ავტორი:

როგორ გახდა უსინათლო გოგონა გაერო-ში ქართველი ახალგაზრდების წარმომადგენელი და როგორ ეხმარება შშმ ადამიანებს

როგორ გახდა უსინათლო გოგონა გაერო-ში ქართველი ახალგაზრდების წარმომადგენელი და როგორ ეხმარება შშმ ადამიანებს

„მე ვარ ესმა გუმბერიძე, 25 წლის, საქართველოს ახალგაზრდობის ახლადარჩეული წარმომადგენელი გაეროში 2019-2020 წლებისთვის; მაქვს ჩემი რადიოგადაცემა „ჰორიზონტს მიღმა“ ონლაინრადიო "ჩემს ხმაში", რომელიც "ჰელფინგ ჰენდს" ეკუთვნის“, - ასე იწყებს საკუთარ ისტორიას ახალგაზრდა ქართველი გოგონა, რომელიც უსინათლობისა და შშმ პირებისთვის არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, ბევრი ჩვენგანისთვის მაგალითად იქცა.

სკოლის პერიოდიდან არაერთი დაბრკოლება შეხვდა. თავდაპირველად, ოჯახს ქუთაისიდან საცხოვრებლად გადასვლა თბილისში მოუხდა, რათა ესმას განათლება მიეღო. უსინათლოთა სკოლა მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებდა. ჰქონდა სახელმძღვანელოების პრობლემაც.

ხანდახან სირთულეები აშინებდა, მხნეობასაც კარგავდა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს იმედი და მოტივაცია, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე ეკეთებინა. ცდილობდა, საკუთარი თავისთვისაც და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირებისთვისაც სტიმულის მიმცემი ყოფილიყო, რათა მათ არ დაეკარგადთ რწმენა, რომ სწავლა, მუშაობა და თავის სრულყოფილ მოქალაქედ აღქმა შესაძლებელია.

ესმამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. ასევე, გარკვეული დროით აშშ-სა და გერმანიაშიც სწავლობდა. მაგალითად, აშშ-ში 10 თვის განმავლობაში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასპინძელ ოჯახში ცხოვრობდა და ასისტენთან ერთად მეცადინეობდა. გერმანიაში კი სხვა სტუდენტების მსგავსად, სამი თვის განმავლობაში საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და გარკვეულ აქტივობებში აქაც ასისტენტი ეხმარებოდა.

ესმას ოჯახი ყოველთვის გვერდით ედგა. მისი სჯერათ და ნებისმიერ წამოწყებაში მხარს უჭერენ.

1-ელ ოქტომბერს ნიუ-იორკში გაერო-ს ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართავს და საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდობის პრობლემებზე ისაუბრებს, როგორც გაერო-ში ახალგაზრდობის წარმომადგენელი საქართველოდან. ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდოულად, შანსია, მსოფლიოს საქართველოსა და ქართველი ახალგაზრდების სახელით, საკუთარი ხმა გააგონოს.

მიუხედავად იმისა, რომ ესმა ბევრ შშმ პირთან შედარებით, სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაშია ჩართული, ეს სტატია მხოლოდ მის წარმატების ისტორიას არ ეხება. აქტიური სამოქალაქო აქტივიზმისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიუხედავად, თავისი პროფესიით დასაქმებაზე უარი არაერთხელ უთხრეს. როგორც თავად აღნიშნავს, იცის, რომ ყველა უარი შეზღუდული შესაძლებლობის გამო მიიღო.

ამბობს, რომ მისი აქტიურობა ბევრისთვის პოზიტიური შედეგების მომტანია, ამიტომ თავისი ცხოვრების შესახებ დეტალებს AMBEBI.GE-ს მკითხველს სიამოვნებით უზიარებს.

- როგორ გახდით გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელი 2019-2020 წლებში და რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეს თქვენთვის? რა მოვალეობები აქვს დაკისრებული გაერო-ში ახალგაზრდა წარმომადგენელს?

