თანამდებობიდანო - ასე საჯაროდ გადადგა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ "მწვანეები". მითხრეს, რომ ზურაბ ჟვანია მიბარებდა. შევხვდი მას და შემომთავაზა ჩავრთულიყავი მათ მუშაობაში. ამ დროს "მოქკავშირი" ყალიბდებოდა. ეტყობა იმ გამოსვლაში მან ჩემი უნარები დაინახა. ჩავერთე, მაგრამ სკოლიდან არც ვაპირებდი წასვლას. ცოტა ხანში ისევ ზურაბ ჟვანიამ მთხოვა, ციხეებში შევსულიყავი და იქ არსებული სიტუაცია მენახა. უცხოელები რომ ჩამოდიან, ყველაზე დიდი პრეტენზია ციხეებში არსებულ ვითარებაზე აქვთო. ცხონებული გივი ყვარელაშვილი სამმართველოს უფროსი იყო, ეტყობა დაურეკა და შემიშვეს მეხუთე იზოლატორში.
- რა სიტუაცია დაგხვდათ იქ?
- პირველად შევედი ციხეში და ჩემთვის იქ ნანახი, ყველაფერი საშინელება იყო. დაჭერები მიდიოდა, მხედრიონელები, გვარდიელები, სხვადასხვა ფორმირების წარმომადგენლები იხდიდნენ სასჯელს. ერთ საკანში შევედი, დავკეტე კარი და ყველა პატიმარს ველაპარაკე მათ პრობლემებზე. იქიდან რომ გამოვედი, გივი ყვარელაშვილმა მითხრა, როცა საკანში მეორედ შეხვალთ, კარი არ დაკეტოთ, ახლა თქვენ მათ მძევლად რომ აეყვანეთ, რა უნდა გვექნაო? არადა, არ შემშინებია. იქიდან რომ გამოვედი, საპირისპირო საკნის გაღება ვითხოვე. გამიღეს. სრულიად განსხვავებულ საკანში აღმოვჩნდი, სადაც 4 კაცი იყო, კარგად მოწყობილი ყველაფერი, იატაკზე ხალიჩებიც ეფინათ, მაგიდა ედგათ, ჩაიდანი, ყველა ნივთი ჰქონდათ, საოცრად კარგ პირობებში იყვნენ. ამ დროს იმ წინა საკანში იმდენი ადამიანი იყო, დასაწოლადაც კი მორიგეობით წვებოდნენ. აქ ისეთი პირობებია, ყველა დარჩებოდა-მეთქი. გივის გაიღიმა, არაფერი უთქვამს. მამაკაცებმა მკითხეს, ვინ ხართო? - ელენე თევდორაძე ვარ, მინდა ადამიანის უფლებები დაცული იყოს-მეთქი. არაფერი უთქვამთ, მერე როცა გავეცანი ციხის მდგომარეობას, მივხვდი, ის ე.წ. ქურდების საკანი იყო და ქურდული სამყაროს მამები იყვნენ ასეთ კარგ პირობებში. უკვე პარლამენტარი ძალიან ხშირად ვიყავი ციხეში და ყველაფერში გავერკვიე. რუსთავის ზონაში ჩავედი ერთხელ, ვხვდებოდი პატიმრებს, მერე ცალ-ცალკე მოსმენას ითხოვდნენ და კაბინეტში ვუსმენდი მათ. ერთი ტიპი მომიყვანეს და მეკითხება, - ქურდობა პროფესიაა? - არა, როგორ გეკადრებათ, თუ იქურდე, სასჯელს მოიხდი და მერე აქედან რომ გახვალ, ნორმალური კაცი უნდა იყო-მეთქი. მან ღიმილით მითხრა, ჩემი პროფესია ქურდობააო. თურმე ქურდული სამყაროს წევრი იყო...წაიკითხეთ სრულად