ავტორი:

"თქვენ გჯერათ, რომ ვინმემ პროექტში ჩადო მდიდრების და ღარიბების შესასვლელი?" - რას ამბობს კინოთეატრ "აპოლოს" არქიტექტორი ფრაზაზე, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

"თქვენ გჯერათ, რომ ვინმემ პროექტში ჩადო მდიდრების და ღარიბების შესასვლელი?" - რას ამბობს კინოთეატრ "აპოლოს" არქიტექტორი ფრაზაზე, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა

რამდენიმე დღეა "ფეისბუქში" აქტიური განხილვის საგანია კინოთეატრ "აპოლოს" რეაბილიტაციის საკითხი და პროექტის არქიტექტორის, ნიკა ლეკვეიშვილის ფრაზა, რომელიც მან გადაცემაში "რეალური სივრცე" თქვა.

"ჩემი ამოცანა, როგორც არქიტექტორის, არის ის, რომ ეს იყოს სოციალური იდეის მატარებელიც და თან, იყოს მომგებიანი დამკვეთისთვის.

იცით ალბათ, "ლა სკალას" პრინციპი: "ლა სკალა" იყო პირველი ოპერა, რომელიც აშენდა ისე, რომ აქვს ორი შესასვლელი - ერთი დაბალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის და მეორე - მაღალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის. ანუ პარტერის და იარუსის საზოგადოება ერთმანეთს არასოდეს ხვდება.

ნელ-ნელა მივედით რომ, ამ პროექტში, ზედა იარუსი არის მთლიანად სკამები, არის დაბალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის, რომელსაც უნდა ყოველდღე პერფორმანსის ნახვა, ვთქვათ, აქ შეიძლება იყოს 10-20-ლარიანი ბილეთები..." - ლეკვეიშვილის ამ კომენტარს კრიტიკა გადაცემაშივე მოჰყვა, "რეალური სივრცის" წამყვანისა და სხვა სტუმრების მხრიდან, შემდეგ კი ამან სოციალურ ქსელში გადაინაცვლა.

ინტერნეტმომხმარებლები აკრიტიკებდნენ პროექტის იდეას, რომელიც კინოთეატრის სტუმრების "მდიდრებად" და "ღარიბებად" დაყოფის მცდელობას ჰგავდა.

AMBEBI.GE ნიკა ლეკვეიშვილს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რეალურად რას გულისხმობს მისი ფრაზა "დაბალშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი საზოგადოების" შესახებ და ისიც გავარკვიეთ, როგორი იქნება ისტორიული კინოთეატრი რეაბილიტაციის შემდეგ.

"წარმოიდგინეთ თავი ასეთ სიტუაციაში: თქვენ თქვენი პირით ამბობთ იმას, რასაც არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც რეალურად ფიქრობთ.

ყოველთვის ვცდილობ, პრეზენტაციის დროს ძალიან გულწრფელი ვიყო. დავიწყე "ლა სკალას" ამბის მოყოლა, როგორ აშენდა მონარქიის პერიოდში, როგორ ჰქონდა ორი სხვადასხვა შესასვლელი, რომელიც საზოგადოების ორი ფენისთვის იყო განკუთვნილი და ისინი ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, თუმცა დღეს ეს ყველაფერი დასრულდა - შესასვლელები გააერთიანეს, შემოიტანეს სპეციალური პაკეტები, რომლით სარგებლობა ყველა სოციალურ ფენას შეუძლია.

როდესაც ვიყავი სტუდენტი, გარკვეულ დადგმებზე 10 ევროდაც ვხვდებოდი. გადაცემაში სწორედ ამას ვყვებოდი. მომყავდა მაგალითი, რომ ისინი ზრუნავენ პუბლიკისთვის ხელმისაწვდომი იყოს "ლა სკალაში" სხვადასხვა დადგმაზე სტუმრობა. დავიწყე ლა სკალას ამბის მოყოლა, გამაწყვეტინეს და მეუბნებიან, რომ საზოგადოების სეგრეგაცია შეურაცხყოფაა. მერე რომ გაგრძელდა საუბარი, აღარ დავბრუნებივარ ძველ თემას...“, - განმარტავს TIMM Architecture-ის არქიტექტორი.

ნიკა ლეკვეიშვილის თქმით, "აპოლოს" პროექტში ერთი შესასვლელია აღნიშნული.

"საბოლოო ჯამში, ეს განცხადება შოკისმომგვრელი გამოვიდა. პროექტში არის ერთი შესასვლელი, შენობას აქვს ბევრი საზოგადოებრივი ფუნქცია. "ლა სკალას" მაგალითზე მე ვთავაზობდი დამკვეთებს, რომ ეს პროექტი გაგვეკეთებინა ყველასთვის ხელმისაწვდომი.

თქვენ გჯერათ, რომ ვინმემ პროექტში შეიძლება ჩადოს შესასვლელი მდიდრებისთვის და ღარიბებისთვის? ასეთი შესასვლელები არ იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ინტერნეტში ჩემ მიმართ წამოსული აგრესიის ნახვა, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ, მიმაჩნია, რომ ძალიან ჯანსაღია ხალხის რეაქცია. მე მჯერა, რომ „აპოლოს“ უნდა ჰყავდეს თავისი მაყურებელი და ამის მოყოლა მინდოდა" - აღნიშნა მან.

რაც შეეხება შენობის რეაბილიტაციის საკითხს, მასზე არქიტექტორი ნიკა ლეკვეიშვილი და მილანელი არქიტექტორები კომპანია Coincidence Group-ის დაკვეთით იმუშავებენ.

რესტავრაციისთვის 3-4 წელია განსაზღვრული, თუმცა როგორც არქიტექტორი განმარტავს, სივრცეები რეაბილიტაციის პროცესში ეტაპობრივად გაიხსნება. მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა ბოლომდე დასრულებული არ არის, ამიტომ არც მისი ბიუჯეტია დაზუსტებული.

"ჩვენი მიზანია, რომ სივრცეები გავაკეთოთ ცალ-ცალკე, ჯერ ერთი სივრცე გავხსნათ, მაგალითად, ლობი, შემდეგ გადავტიხროთ და რესტავრაცია მეორე სივრცეზე გადავიდეს. თან ამით პროცესი ღია იქნება. დამკვეთებთან 3 ან 4 წელი გვაქვს განსაზღვრული. რეალურად, დამკვეთი მხარე კარგად გამოგვყვა“, - აღნიშნა არქიტექტორმა.

რეაბილიტირებულ "აპოლოში" იქნება შესასვლელი ლობი, საგამოფენო სივრცეები, დარბაზის მექანიკური სცენა. არქიტექტორის თქმით, ეს სცენა საშუალებას იძლევა, სივრცე სხვადასხვა ღონისძიებისთვის გამოიყენონ.

"შენობაში ჩვენ გამოვაჩინეთ ძველი ეკრანი, რომელიც იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა "აპოლო" აშენდა. საბჭოთა პერიოდში მას წინ დიდი ეკრანი გაუკეთეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პირველადი ეკრანის რესტავრაცია გავაკეთოთ. ეს ეკრანი არის კვადრატული ფორმის, ამიტომ დამკვეთ მხარეს შევთავაზეთ, რომ აქ ძველი, შავ-თეთრი ფილმების რეტროსპექტივა გავიდეს" - განმარტავს ის.

ნიკა ლეკვეიშვილის თქმით, კინოთეატრის ინტერიერთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის.

ფოტოები "აპოლოს" საპროექტო დოკუმენტაციიდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