ავტორი:

80-იანი წლების ყველაზე პოპულარული გადაცემისა და მისი წამყვანის ისტორია - როგორ იხსენებს ოთარ სეფიაშვილს ჯამლეტ ხუხაშვილი

80-იანი წლების ყველაზე პოპულარული გადაცემისა და მისი წამყვანის ისტორია - როგორ იხსენებს ოთარ სეფიაშვილს ჯამლეტ ხუხაშვილი

ვისაც გასული საუკუნის 80-იან წლებში, ერთხელ მაინც უნახავს პოპულარული პროგრამა - "ილუზიონი", აუცილებლად ემახსოვრება მისი ავტორი და წამყვანი, კინომცოდნე ოთარ სეფიაშვილი.

"ილუზიონი" მაყურებელს მსოფლიო კინოკლასიკას სთავაზობდა. მართალია, ფილმები საბჭოთა ცენზურაგამოვლილი იყო, მაგრამ ისეთი რეჟისორების ნამუშევრები გახლდათ, რომელთა ხილვის საშუალება მაყურებელს მაშინ იშვიათად ჰქონდა... პროგრამას შთამბეჭდავი ქუდი ჰქონდა: კადრები მსოფლიო კინოკლასიკიდან გასაოცარი მუსიკის ფონზე მიდიოდა... "ილუზიონს" წლების განმავლობაში, მოუთმენლად ელოდა მაყურებელი.

90-იან წლებში იმის გამო, რომ ქვეყანაში ბევრი რამ აირია, გადაცემაც შეწყდა. ოთარ სეფიაშვილმა ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო, ბევრი ებრაელის მსგავსად, დატოვა საქართველო და ისტორიულ სამშობლოს, ისრაელს დაუბრუნდა. თუმცა, ცხოვრება საბოლოოდ აშშ-ში, ემიგრაციაში დაასრულა.

AMBEBI.GE ამჯერად ოთარ სეფიაშვილს გაახსენებს მკითხველს. ცნობილი სპორტული კომენტატორი, ჟურნალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი, მეგობრისა და ნათესავის ცხოვრებას, ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს:

"საქართველოს ტელევიზიაში ათწლეულები ერთად ვმუშაობდით, ვმეგობრობდით. სპორტის სასახლეში, ჩემს ოფისში არაერთხელ მოსულა, სადაც ქართველი ებრაელები, ქართულ-ებრაული მოძრაობის ლიდერები ვიკრიბებოდით და სხვადასხვა გეგმას ვსახავდით...

ოთარ სეფიაშვილი ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრი იყო - უნივერსალური ადამიანი, რომელიც მეხსიერებას საუკუნეების განმავლობაში შემორჩება. მხოლოდ კინომცოდნე, მწერალი, ჟურნალისტი არ ყოფილა, ყველაფრის სასწაულებრივად დამნახავი კაცი იყო... დაუვიწყარია მისი თვალით დანახული ფიროსმანი, რომლის შესახებაც წიგნი გამოსცა და ამ დარგის სპეციალისტები გააოცა - თავის ჭრილში დაინახა ეს დიდებული მხატვარი!

გარდა ამისა, შესანიშნავია მისი წიგნი ჩარლი ჩაპლინის შესახებ, ასევე წიგნი კინოხელოვნებაზე, საერთოდ, ლიტერატურაზე, ქართულ-ებრაულ მეგობრობაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემთვის მისი ლეგენდარული გადაცემა „ილუზიონია“, რომელიც 1981 წელს საქართველოს ტელევიზიით 1-ელ იანვარს გავიდა...

იმ წელს ჩემთვის ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: თბილისის „დინამოს“ ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგება და ეთერში გასული, სრულიად ახალი სტილისა და შინაარსის პროგრამა - „ილუზიონი“, რომლის ავტორი სწორედ ოთარ სეფიაშვილი იყო“ - გვეუბნება ბატონი ჯამლეტი და დასძენს, რომ იმ დროისთვის მაყურებელი "ილუზიონის" წყალობით უყურებდა ფილმებს, რომლებიც, მართალია, ცენზურაგამოვლილი იყო, თუმცა, იმ დროისთვის ეს მაინც წინგადადგმული ნაბიჯი იყო...

"ოთარი ყველაფერს ისე ფუთავდა, რომ სასიამოვნოდ იყურებოდა და ისმინებოდა. ყველას გვქონდა იმ ფილმების ნახვის საშუალება, რაც სიზმარშიც არ მოგველანდებოდა... გარდა ამისა, გადაცემას ჰქონდა ქუდი, სადაც გენიალური მუსიკა ჟღერდა. ის მუსიკა ბევრი ადამიანის გონებაშია დალექილი და თუკი სადმე ახლაც კი გავიგებთ მას, უმალ "ილუზიონს" და ოთარს ვიხსენებთ, რასაც საოცარი ემოციები ახლავს...

- ემიგრაციაში მყოფ ოთარ სეფიაშვილს, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა "ბრწყინვალების ორდენი" გადასცა...

