როდესაც ლოს-ანჯელესელმა პოლიციელმა მეტროში გადაიღო ქალი, რომელიც პუჩინის არიას მღეროდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ვიდეო მსოფლიო მასშტაბით ვირუსულად გავრცელდებოდა.
ჩანაწერი „ტვიტერზე“ ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა გააზიარა და BBC-ს ინფორმაციით, მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 52 წლის მიუსაფარი ქალის, ემილი ზამურკას საოცარმა ხმამ ყველა მოხიბლა.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">4 million people call LA home. 4 million stories. 4 million voices...sometimes you just have to stop and listen to one, to hear something beautiful. <a href="https://t.co/VzlmA0c6jX">pic.twitter.com/VzlmA0c6jX</a></p>— LAPD HQ (@LAPDHQ) <a href="https://twitter.com/LAPDHQ/status/1177423181679755264?ref_src=twsrc%5Etfw">September 27, 2019</a></blockquote>
სოციალური ქსელის მომხმარებლები მადლობას უხდიან პოლიციელს, რომელმაც შესანიშნავი მომღერალი უყურადღებოდ არ დატოვა. რამდენიმე ონლაინმომხმარებელი ვიდეოს კომენტარებში წერს, რომ ის ქუჩაში ბევრჯერ შეუნიშნავთ - ზამურკა ჩიტებს აპურებს ხოლმე.
პოლიციის ინფორმაციით, ის უკვე სამი წელია, უსახლკაროდ ცხოვრობს.
ცხადია, გამორჩეული ვოკალური მონაცემების ქალით მედია მალევე დაინტერესდა. Los Angeles Times-თან ზამურკამ განაცხადა, რომ აშშ-ში საცხოვრებლად რუსეთიდან გადავიდა, მაშინ ის 24 წლის იყო, უკრავდა ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე.
ამერიკული გამოცემა TMZ კი წერს, რომ ქალს “გრემიზე“ ნომინირებულმა მუსიკალურმა პროდიუსერმა კონტრაქტი შესთავაზა. ზამურკას დასახმარებლად გაიხსნა ანგარიშები და უკვე ათასობით დოლარი შეგროვდა, ქალაქის ხელისუფლებამ კი ემილის კონცერტში მონაწილეობა შესთავაზა.
რაც შეეხება მის დაბინავებას, საქმე შედარებით რთულად არის - ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დროებით სასტუმროში განთავსება შესთავაზეს, თუმცა ემილი უარზეა, რადგან ჩიტებს პატრონობს და მათ წაყვანას სასტუმროში ვერ შეძლებს. მისი დახმარების მსურველები ამბობენ, რომ ქალი უკვე რამდენიმე წელია ქუჩაში ცხოვრობს და პირობების შეცვლა ასე სწრაფად სტრესული იქნება, თუმცა იმედოვნებენ, რომ შეთავაზებას საბოლოოდ მაინც დათანხმდება.