"ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დაპირისპირებამ ხელახლა იჩინა თავი.
დაპირისპირების ახალი ტალღა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა დაიწყო, როდესაც "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ ბოკერიამ და სხვებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა დისტანცირება მომხდარიყო ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან:
"რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი შეხედულებებით და მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მიუხედავად იმისა, ვინც რა უნდა თქვას. ვატარებ ჯვარს. ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული", - განაცხადა სააკაშვილმა.
თუმცა, ყოფილმა პრეზიდენტმა აქვე დასძინა, რომ "ევროპულ საქართველოში" არის ბევრი კარგი ადამიანი, რომელთანაც ითანამშრომლებს.
"სჯობდა ბაქრაძე საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაეყენებინათ და ვაშაძე უკვე პრეზიდენტი იქნებოდა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ხალხთან თანამშრომლობას. რაც შეეხება ბოკერიას, ერთმა ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ მომხდარიყო გაუცხოვება ბევრი ჩვენი მოქალაქის“, - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტს მთავარი "ბრალდებულიც“ გამოეხმაურა და ყოფილ თანაგუნდელს ცინიკურად უპასუხა:
"სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა, "ვარდების რევოლუციის" როგორც მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" - აღნიშნავს ბოკერია.
"ევროპელებსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დაპირისპირება დღეს არ დაწყებულა და უკვე მესამე წელს ითვლის. მთავარი ოპოზიციური ძალის ერთიანობაში ბზარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გააჩინა. აზრთა სხვადასხვაობა მთელ რიგ საკითხებთან ერთად, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხსაც შეეხო. სააკაშვილის გუნდი პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი იყო და "ოცნებისთვის" ბოიკოტის გამოცხადებას ითხოვდა, რასაც არ დაეთანხმა ე.წ ბოკერის ფართა და დაპირისპირება საბოლოოდ პარტიის დაშლით დასრულდა.
2017 წლის 12 იანვარს, მაშინ როდესაც გაყრა საბოლოოდ დადასტურდა, ციხიდან ახლადგამოსულმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ სააკაშვილი აღარ არის ის ლიდერი, რომელიც ხალხს აერთიანებდა. ყოფილი მერის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფასთან დაკავშირებით აქვს სევდა, თუმცა ამ ფაქტს ტრაგედიად არ მიიჩნევს.
მხარეებს შორის დაპირისპირება ამით არ დასრულებულა - ძველ წყენებს და ცოდვებს ისინი დროდადრო ახსენებდნენ ერთმანეთს, ხან ტელეეთერების, ხანაც სოციალური ქსელის მეშვეობით. 2018 წლის ნოემბერში კი, ყოფილი და მოქმედი "ნაციონალები" ფაქტობრივად შერიგდნენ - ჰელსინკში "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე ჩასული ყოფილი პრეზიდენტი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი "ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგი უგულავას შეხვდა.
"გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი" - აცხადებდა მაშინ სააკაშვილი.
თუმცა, როგორც ჩანს, შერიგება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. დღეს გიგი უგულავა ამბობს, რომ რცხვენია, რადგან სააკაშვილი აქამდე დაეცა:
"მე მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი იყო, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთა, დაეცა ასეთ მარაზმამდე. მე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელს და არცთუ ისე უკანა რიგებში მყოფს, შემიძლია გადაუჭარბებლად საზოგადოებას ვუთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოიტყუა.
მას არასდროს არავინ აკავებდა, თუ მას რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში, მაგრამ დიახ, მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით წინააღმდეგი, როდესაც მაგალითად, პოლიტიკური გასაჭირი იყო და მან შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო სამ თვეში საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირების და ჯვრის აბუჩად აგდების სამი შემთხვევა. პირველი, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე, ხელში ჯვრით მომავალი - ფარისევლობა #1, მეორე ვიხილეთ ლევან ვასაძე, რომელიც კომბალს და ვაზის ჯვარს ვერ ასხვავებდა, ისე დადიოდა ქუჩაში - ფარისევლობა და მავნებლობა #2 და ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახავად - ფარისევლობა #3. ეს ყველაფერი სამარცხვინოა" - განაცხადა გიგი უგულავამ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე.