- დიახ, ოთარ სეფიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „ბრწყინვალების ორდენი“ მიიღო 2011 წელს. აღნიშნული ჯილდო მას მაშინდელმა პრეზიდენტმა ამერიკაში გადასცა, ნიუ-იორკში პირდაპირ შინ მიაკითხა... ეს მოხდა „ილუზიონის“ ეთერში გასვლიდან ზუსტად 30 წლისთავზე...

- კონკრეტულად რატომ დატოვა ბატონმა ოთარმა საქართველო?

- ის აქედან იმ პერიოდში წავიდა, როდესაც თითქმის ყველა, ვისაც კი შეეძლო და ჰქონდა ამის შესაძლებლობა, აქაურობას ტოვებდა, ოღონდაც მძიმე სიტუაციას გაჰქცეოდა. 90-იანი წლები ყველას კარგად ახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ებარელ ხალხს ჰქონდა მიზეზი, ისტორიულ სამშობლოში წასულიყვნენ. ოთარის ერთი შვილი, გამოცდილი სპეციალისტი ისრაელში წავიდა და მეორე - ამერიკაში. ბოლოს ოთარ სეფიაშვილის ნავსაყუდელიც ამერიკაში აღმოჩნდა, თუმცა თავიდან ისრაელში გაემგზავრა...

აშშ-ში ყველა ქართულ-ებრაული ორგანიზაციის, ლიტერატურული პროექტის ხელმძღვანელი იყო, მასთან არა მხოლოდ ებრაელები, არამედ სხვადასხვა ერის შვილები იკრიბებოდნენ და საინტერესო საკითხებზე ესაუბრებოდნენ, მისგან პროფესიონალურ პასუხს ელოდებოდნენ...

ერთხელ ინტერვიუში აღნიშნა, ადამიანმა ტელეეთერში თავი თავისუფლად რომ იგრძნოს, ან იდიოტი უნდა იყოს, ან ვუნდერკინდი - მე არც ერთი ვარ და არც მეორე, მაგრამ რაღაცნაირად შევძელი ტელეეკრანს შევთვისებოდი... მას ასეთი კარგი ფრაზა და გამონათქვამი ბევრი ჰქონდა, ხომ ვამბობ, კინოხელოვანი იყო, არაერთი წიგნის ავტორი და მოაზროვნე.

როდესაც მასთან „ბრწყინვალების ორდენის“ გადასაცემად ჩავიდნენ, გაიხარა და სიამოვნებით გაიხსენა გიგლა ხუხაშვილის სიმღერა „თბილისზე“ (გიგლა მამაჩემის ბიძაშვილი გახლდათ): "დავალ მუდამ მოხიბლული, შენი თილისმით, ვეძებე და ვერსად ვპოვე მე სხვა თბილისი“... მოკლედ, ეს იყო თბილისსა და საქართველოზე, ქართული ტელევიზიის პირველ არხზე თავიდან ბოლომდე შეყვარებული კაცი, სადაც გაატარა თავისი შემოქმედებითი ცხოვრების წლები და დატოვა ისეთი ღრმა კვალი, რომელიც არ წაიშლება...

მნიშვნელოვანია, რომ „ილუზიონი“ შაბათ საღამოს, 23:00 საათზე გადიოდა. თავდადებული მორწმუნეები შეიძლება არ ვიყავით, მაგრამ ურწმუნოები არ ვართ არც ებრაელები და არც სხვა რელიგიის წარმომადგენლები. იცით, რომ ებრაელები შაბათობით ისვენებენ და ოთარ სეფიაშვილს ესეც გათვალისწინებული ჰქონდა, ამიტომ, მისი გადაცემა ღამის 11-საათზე იწყებოდა, ისე, რომ მორწმუნე ებრალებიც სიამოვნებით ისხდნენ და უყურებდნენ მას...

ცდილობდა, მაყურებელთა შორის ყველა ეთნოსის წარმომადგენელი და მათ შორის, მისი მშობლიური ქართულ-ებრაული ერის წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ...

ოთარ სეფიაშვილი 2014 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა... მძიმე დაავადება ჰქონდა. მასთან მუდმივად მქონდა კონტაქტი, ტელეფონით თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით - ჩვენი დროით ღამის 3 საათზე ვურეკავდი. აქაურ ამბებს ვაცნობდი, თუმცა თავადაც კარგად იცოდა ყველაფერი, სხვადასხვა მედიის საშუალებით სულ ეცნობოდა... მისი გარდაცვალება ყველასთვის ელდა იყო...

- ემიგრაციაში წასვლას ნანობდა?

- საერთოდ, აქედან წასვლას ყველა ნანობდა... ისრაელში წასულები ისტორიულ სამშობლოს კი დაუბრუნდნენ, თუმცა ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ორი სამშობლო გვაქვს - აქაურობაც სისხლხორცეულად გვიყვარს და რა გასაკვირია, საქართველოში გაზრდილი, დაღვინებული, დაოსტატებული ოთარ სეფიაშვილი თუ აქ კარგად და მაღალ შემოქმედებით დონეზე გატარებულ ცხოვრების წლებს მოინატრებდა?! ასე რომ, დაუვიწყარია ეს დიდებული ადამიანი და მისი საქმეები...