კეტო დიეტა, ცილების დიეტა, დუკანის დიეტა - ეს იმ პოპულარული კვების რეჟიმების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში და ხშირად რისკების გაცნობიერების გარეშე მიმართავენ ადამიანები.
AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, გასტროენტეროლოგი-ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა სწორედ დიეტების რისკებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე გვესაუბრება, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ჭარბწონიანობასა და ფატალურ შედეგებამდეც კი მიჰყავს ადამიანი.
- ჯაბა, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ორგანიზმს სხვადასხვა პოპულარული დიეტებისგან?
- როდესაც ვამბობთ დიეტას, ვგულისხმობთ კონკრეტულ სამკურნალო ჩარევას, რომლის ეფექტურობაც დამტკიცებულია სანდო, ავტორიტეტული, კლინიკური კვლევებით. არ მინდა, დავწვრილმანდე ნებისმიერ კონკრეტულ დიეტაზე, რომლის დაწყებასაც აპირებთ მეზობლის ან ვინმეს რჩევით, ამ თემასთან ასე თამაში არ შეიძლება.
დიეტა არის ცალკე მეცნიერება და ყველა ჩარევაზე, რასაც ჩვენ ორგანიზმს ვუპირებთ, მედიკამენტისა თუ დიეტის სახით, უნდა გვქონდეს წინასწარ სრულფასოვანი ინფორმაცია: რისთვის გვჭირდება, რა გვერდითი მოვლენები აქვს, როდის არ შეიძლება, რას უნდა ვუფრთხილდეთ.
დიეტა უნდა გვირჩიოს სპეციალისტმა, ინტერნეტში წავიკითხე და უი, ცილების შეზღუდვა თურმე კარგი ყოფილა, დაუშვებელი და სახიფათო მიდგომაა. შეიძლება გაუგებარმა დიეტებმა სხვადასხვა ორგანოები დაგვიზიანოს ან წონაში სწრაფად კი დაგვაკლებინოს, მაგრამ მერე ორმაგად მოგვამატებინოს.
- ყველაზე ცუდი შედეგი რა შეიძლება დადგეს?
- დიეტას ისევე, როგორც ნებისმიერ სამედიცინო ინტერვენციას, აქვს თავისი გვერდითი მოვლენები. ამ მხრივ განსაკუთრებით მინდა გამოვყო კვებითი დანამატები. პაციენტები ზოგიერთი კომერციული ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ მიქსტურებს და მცენარეულ ნაყენებს მიირთმევენ ამავე ორგანიზაციების მიერ შემუშავებული დიეტური სქემების პარალელურად. ხშირ შემთხვევებში ეს ღონისძიებები არ არის კლინიკურად დამტკიცებული და მათ არ სცნობს მედიცინა!
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერმა მცენარეულმა საშუალებამ და მიქსტურამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი! საბედნიეროდ ეს დაზიანება არის გარდამავალი ხასიათის და შედარებით მსუბუქი, რომელიც უმეტეს შემთხვევებში თვითგანკურნებადია სუბსტანციების მიღების შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ აღწერილია ისეთი მძიმე დაზიანებებიც, რომლებიც ფატალურადაც დასრულებულა.
- დიეტას თუ აქვს ასაკი, განსაკუთრებულად საშიში რა ასაკშია მკაცრი დიეტა?
- ბავშვის ორგანიზმის მეტაბოლიზმი სხვანაირია და მოზრდილის სხვანაირი. ნივთიერებათა ცვლა ასევე განსხვავდება სხვადასხვა დაავადებების არსებობის შემთხვევაში. არ არსებობს უნივერსალური დიეტა, რომელიც შაბლონურად მოერგება ყველას, ციროზიან პაციენტსაც და 5 წლის ჯანმრთელ ბავშვსაც. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - დიეტას უნდა არჩევდეს სპეციალისტი საჭიროებისამებრ.
ბავშვების შემთხვევაში შიმშილი და ექსპერიმენტები განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს, მზარდ ორგანიზმში გაუაზრებელმა ჩარევამ შეიძლება ჯანმრთელობის ძალიან საყურადღებო დაზიანება გამოიწვიოს. შეხედეთ დიეტებს, როგორც წამალს - უნდა იცოდეთ რატომ იღებთ, რას ელით მისგან, რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს და რა სარგებელი. თუ არ ხართ დარწმუნებული რომ ბენეფიტები გადასწონის რისკებს (და ამაში აპრიორი ვერ იქნებით დარწმუნებული, თუ საქმე ეხება მეცნიერებისთვის უცნობ დიეტებსა და სუბსტანციებს), მაშინ თავი უნდა შეიკავოთ მათგან.
უნივერსალური დიეტა არის მხოლოდ ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს წონის კონტროლს, ჯანსაღი საკვების ჭამას, მეტ ფიზიკურ აქტივობას, სწრაფ კვებაზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას
- კვების კუთხით ტრადიციული ქართული სუფრა როგორია?