საინტერესოა, რა მიზანი ჰქონდა სააკაშვილის ბოლო განცხადებას ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებით? - პოლიტოლოგებს ამაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
ხათუნა ლაგაზიძის აზრით, სააკაშილის განცხადება, მისდაუნებურად „ევროპული საქართველოს“ წისქვილზე ასხამს წყალს:
"ვერ ვიტყოდი, რომ ბოკერიასთვის და „ევროპული საქართველოსთვის" ეს დაპირისპირება ცუდია. პირიქით შეერგება - საარჩევნოდ ამაზე უკეთეს საჩუქარს სააკაშვილისგან ვერ მიიღებდნენ. ამით საბოლოოდ მოხდა დისტანცირება სააკაშვილისა და „ევროპული საქართველოსი“. არჩევებზე ხმების აღების ერთ-ერთი მთავარი ბარიერი მათ გზაზე სწორედ ეს „ნაციონალური“ იმიჯი იყო.
სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ დისტანცირდეს „ევროპელებისგან“. ეს „ევროპულ საქართველოს“ უფრო მეტ პლიუს მოუტანს, ვიდრე მინუსად ჩაეწერება. მთავარია, მომავალ არჩევებში ეს ორივე პარტია საბოლოოდ იყვნენ ერთმანეთისგან გამიჯნული და სააკაშვილი ამას ფანტასტიურად ახერხებს" - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.
პოლიტოლოგის თქმით, სააკაშვილი ახალი ტრენდის შექმნას ცდილობს, მაგრამ როგორ მოერგება ამ ნიშას, ეს მომავალში გამოჩნდება:
„რეალურად, სააკაშვილი რამდენად ზრუნავდა „ევროპელების“ ხმებზე, არ ვიცი. ტრამპმა ილაპარაკა, რომ გლობალიზაციის დრო წავიდა და სახელმწიფოებში ნაციონალების ეპოქა დგებაო. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ცხელ გულზე აიტაცა ტრამპის ეს მესიჯი - ახლა პატრიოტიზმის ერა მოდისო და ამ ნიშას "მოაჯდა". როგორ გამოუვა ეს, მომავალში გამოჩნდება, შევხედავთ მის ინტერვიუებს.
უფრო ნაჩქარევად გააკეთა, ამიტომ გამოვიდა გაშარჟების ობიექტი, ვიდრე ამომრჩევლების შემოქმედი. იმიტომ რომ თავის თანაგუნდელებიც უხერხულ მდგომარეობაში დააყენა. ეტყობა დაჯდა და იფიქრა, მისი მთავარი ნაკლი იყო მისი არარელიგიურობა და ვიღაცისთვის ხელი უნდა შეეწმინდა და აგერ შეაწმინდა ბოკერიას", - გვითხრა ლაგაზიძემ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სააკაშვილი მომავალ არჩევნებზე ბოკერიასთვის იმ ხმების წართმევას ცდილობს, რაც რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.
"მიზანი არის ძალიან მარტივი - როგორც ჩანს „ნაციონალაურმა მოძრაობამ“ ირწმუნა, რომ იქნება პროპორციული არჩევნები და იქნება ნულოვანი ბარიერი. შესაბამისად, არ იქნება ბლოკები და „ნაციონალებს“ მოუწევთ ცალკე გამოვიდნენ, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ - ცალკე. არჩევებში გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ პირველი ადგილი აიღონ „ნაციონალებმა“. შესაბამისად, "ევროპული საქართველოს" ხმები ეს არის ის ხმები, რაც თავის დროზე „ნაციონალებს“ ჰქონდათ.
დღესდღეობით, ბოკერიასა და „ევროპული საქართველოსადმი" შეტევა, არის მცდელობა, „ნაცებმა" რაც შეიძლები მეტი ხმა წაგლიჯონ მეტოქეებს. "ევროპული საქართველო" ჩააყანეს თავის მართლების რეჟიმში და ზუსტად ეს პროცესები მიმდინარეობს. ეს არავის წისქვილზე არ ასხამს წყალს - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ჩაძიროს „ევროპული საქართველო“ და მიიღოს, რაც შეიძლება მეტი ხმა.
სხვათა შორის, "ევროპულ საქართველოში" მთლად ერთიანობა არ არის, თუ გავიხსენებთ გამოსვლებს, უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ბირთვისკენ უფრო იხრება, ვიდრე „ევროპული საქართველოსკენ“. უგულავას აქტივობა და მიმართულება ძალიან ჰგავს "ნაციონალებისას" ამიტომ, შეიძლება იყოს შიდა პრობლემები და სააკაშვილი ამაზეც მუშაობდეს", - განაცხადა ძაბირაძემ.