- ამ კონკურსში 2015 წლიდან დავიწყე მონაწილეობის მიღება. ყოველწლიურად ვერთვებოდი და ახლა უკვე ამარჩიეს. ამ ამპლუაში ჩემი პირველი აქტივობა იქნება ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სირტვით გამოსვლა. ეს გაერო-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა. ყველაზე ცნობილი ნაწილია სახელმწიფოების მეთაურების სიტყვით გამოსვლა, თუმცა ბევრი სხვა აქტივობებიც მიმდინარეობს. მათ შორის, არის მესამე კომიტეტის საქმიანობა, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ინკლუზიაზე, ახალგაზრდებზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამ კომიტეტის ფარგლებში გამოდიან სიტყით ახალგაზრდობის წარმომადგენლები, საუბრობენ მათ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე და ზოგადად, ახალგაზრდულ ცხოვრებაზე.

სიტყვით გამოსვლა საკმაოდ საპასუხისმგებლოა, რადგან საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში ყველა სიტყვას აქვს მნიშვნელობა. ამ გამოსვლით შესაძლებლობა გვაქვს, რომ ქვეყნის სახელი სხვადასხვა მიმართულებით გაჟღერდეს.

- როგორ ვიცი, ონლაინ რადიო „ჩემს ხმაში“ თქვენი გადაცემა რიგით ადამიანებს ეთმობა. რატომ გადაწყვიტეთ, მათთვის დაგეთმოთ ეთერი და რა თემატიკას ეხება თქვენი გადაცემები?

- უკვე ორი წელია, ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ დახმარებით რადიოში გადაცემა მიმყავს. მისი სახელია „ჰორიზონტს მიღმა“ და ეძღვნება ისეთ თემებს, რომელიც აქტიურად არ განიხილება - შშმ პირების უფლებებს, ახალგაზრდულ მეწარმეობას და ა.შ. ვსაუბრობთ ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ და დასაქმების პრობლემებზეც. ამას ორმაგი გაძლიერების ეფექტი აქვს: თვითონ მოსაუბრეს აძლიერებს, ვინც თავის პრობლემებს სხვებსაც უზიარებს და მსნმენელებსაც, ვისაც იგივე საკითხები აწუხებს.

- სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით ეს თქვენი მაქსიმუმი არ არის. თანამშრომლობთ სახალხო დამცველის აპარატთან, ხართ შშმ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, EU Neighborhood-ის ელჩი. ძალიან ბევრი მოვალეობა გაქვთ დაკისრებული. რა შედეგები მოაქვს ამ აქტივობებს?

- სახალხო დამცველის აპარატში საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრი ვარ. საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება. ჩვენ სამ თვეში ერთხელ ვიკრიბებით და ვაყენებთ საკითხებს, რომლებიც ჩვენი აზრით, სახალხო დამცველმა უნდა შეამოწმოს.

მაგალითად, დავაყენეთ საკითხი, რომელიც შშმ პირების უმაღლეს სასწავლებელში მიღებას ეხებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს არანაირი ფორმალური პროგრამა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ სასწავლებლებსა და სასკოლო განათლებაში მსგავსი მიმართულება არსებობს. უმაღლეს სასწავლებლებში კი ამაზე საუბარიც არ მიდის.

- ვიცი, რომ უმაღლეს სასწავლებელში თქვენ თავად აღმოჩნდით პრობლემის წინაშე, როდესაც თქვენზე მორგებული ინფრასტრუქტურა არ დაგხვდათ და მოთხოვნის დაყენების შემდეგ, ადმინისტრაციამ ძირითადი პირობები დაგიკმაყოფილათ...

