პლასტიკური ჭურჭელი რამდენადაც პრაქტიკულია საკვების, წყლისა თუ სხვა სასმელის მოსათავსებლად, იმდენად არასახარბიელოა ადამიანის ორგანიზმისა და ჯანმრთელობისთვის. თუმცა, არის ისეთი ნივთიერებებისგან დამზადებული კონტეინერებიც, რომლებიც არანაირ პრობლემას არ უქმნის ჯანმრთელობას.
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა იმ საფრთხეებზე გვესაუბრება, რაც შესაძლოა, პლასტმასის ჭურჭლის მოხმარებას მოჰყვეს:
"ბევრი პლასტიკური კონტეინერი შეიცავს ბისფენოლ A-ს ანუ BPA-ს, რაც ორგანიზმზე ტოქსიკურად მოქმედებს. ეს ქიმიური შენაერთი ბავშვების ორგანიზმზე განსაკუთრებით უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ახალშობილებსა და მცირეწლოვანებში კიბოს, გულსისხლძრღვთა და ტვინის დაავადებათა პროვოცირებას იწვევს. ამიტომაც, აშშ-მა ბავშვთა კვების ინდუსტრიაში პლასტმასის ბოთლების გამოყენება აკრძალა", - აღნიშნავს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.
დასახელებულ ქიმიკატს შეუძლია ორგანიზმში ხელი შეუშალოს ნორმალურ ჰორმონალურ ფუნქციას, რაც შესაძლოა, სხვადასხვა დაავადებით გამოვლინდეს - უფროსებში ბისფენოლი შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს, ხოლო მოზარდებში ენდოკრინული სისტემის განვითარებას უშლის ხელს, რაც ხშირ შემთხვევაში, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე აისახება.
ლაშა უჩავას თქმით, ექიმები, კიბოსა და დიაბეტის გარდა, ადამიანის ორგანიზმში ჭარბი ბისფენოლის რაოდენობას მძიმე წონის, სიმსუქნის განვითარების მიზეზადაც ასახელებენ.
ენდოკრინოლოგი გვესაუბრება ყველაზე ხშირად გამოყენებული პლასტიკის ტიპებზე, რომელთაგანაც ნაწილი პრობლემას უქმნის ჯანმრთელობას, ნაწილი კი, საფრთხეს არ წარმოადგენს. შესაბამისი მარკირება პლასტიკის ჭურჭლის ეტიკეტზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ.
დააკვირდით ამ წარწერებს და იცოდეთ, რა რისთვის შეიძლება გამოიყენოთ:
თუ ჭურჭელს ეს წარწერა აქვს, ეს პოლიეთილენ ტელეფტალატისგან შექმნილი ერთჯერადი ბოთლია. მას შეუძლია სითხეში გამოყოს მძიმე მეტალები და ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებს.
PET პლასტმასის ყველაზე ხშირად გამოყენებული ტიპია.
მნიშვნელოვანია, დავიმახსოვროთ, რომ ის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი!
თუ ამგვარ ბოთლში მეორადად ჩაასხამთ წყალს, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენს ორგანიზმში ზოგიერთი სახის ტუტე ელემენტები და დიდი რაოდენობით ბაქტერია მოხვდება, რომლებიც განსაკუთრებით ეტანებიან PET -ს.
HDP ან HDPE
ეს კარგი ხარისხის პლასტიკია, რომელიც პრაქტიკულად არანაირ საშიშ ნივთიერებას არ გამოყოფს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თუ შესაძლებელია, წყალი სწორედ ამ ტიპის პლასტიკით ვიყიდოთ. იგი უსაფრთხოა და ეკოლოგიისთვისაც მისაღები, რადგან თითქმის მთლიანად გადამუშავდება.
მაგარი ტიპის პლასტიკია, რომელიც უმეტესად გამოიყენება რძის, სათამაშოების, სარეცხი საშუალებების შესანახად და ზოგიერთი პლასტმასის პაკეტის საწარმოებლად.
PVC ან VВ
ამ მასალისგან დამზადებული ბოთლი გამოყოფს ორ საშიშ ქიმიკატს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე. რბილი, დრეკადი პლასტიკია, რომელიც გამოიყენება ზეთისა და საბავშვო სათამაშოების შესანახად. მისგან აკეთებენ ბლისტერის შესაფუთ მასალას, რომელიც სამომხმარებლო საქონლისთვის გამოიყენება. მასვე იყენებენ კომპიუტერის სადენების შესაფუთად და სანტექნიკაში სხვადასხვა დეტალის დასამზადებლად.
PVC შედარებით მედეგია მზის პირდაპირი სხივებისა და ამინდის მიმართ, ამიტომ მისგან ხშირად აკეთებენ ფანჯრის ჩარჩოებს და ეზოს „შლანგებს“. თუმცა, ექსპერტები გვირჩევენ, თუ გვაქვს ალტერნატიული ვარიანტი, თავი შევიკავოთ მისი ყიდვისგან.
LDPE
ეს პლასტიკი გამოიყენება ბოთლებისა და პლასტმასის პაკეტების წარმოებაში. იგი არ გამოყოფს ქიმიურ ნივთერებებს წყალში, რომელიც მისგან დამზადებულ ტარაში ინახება.
უსაფრთხოა მხოლოდ წყლის ტარად გამოყენების შემთხვევაში. სხვა პროდუქტები მისგან დამზადებულ პაკეტებში უმჯობესია არ შევიძინოთ, რადგან მასში მოთავსებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად შეიძლება გულისათვის საკმაოდ საშიში ქიმიური ნივთიერებებიც "მივირთვათ".
PP
ამ პლასტიკს აქვს თეთრი შეფერილობა ან ნახევრად გამჭირვალე ტონები. გამოიყენება სიროფებისა და იოგურტების შესაფუთად. პოლიპროპილენი საინტერესოა მისი თერმომედეგობის გამო: გაცხელებისას არ იშლება და შედარებით უსაფრთხოა.
PS
ხშირად გამოიყენება ყავის პლასტმასის ჭიქებისა და სწრაფი კვების კონტეინერების დასამზადებლად. თუმცა, გაცხელებისას გამოყოფს საშიშ ქიმიურ შენაერთებს.
პოლისტიროლი - ეს არის პლასტიკის შედარებით იაფი და საკმაოდ გამძლე სახეობა, რომელიც არ გამოიყენება ცხელი საკვებისა და სასმელის შესანახად.
PC ანუ პლასტმასი სპეციალური ნიშნის გარეშე
ეს პლასტმასის ყველაზე საშიში სახეობაა. გამოიყენება წყლის ბოთლებისა და საკვები პროდუქტების კონტეინერების საწარმოებლად.
პოლიკარბონატისგან წარმოებულ ტარაში საკვებისა და წყლის შენახვა კატეგორიულად იკრძალება!
იგი გამოყოფს ბისფენოლ А-ს, ნივთიერებას, რომელიც აზიანებს თქვენს ენდოკრინულ სისტემას, ხელს უშლის ჰორმონ ესტროგენის გამომუშავებას.
OTHER ან О (სხვა)
ამ ჯგუფში შედის ყველა ის პლასტმასი, რომლის შეყვანაც სხვა ჯგუფებში შეუძლებელია. საკვებისა და წყლის პოლიკარბონატისგან წარმოებულ ტარაში შენახვა კატეგორიულად არ შეიძლება: იგი გამოყოფს ბისფენოლ А-ს, ნივთიერებას, რომელიც აზიანებს ენდოკრინულ სისტემას, ხელს უშლის ჰორმონ ესტროგენის გამომუშავებას.