ავტორი:

"ორი შვილი გავზარდე და, რაც უნდა გავებრაზებინე, მათზე ხელი არასდროს ამიწევია..." - რა დგას რეალურად ზარდიაშვილი-ბესელიას დაპირისპირების უკან

"ორი შვილი გავზარდე და, რაც უნდა გავებრაზებინე, მათზე ხელი არასდროს ამიწევია..." - რა დგას რეალურად ზარდიაშვილი-ბესელიას დაპირისპირების უკან

გასულ კვირას პარლამენტში ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება ხელით შეხებაში გადაიზარდა. საიდან იღებს სათავეს ეს კონფლიქტი, "კვირის პალიტრას" დეპუტატი ეკა ბესელია ესაუბრა.

- დავიწყებ თქვენი განცხადებით, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შანტაჟი დღესაც გრძელდება. გაქვთ ინფორმაცია, რომ მსგავსი ჩანაწერები სხვა პირებზეცარსებობს. გვარებს, ალბათ, ვერ დაასახელებთ, მაგრამ ვინ არიან ისინი - პოლიტიკოსები, საჯარო პირები თუ უბრალო მოქალაქეები?

- შანტაჟი და ადამიანების პირადი სივრცით მანიპულირება ყოფილი ხელისუფლების უმძიმესი, სისტემური დანაშაული იყო. როდესაც "ქართული ოცნება" ქვეყნის სათავეში მოვიდა, სწორედ ამ მანკიერების დასრულება გვინდოდა. ამისთვის მეც ბევრი ვიბრძოლე - პერსონალური დაცვის ინსპექტორის სამსახური ავამოქმედეთ, კანონმდებლობა გავამკაცრეთ. ერთი სიტყვით, გუნდში შევთანხმდით, რომ ეს არ უნდა დაგვეშვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ახლაა დაცული ადამიანის პირადი სივრცე და ამის დასტურია ჩემ შესახებ არაერთხელ გავრცელებული უკანონო ჩანაწერი. ბოლო ფაქტი უმძიმესია, მაგრამ იმის თქმა, რომ ამ დანაშაულის გახსნა შეუძლებელია, სრულიად მიუღებელია, მეტიც, გამოძიების კრახზე მეტყველებს. ამ ლოგიკით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასევე ნებისმიერ პირზე უკანონო ჩანაწერები გაავრცელოს და სახელმწიფო მას ვერ დაიცავს?!

კომპეტენტური პირები იტყუებიან და სპეკულირებენ იმით, თითქოს ვერ დადგინდა, პირველად ვინ და რატომ გაავრცელა ეს ჩანაწერი. ის ფსიქოლოგიური შანტაჟისთვის გააკეთა სააკაშვილის სისტემამ, მაგრამ მათაც ვერ გაბედეს გავრცელება. შეიძლება შესაფერის მომენტს ელოდნენ, "ქართული ოცნების" დროს კი რამდენჯერმე გავრცელდა. თავდაპირველად რამდენიმე პირი დააპატიმრეს და გაასამართლეს, მაგრამ შემდეგ ისევ გავრცელდა და ამბობენ, რომ ამ საქმეს ვერ ხსნიან, ვინ დაიჯერებს ამას?!

რაც შეეხება სხვა ფაქტებს, ვიცი, რომ არსებობს სხვა ფარული ჩანაწერებიც და მათზე კონკრეტულად საუბრის უფლება არა მაქვს, მაგრამ გეტყვით, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან და ეს მოცემულობა მათ არჩევნის წინაშე აყენებს, რომ ხმა არ ამოიღონ. მე განვაცხადე, ვიცი ამის შესახებ და გააპროტესტებენ თუ არა, მათი საქმეა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ დუმან? მათ ამ ფირებით ხომ არ აშანტაჟებენ და მართავენ?

- ვერ გეტყვით, რატომ დუმან, მაგრამ ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ, ყველას არ შეუძლია გადააბიჯოს საკუთარ შიშს და გაუბედაობას. შესაძლოა მდგომარეობისა და თანამდებობის დაკარგვის ეშინიათ ან სხვა რამის გამო დუმან. ფაქტია, ფირები არსებობს და ეს საჯაროდ განვაცხადე, რომ განგაში ატეხილიყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამის დაშვება შეუძლებელია!

- თქვენსა და ზარდიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი საზოგადოების განსჯის საგანი გახდა... მაგალითად, თქვენმა კოლეგამ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტარი ქალი ხელით შეეხო კოლეგა მამაკაცს.

