თბილისში, კალოუბნის 36 ნომერში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალებს სამართალდამცავები ამ დრომდე ადგენენ. იმ საბედისწერო დღეს ვარკეთილში, 9-სართულიანი კორპუსის სახურავზე ახალგაზრდები ავიდნენ. მათ შორის თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ყუშიტაშვილიც იყო. ბიჭებმა სახურავზე დიდხანს დაყვეს, საღამოს 9 საათი ხდებოდა, როცა ადგილობრივები ქალის განწირულ ხმაზე გარეთ გავიდნენ და შემზარავი სურათი დახვდათ, სახურავიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდნილიყო. როგორც ტრაგედიის ერთ-ერთი შემსწრე ამბობს, ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა სამწუხაროდ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე გარდაიცვალა: "საშინელი ხმა გავიგეთ, გვეგონა რაღაც შეჯახება მოხდა, რომ გამოვედით გარეთ ეს საშინელი სურათი ვნახე. ბავშვი პირქვე ეგდო დამხობილი. ერთი ქალბატონი მივარდა, თქვა ჯერ ცოცხალიაო... სასწრაფო რომ მოვიდა, გარდაცვლილი იყო, პულსი გაუსინჯეს, მეტი არაფერი გაუკეთებიათ. მალე პოლიციაც მოვიდა. ბიჭი ჩვენს კორპუსში არ ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, მეგობართან იყო მოსული. რაც მოხდა, ამის მიზეზი არ ვიცით". თავიდან ითქვა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო, მეორე ვერსიაც გავრცელდა და თვითმკვლელობას განიხილავდნენ, თუმცა თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ გიორგი ყუშიტაშვილის სკოლის პედაგოგები და ახლობლები.
თბილისის 108-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია მღვდელაძე:
- შეძრულები ვართ მომხდარით. გიორგი საოცრად კარგი ადამიანი, კარგი მოსწავლე, ძალიან მეგობრული და უკეთილშობილესი იყო. ამდენი წელი სწავლობდა ჩვენს სკოლაში და შენიშვნა არასოდეს მიგვიცია. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ყველაფრით დაჯილდოვებული იყო. კარგი სპორტსმენი, კარატისტი, ძალიან კარგი ოჯახის შვილი, მხიარული. სამი შვილი ყავთ მის მშობლებს, მისმა ორივე დამ ოქროს მედალზე დაამთავრა ჩვენი სკოლა. ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ და ეს არის დიდი ტრაგედია. იმ დღეს ჩვეულებრივ იყო სკოლაში, გაკვეთილებს დაესწრო. შაბათს მისი კლასი ექსკურსიაზე ბოლნისის სიონში იყო წასული, მეც მათთან ერთად ვიყავი. წლის საუკეთესო კლასად დასახელდა მათი კლასი და ექსკურსიაზე წასვლით დავაჯილდოვეთ. სკოლამ საკუთარი ხარჯით წაიყვანა ისინი. ძალიან აქტიური იყო გიორგი, საოცრად კარგად მღეროდა, გიტარაზე უკრავდა, ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ყველაფერი ახლა ჩვენს თავს ხდება, მაგრამ მწარეა რეალობა.
- ვისთანაც იყო იმ დღეს გიორგი სახურავზე ასული, ისინი რას ამბობენ, თქვენი სკოლის მოსწავლეები იყვნენ მასთან ერთად?
- კლასელებთან ერთად იყო. ახლა ათას არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და გთხოვთ დაველოდოთ გამოძიებას. რა მოხდა, არ ვიცით. უბანია, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ჩემი სკოლის მოსწავლეა ნახევარი უბანი, ვისთან ერთად იყო და რა მოხდა ამას გამოძიება დაადგენს. არ ვიცით, ზუსტდება და რა გაირკვევა გამოჩნდება. წაიკითხეთ სრულად