ტყვიით ინტოქსიკაციის შემთხვევა, შესაძლოა, რთული გამოსავლენი იყოს, რადგან ის სპეციფიკური ნიშნებით არ ხასიათდება. არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომელიც ამცირებს ტყვიით დაბინძურების რისკს.
რეკომენდაციები:
- დაალაგეთ სახლი რეგულარულად სველი წესით, გაწმინდეთ ზედაპირი სველი ტილოთი.
- მოერიდეთ ისეთი გაურკვევლი წარმოშობის სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას.
- ბავშვის ტყვიისაგან დასაცავად აუცილებელია, მისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს საღებავის ანათალი ან ნაფხეკი, რომელიც სავარაუდოდ შეიცავს ტყვიას.
- რეგულარულად დაბანეთ ბავშვებს ხელები და გარეცხეთ მათი სათამაშოები.
- დაუშალეთ ბავშვებს მიწის ზედაპირზე თამაში, თუკი არსებობს რაიმე ეჭვი, რომ ის დაბინძურებულია ტყვიით.
- ტყვიაზე დამზადებულ პროდუქციასთან (მოჭიქული მინა, ტყვიების დამზადება ან სროლა) მუშაობის/შეხების შემდეგ მიიღეთ შხაპი და გარეცხეთ ტანსაცმელი.
ბავშვებისთვის რეკომენდირებულია:
- შეფასდეს მათი კვებითი სტატუსი, ფიზიკური და გონებრივი განვითარება და რკინის დეფიციტის რისკი.
- ექიმის რეკომენდაციით ჩაუტარდეს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინი, C-რეაქტიული ცილა).
- ექიმის რეკომენდაციით დაენიშნოს რკინის პრეპარატები, კალციუმი და სხვ.
- ტყვიის ექსპოზიციის პოტენციური წყაროების გამოსავლენად შეფასდეს საცხოვრებელი გარემო - შეგროვდეს დეტალური ანამნეზი სპეციალური კითხვარით.
- საჭიროების შემთხვევაში მოხდეს გარემო ფაქტორების ლაბორატორიული შესწავლა.
კვებასთან დაკავშირებული რჩევები
- ეცადეთ ბავშვს მისცეთ კალციუმით მდიდარი საკვები. კალციუმი აძლიერებს ბავშვის ძვლებს და ხელს უშლის ტყვიის შეღწევას ორგანიზმში. კალციუმით მდიდარია:
- იოგურტი/მაწონი და ყველი.
- მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მათ შორის ”ხუჭუჭა კომბოსტო”, იგივე კომბოსტო ”კალე,” და თალგამი, მდოგვი და მწვანე სალათის სახეობები.
- ფორთოხლის წვენი, სოიას რძე და ტოფუ (სოიას ყველი).
- დაკონსერვებული ორაგული და სარდინი.
კალციუმთან ერთად რკინაც ხელს უშლის ტყვიის შეწოვას ორგანიზმში. რკინას საჭირო რაოდენობით შეიცავს წითელი ხორცი, ღვიძლი, თხილი და ზღვის პროდუქტები.
რა არის სისხლში ტყვიის „დასაშვები“ დონე?
საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საერთაშორისო და ეროვნული მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ ტყვიის სხვადასხვა დასაშვები დონე იყო დადგენილი - 40 მკგ/დლ, 20 მკგ/დლ, 10 მკგ/დლ და სხვ.
ამჟამად ითვლება, რომ არ არსებობს ტყვიის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დონე. თუმცა, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, უნდა დაიგეგმოს გარკვეული ინტერვენციები, თუ ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე). ინტერვენციების მოცულობა დამოკიდებულია ტყვიის დონეზე და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
R