- მეც პირველად ვნახე ჩემი თავი ამ როლში. ორი შვილი გავზარდე და, რაც უნდა გავებრაზებინე, მათზე ხელი არასდროს ამიწევია. ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ურთულესია. 20 წელია საჯარო სივრცეში ვარ და წონასწორობიდან გამოსული არავინ ვუნახავვარ. რაც შეეხება იმ ინციდენტს, ეს იყო ჩემი პროპორციული პასუხი იმ ყველაფერზე, რისი მოთმენაც ბოლო ხანებში მიწევს ზარდიაშვილისა და მისი გუნდისგან. არ მიჭირს ბოდიშის მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საჭიროდ არ მიმაჩნია.

რაც შეეხება მათ, ვინც მაშინვე ჭკუის სწავლება დაიწყო - ქალია და მაინც არ უნდა მოქცეულიყო ასე, თავშეკავება მართებსო, მოდი, თავად გაიარონ ის გზა, რაც მე გამომატარეს, გაუძლონ იმ შემოტევებს, იერიშებს, ზღვარგადასულ თავდასხმებს და შემდეგ, ამ სიტუაციაში რომ აღმოჩნდებიან, ვნახოთ, როგორი სირინოზის სახითა და ხმით შეძლებენ საუბარს. რა უნდა მექნა, აუღელვებლად დამეწყო საუბარი და ზარდიაშვილისთვის ბატონობით მიმემართა?! …

- თქვენ განაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ჩუგოშვილიც ესწრებოდა, "ოცნების" თავმჯდომარე მოსამართლეობის 10-კაციან სიაში ჩინჩალაძის ჩასმას გთხოვდათ. თამარ ჩუგოშვილი კი ამბობს, რომ ვინმეს გაყვანაზე საუბარი არ ყოფილა...

- არ ვაპირებ გავკიცხო, რადგან გამბედაობას ყველას ვერ მოსთხოვ, სხვა თუ არაფერი, ორ სკამზე ვერ დაჯდები. ადამიანი ან ხარ პრინციპული, ან არა. ამისთვის უნდა შეელიო კომფორტს, ორივე ერთად არ გამოვა... მიჭირს დაჯერება, ნუთუ თამარს მოსწონს, რომ იუსტიციის საბჭოს მისცეს ბერკეტი, 20 კანდიდატი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ფარული კენჭისყრით შეარჩიოს. შედეგად 20 ცუდი კანდიდატი მივიღეთ. თუმცა მასთან პოლემიკას არ ვაპირებ.

- ზარდიაშვილი აცხადებს, რომ პირიქით, თქვენ მოითხოვეთ ათკაციანი სიიდან 5 კაცის გაყვანა, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენდით, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

- ვიმეორებ, არ ვაპირებ ამ არარაობის სიტყვებზე კომენტარის გაკეთებას. მე ივანიშვილი მთხოვდა 5 კაცის გაყვანას, მათ შორის პირველი ჩინჩალაძე იყო, სხვების გვარი არ მახსოვს, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი, სწორედ ამის შემდეგ გამოქვეყნდა უკანონო ჩანაწერები.რაც შეეხება კონფლიქტს, დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის კონფლიქტი ჩემსა და ზარდიაშვილს შორის, მე მას არც განვიხილავ პერსონად. ის ბრმად, თვალის დაუხამხამებლად შემსრულებელია ყველა ბინძური დავალების, ყველა უწესობისა და უზნეობის.

- ვისი დავალებით?

- იმის, ვინც მე ამდენი ხანია დაუნდობლად მებრძვის... სხვათა შორის, მას ივანიშვილთან არ მიესვლება, რადგან ის ასეთ მდაბიო შემსრულებლებს პირადად არ ხვდება და არც ელაპარაკება. ზარდიაშვილი სხვების დავალებით იღებს მისგან ნებართვას, როცა რამე სჭირდება. თუმცა ფაქტია, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ზარდიაშვილისთანების ენით მელაპარაკოს.

ყველაფრის მიუხედავად, ბევრ რამეზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გავჩუმდები, რადგან ის რეალობა, რაც ახლა გვაქვს, სწორედ ივანიშვილის პასუხისმგებლობაა. ის სილაც, რომელიც ზარდიაშვილს მოხვდა, ეკუთვნის ყველას, ვინც ამ უმსგავსობაშია ჩართული. იმ სილის გაწნა იმ ყველა ადამიანის პასუხია, ვინც ახლა დამცირებული და შეურაცხყოფილია. წაიკითხეთ სრულად

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი ვაშაძე, ირაკლი მეზურნიშვილი

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"არავინ არსად არ მიდის, ეს არის "ფეიკ ნიუსი" - წულუკიანი გახარიას შესაძლო გადადგომაზე