- როდესაც უსინათლო სტუდენტი უმაღლეს სასწავლებელში მიდის, მასზეა დამოკიდებული, რას მოითხოვს. ეს ძალიან უსამართლოა, რადგან შეიძლება, მე თვითონაც არ ვიცოდე, რა შეიძლება გამოვიყენო, რა შეიძლება დამჭირდეს და ა.შ. თუ საკმარისად კარგად ვითხოვთ და უნივერსიტეტიდანაც არის კეთილი ნება, მოთხოვნები სრულდება, თუმცა როცა უნივერსიტეტს ვამთავრებთ, ეს შესრულებული სამუშაოები აღარავის ახსოვს და ახალ შშმ სტუდენტს მასზე მორგებული პირობები არ ხვდება. ასეთი შემთხვევა იყო თსუ-ში მას შემდეგ, რაც მე უნივერსიტეტი დავამთავრე, როცა ერთმა სტუდენტმა სწავლა მასზე მორგებული პირობების არ არსებობის გამო ვერ გააგრძელა.

როცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციები ფაქტის წინაშე დგებიან, პირველად იმას კი არ ამბობენ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, არამედ აღიარებენ, რომ შშმ პირზე მორგებული გარემო არ არის. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ყველა შეეჩვია ამას. ყველა შეეჩვია, რომ შშმ პირთა უფლებები დაცული არ არის, მაგრამ ეს რომ უნდა შეიცვალოს, სამწუხაროდ, ამაზე ადამიანი ფიქრს არ იწყებს.

რაც შეეხება ქალთა უფლებებს, მაგალითად, ბოლოს რეპოროდუქციულ ჯანმრთელობაზე ჩავწერეთ გადაცემა. რა თქმა უნდა, შშმ ქალებს აწუხებთ ყველა ის პრობლემა, რაც ყველა შშმ პირს, მაგრამ ასევე, გენდერთან დაკავშირებული პრობლემებიც იკვეთება. მაგალითად, შშმ ქალი ოჯახის შექმნის კონტექსტში საერთოდ არ მოიაზრება. საერთოდ არ არის მიჩნეული, რომ შეიძლება, შშმ ქალს ოჯახის შექმნა უნდოდეს ან, მაგალითად, პირადი ურთიერთობები და ა.შ. ასევე, იგივე სხვადასხვა სამედიცინო სერვისებში კონფიდენციალურობა არ არის დაცული. ეს ქალების შემთხვევაში უფრო უხეშად ირღვევა, როცა რეპროდუქციასა და გინეკოლოგიაზეა საუბარი.

გარდა ამ პრობლემაზე ფოკუსირებისა, EU Neighbors East-ის ფარგლებში ჩვენ დავდივართ რეგიონებში და ვატარებთ ტრენინგებს რეზიუმეს მომზადებაზე, სამოტივაციო წერილის დაწერაზე, გასაუბრებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

- ალბათ, ხშირად ხართ ხოლმე პოზიტიური დისკრიმინაციის ობიექტი. როგორ პასუხობთ ამ პრობლემას?

- პოზიტიურის გარდა, ნეგატიური დამოკიდებულების მსხვერპილიც ვხდები ხოლმე, რამდენჯერმე დასაქმება მიცდია არასპეციალურად შშმ პირისთვის განსაზღვრულ ვაკანსიაზე და პირდაპირ მიმიღია უარი შეზღუდული შესაძლებლობების გამო. ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგაც მქონდა საქმე სახალხო დამცველის აპარატში, თუმცა კანონმდებლობიდან გამომდინარე, აპარატმა ჩემი უფლებების დარღვევა ვერ დააფიქსირა.

ყოველთვის ვამბობ, რომ ამ აქტივიზმითა და მოხალისეობით შეიძლება, ვერასდროს ვერ დასაქმდეთ, მაგრამ სახლში ჯდომითაც ვერ დასაქმდებით, ამიტომ უმჯობესია, საზოგადოებისთვის რამე ღირებული გავაკეთოთ, სასარგებლოები ვიყოთ და თავს უძლურებად არ ვგრძნობდეთ. ვგრძნობდეთ, რომ რაღაც სასარგებლოს გაკეთება ჩვენც შეგვიძლია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი