ავტორი:

"არასოდეს მქონია განცდა, რომ მარის დავკარგავდი" - როგორ შეიცვალა გიგა კვენეტაძის მოსკოვური ცხოვრება მძიმე განსაცდელის შემდეგ

"არასოდეს მქონია განცდა, რომ მარის დავკარგავდი" - როგორ შეიცვალა გიგა კვენეტაძის მოსკოვური ცხოვრება მძიმე განსაცდელის შემდეგ

მომღერალი გიგა კვენეტაძე წლებია მოსკოვში ცხოვრობს და მეზობელ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარული კომპოზიტორია. მის სიმღერებს რუსული ესტრადის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები მღერიან.

სამი წლის წინ, გიგას და მისი მეუღლის მარიანა კარამოვას ცხოვრებაში მძიმე განსაცდელი დადგა, მუსიკოსის მეუღლეს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მარიანა კარამოვას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა და ახლა რეაბილიტაციას გადის. AMBEBI.GE გიგა კვენეტაძეს მოსკოვში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

- გიგა, რა ეტაპზეა ამჯერად თქვენი საქმიანობა რუსეთში?

- ყველაფერი კარგადაა, მაქვს ჩემი სტუდია, ვწერ ახალ სიმღერებს ჩვენი ესტრადის ვარსკვლავებისთვის, თუმცა მხოლოდ რუსული ესტრადის ვარსკვლავებზე არ ვმუშაობ. აქ კარიერა საკმაოდ წარმატებულად ამეწყო. როგორც სიმღერების ავტორი, ვმუშაობ ბასკოვთან, კირკოროვთან, ა-სტუდიოსთან და სხვა რუს ვარსკვლავებთან.

- რამ განაპირობა თქვენი ასეთი წარმატება რუსულ შოუ-ბიზნესში?

- ალბათ, უფრო სანაცნობო წრის ზრდა დამეხმარა. ჩემი სანაცნობო წრე რუსეთში ყოველდღიურად ფართოვდება, მოთხოვნადია ჩემი სიმღერები და წარმატება სწორედ ამან მომიტანა. ჩემი საქართველოც არ მავიწყდება, ხშირად ჩამოვდივარ. ამ ზაფხულს ოჯახთან ერთად თვენახევარი ვიყავი ჩამოსული.

- საქართველოში განვითარებული მოვლენები თუ აისახება რუსეთში თქვენს ცხოვრებაზე?

- პოლიტიკური ბატალიები და დაუმთავრებელი ქართულ-რუსული ურთიერთობები რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე ნამდვილად აისახება. კარგი ცხოვრების გამო არც მოსკოვშია ვინმე გაქცეული და არც ევროპაში. ბუნებრივია დისკომფორტი გვექმნება, მაგრამ არავინ დაგვსდევს და არავინ გვერჩის.

- გიგა, სამი წლის წინ თქვენი ოჯახი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, თქვენს მეუღლეს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, რა ეტაპზეა მკურნალობა?

- უკვე მესამე წელია ვებრძვით დაავადებას, რომელიც არის სისხლის კიბო. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, უკვე დავამარცხეთ. ამას ანალიზები გვიჩვენებს. ერთი წელია სამ თვეში ერთხელ ვიღებთ ანალიზებს და ასპროცენტიანი შედეგი მივიღეთ. სამწუხაროდ, ქიმიამ და წამლებმა ფეხის კიდურები დააზიანა, პირველი ოპერაცია გაკეთდა ერთ ფეხზე და ოქტომბერში მეორე ფეხზეც გაუკეთდება. იმედი მაქვს, ამით ჩვენი გამოცდა დასრულდება.

- რა მოუვიდა ფეხზე?

- ბარძაყის ძვალი და მყესები დაუზიანდა.

- ქიმიოთერაპიის რამდენი კურსი ჩაუტარდა?

- ოთხი ქიმიოთერაპია დაგვჭირდა, შემდეგ იყო რემისია. მარის დაავადება მწვავე ფორმებში ჰქონდა, რის გამოც ძვლის ტვინის გადანერგვა დაგვჭირდა. ყველაფერი რუსეთში გაკეთდა, ფინანსებიც გამოჩნდა, ყველანაირად შევძელით, ეს გაგვეკეთებინა.

- რა თანხა დაჯდა გამოჯანმრთელება?

- აქ მკურნალობა სადღაც ასი ათასი დოლარი დაჯდა. აქედან სახელმწიფომ ნაწილი დაგვიფინანსა, მაგრამ არის თანხები, რომელიც თავად უნდა მოიძიო. ჩვენ კიდევ გაგვიმართლა და შევძელით ის, რაც შევძელით. შეიძლება ვიღაც დაგეხმაროს, მაგრამ 50% ჩვენი ოჯახის თავზე გადავიდა, ძალიან დამიდგნენ გვერდით მეგობრები. ვიღაცისთვის შესაძლოა, არაა ეს თანხა დიდი, მაგრამ ჩემთვის სოლიდური თანხაა.

- თავად როგორ გრძნობს თავს მარია?

- კარგად გრძნობს თავს, ამ დაავადების გადატანაში დაეხმარა ჩვენი ვაჟი ნიკუშა, რომელიც მაშინ ახალი დაბადებული იყო. ფარხმალი არ დაუყრია მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდა.

- როგორ გამოვლინდა ლეიკემია?

- საქართველოში იყვნენ დასასვენებლად, რა დროსაც მარიას სხეულზე ჩალურჯებები დაეწყო, წავიდა, ანალიზები აიღო, რამაც აჩვენა მომატებული ერითროციტები და ლეიკოციტები. როცა ნორმაა 5000, მარის 70 000 ჰქონდა. ფაქტიურად სისხლის გაწყალება იყო დაწყებული. ექიმმა თქვა ასეთ პირობებში შესაძლოა ერთი კვირაც ვერ გაძლოსო. მეორე დილით უკვე მოსკოვში ვიყავით, აქ დაწვა სპეციალურ ცენტრში, სადაც ამ დაავადებას მკურნალობენ. ეტაპებია გასავლელი, სამ თვეში ერთხელ ორი კვირით უშვებდნენ სახლში.

- რა გასწავლა ამ განსაცდელმა?

- არასდროს მქონია განცდა, რომ მარის დავკარგავდი. ექიმიც მეუბნებოდა, მაგარი ადამიანია, მაგრად იბრძვისო. ეს დამატებით ძალას მაძლევდა. ერთი კვირის წინ შემოქმედებით კონცერტზე ვიყავი, სადაც "ასტუდიოს" დირექტორმა მითხრა, ღმერთი ყველა ოჯახს უგზავნის განსაცდელს და ალბათ, შენც ეს განსაცდელი გამოგიგზავნა, ოჯახი რომ გაგემყარებინაო და ასეც მოხდა.

"საქართველოში ამჟამად ​კორონავირუსით ინფიცირებული 70 ავადმყოფისთვის საკმარისი "ტოცილიზუმაბის" მარაგია" - თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანს პასუხობს

"მეუღლისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა, ახლაც მსაყვედურობს... შვილებისთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა" - ლევან იოსელიანის ოჯახური ცხოვრება

"ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი, ის ბერები, ერთად რომ გაიზარდნენ, ერთმანეთს არ ესალმებიან" - რას ამბობენ ეპარქიაზე მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი და ახლად დანიშნული მეუფეები