- თავისი ისტორია და ბექგრაუნდი აქვს. ყველაფერში დოზირებას აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ ყოველდღე შევჭამთ ხინკალს და აჭარულ ხაჭაპურს, რა თქმა უნდა მოვიმატებთ წონაში. ეს საჭმელები როდესაც შეიქმნა, თავისი ისტორიული კონტექსტი ჰქონდა, იმიტომ რომ სჭირდებოდა მაშინდელ ქართველს ამდენი კალორიის ამ სახით და ამ ჯერადობით მიღება.
დღეს სხვა გარემოში ვცხოვრობთ, სხვა ორგანიზმი გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა როგორც ჰეპატოლოგმა, რომ ერთადერთი პროდუქტი, რომელიც დადასტურებულად ცუდია ღვიძლისთვის არის ალკოჰოლი, სხვა არც ერთი პროდუქტი არ არის პირდაპირ საზიანო ღვიძლისთვის.
- ხშირად ადამიანები მარხვას დიეტადაც აღიქვამენ...
- მარხვის დროს უფრო მეტ ცომეულსა და მშრალ საკვებს იღებს ადამიანი. როგორც წესი, მარხვა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანო არ არის, მაგრამ არსებობს დაავადებები, რა დროსაც მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მაგალითად, ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს, პაციენტებს ვურჩევთ რომ გარკვეული პროდუქტები დაუშვან რაციონში. მარხვა წონაში დასაკლებად არ არის მოგონილი, ეს არის მორწმუნეებისთვის, რომ სულზე იზრუნონ და ხორცი დათრგუნონ. წონაში დაკლებისთვის უნდა მივმართოთ მედიცინას და არა - ეკლესიას.
- ბოლო დროს მოდაშია ვარჯიშის დროს საკვები დანამატებისა და აბების მიღება, რომლებიც აძლიერებს ორგანიზმს. მათ გამოყენებაზე რას გვეტყვით?
- სპორტულმა კვებითმა დანამატებმა შეიძლება ღვიძლის შემთხვევაში მსუბუქი დარღვევები გამოიწვიონ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს გარდამავალი იქნება მათი შეწყვეტის შემდეგ. ჯანმრთელ ადამიანებს არ გვჭირდება ზედმეტი სუბსტანციები. დიეტები და მედიკამენტები სჭირდებათ კონკრეტულ პაციენტებს და არა ჯანმრთელ ადამიანებს. პაციენტებს კი რჩევებს აძლევს ცალსახად ექიმი და არა სხვა სპეციალობის წარმომადგენელი.
- გვითხარით "ოქროს წესი" ფორმის შესანარჩუნებლად.
- მათ, ვისაც დარღვევები აქვთ - უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც გამოიკვლევს ჭარბი წონის თანმხლებ დაავადებებს და დაიწყებს მდგომარეობის კომპლექსურ მართვას. ნორმალური წონის მქონე პირები კი უნდა იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მიირთვან ჯანსაღი საკვები რეგულარულად და არ ჩაიტარონ საკუთარ თავზე ექსპერიმენტები.
- წყლის მიღება თუ უწყობს წონაში კლებას ხელს? ოქროს წესად იქცა დღეში ორი ლიტრის დალევა...
- ჯანმრთელმა ადამიანებმა წყალი უნდა დავლიოთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი გვთხოვს. ჩვენი ორგანიზმი დაპროექტებულია ჩვენზე გაცილებით ჭკვიანი გონის მიერ და ამიტომ მან უკეთ იცის, რამდენი წყალი სჭირდება არსებობისთვის. წყლით გაჭყეპვა და 2-3 ლიტრი დალევა ჯანმრთელ პირებში, განსაკუთრებულად მოწოდებული არსად არის.
უზმოზე თუ ვინმე წყალს სვამს დიდი ოდენობით, ხშირად ამას მადის დასაქვეითებლად აკეთებს, მაგრამ ეს ჯანმრთელობასთან არაფერ შუაშია
ჩვენმა ორგანიზმმა თავად იცის რამდენი სითხე მიიღოს დღეში. ამის ბალანს თავად დაიცავს და მივანდოთ ეს მას. მთელი რიგი დაავადებების დროს, ორგანიზმის წყლით ზედმეტად დატვირთვა შეიძლება სახიფათოც კი იყოს. მაგალითად, თირკმლის, ღვიძლის დაავადებების დროს.
2 ლიტრი წყალი დღეში არანაირი ოქროს წესი არ არის! მეტსაც გეტყვით - განსაკუთრებით სკეპტიკურად შეხედეთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც იწყება ამ სიტყვებით „ოქროს წესი“.
მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და როცა მოსწყურდება დალიეთ წყალი, როცა არ მოსწყურდება - არ დალიოთ. თუ არაბუნებრივად ბევრი წყალი გინდათ, მიაკითხეთ ექიმს - შეიძლება ეს გარკვეული დაავადების მანიშნებელიც კი იყოს. ერთი "ოქროს წესი" მაინც გამახსენდა ახლა: ნაკლები ძალადობა ჩვენს ორგანიზმზე და ნაკლები გაუაზრებელი ექსპერიმენტი ჩვენს თავზე.