პროფესიით ელექტროინჟინერია, ამბობს, რომ სულ სამ სამსახურში იმუშავა - "კიროვის ქარხანაში", სადაც განაწილებით მოხვდა, აფხაზეთის ომის დროს სამხედრო ნაწილში და ბოლოს - საქართველოს პარლამენტში, სადაც უკვე 21 წელია, გახმოვანების განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტია.
ნუკრი მაქარაშვილს ამ წლების განმავლობაში პარლამენტის ყველა თავჯდომარის პირობებში უმუშავია. მისი ფუნქციაა, დარბაზში იდეალური გახმოვანება უზრუნველყოს.
"ჩვენ ვრთავთ და ვუთიშავთ დეპუტატებს მიკროფონს, ოღონდ, მაშინ, როცა ამას სპიკერი იტყვის.
არ გვაქვს მოდუნების უფლება იმ კუთხით, რომ სხდომებს უნდა ვუსმინოთ, ადრე კიდევ უფრო რთულად იყო საქმე, რადგანაც დარბაზში შედარებით სუსტი მიკროფონები იყო. ახლა უკეთესი ტექნიკაა," - გვიყვება ბატონი ნუკრი და პარლამენტის ყველა იმ თავმჯდომარესაც იხსენებს, ვისთანაც უმუშავია და დღემდე მუშაობს - ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილე, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე...
"თავიდან ცოტა რთული იყო ეს საქმე, მაგრამ თანდათან შევეჩვიე... ხომ ვამბობ, მიკროფონის ჩართვა-გამორთვა კი გვეხება, მაგრამ გამომსვლელი რას იტყვის, ამაზე ჩვენ აღარ უნდა ვინერვიულოთ. მეგობრები ზოგჯერ ხუმრობით მეტყვიან ხოლმე: შენი ბრალია, თუ რომელიმე დეპუტატი რაიმე უცნაურს იტყვის.
თუმცა, მე ვასრულებ ჩემს საქმეს, თანაბარი ენთუზიაზმით მიკროფონს ვურთავ როგორც ოპოზიციას, ისე უმრავლესობას, მაგრამ ჩემს ჩართულ მიკროფონში ვინ რას იტყვის, გინდაც ეს გავრილოვი იყოს, მე არ მეხება...
- ქუთაისის პარლამენტშიც მუშაობდით?
_ ქუთაისში რომ ჩავედით, იქაურ დარბაზში ყველაფერი იდეალურად იყო. შესანიშნავი აპარატურა გვქონდა, დარბაზი ყველაფერზე კარგად იყო გათვლილი, მუშაობისას პრობლემა არ გვქონია...
- დეპუტატობაზე არასდროს გიფიქრიათ?
- პოლიტიკური პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ და პარლამენტის წევრი როგორ გავხდებოდი?! თუმცა პოლიტიკური ყოველთვის ვიყავი... მიშა სააკაშვილი პარლამენტში 2003 წლის 23 ნოემბერს რომ შემოვიდა, იმ დღეს მიტინგზე ვიყავი, არადა, მაგ დღეს შევარდნაძის პარლამენტში სხდომა იწყებოდა და გამოვიქეცი, რომ დარბაზს მოვმსახურებოდი. ცოტა ხანში კი ისიც ვნახე, სააკაშვილი დარბაზში ვარდით ხელში და ყვირილით - გადადექი, როგორ შემოიჭრა...
- მაგ დროს დარბაზში მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა - "ჰიმნი თავისუფლებას" აჟღერდა და როგორც გავიგე, ის მაშინ თქვენ გაგიშვიათ...
- როდესაც მიშა შემოვიდა, ხმაური ატყდა, ვიღაცები მაგიდებზე აცვივდნენ, აბრახუნებდნენ... იმ დროს ჩემთან ერთად ვერანდაზე ჟურნალისტი თამარ ბოდოკია იყო, რომელმაც იდეა შემომთავაზა, რამე მუსიკა ხომ არ გავუშვათ, იქნებ დაწყნარდნენო.
მერე ჩემს უფროსს ნუგზარ ლომიძეს ვკითხე - ასეთი აზრი გაჩნდა და რა ვქნათ-მეთქი? რამე პატრიოტული ნახე და გაუშვიო. ხელში რაც შემრჩა, ეს სიმღერა იყო და გავუშვი...
ალბათ კადრები გემახსოვრებათ, ძალიან მალე დაწყნარდა სიტუაცია და ყველაფერი ზეიმში გადავიდა...
- ე.ი. იცოდით რა სიმღერას რთავდით?
- რა თქმა უნდა და ისიც ვიცოდი, რა პასუხისმგებლობაც იყო, თუ ისინი უკან დაბრუნდებოდნენ, "მაგრად დაჰკარი" კი არა, კარგადაც დამკრავდნენ, ამას ვხდებოდი, მაგრამ რადგანაც მომეცა ამის საშუალება, უარი არ მითქვამს, შანსი ხელიდან არ გავუშვი...
ბევრჯერ მომისმენია - ყველაფერი დაწერილი სცენარი და დადგმული იყოო, რაც ტყუილია! არავინ იცოდა, თავში რა მომივიდოდა, ან იმ წუთებში, ისე უცებ რა სიმღერას ვიპოვიდი, ან კიდევ თამარ ბოდოკიას რომ არ ეთქვა და ჩემს უფროსს არ ეკარნახა, პატრიოტული მოძებნეო, იმ ხმაურში ალბათ სულ სხვა რამ შეიძლებოდა, მომხდარიყო. ფაქტია, რაც მოვიმოქმედეთ, სიტუაციას წაადგა.
- რას გაიხსენებდით თქვენი 21-წლიანი საპარლამენტო ისტორიიდან, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარეებთან ურთიერთობისას?
- ნინო ბურჯანაძეს თავმჯდომარეობისას ასეთი ტრადიცია ჰქონდა: ყოველ 1-ელ სექტემბერს, პარლამენტში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მოჰყავდა, პირველკურსელებს ესაუბრებოდა, არასამუშაო დღეს საათობით ხვდებოდა მათ.
ერთხელაც, შაბათ დღეს მორიგეობამ მომიწია და გავამზადე ამ შეხვედრისთვის დარბაზი, ყველა მიკროფონი გავსინჯე, ხმა დავაყენე. დაიწყო სხდომა და ერთმა სტუდენტმა ქალბატონ ნინოს უთხრა: იქნებ ჩენი შეხვედრა, საქართველოს ჰიმნით დავასრულოთო. ნინო ბურჯანაძემ ვერანდაზე ამომხედა, სადაც ვართ ხოლმე და მანიშნა. მეც თავი დავუქნიე, კი ბატონო, გავუშვებ-მეთქი. ის პერიოდი იყო, რომ ჰიმნი ახალი შეცვლილია და სულ ორჯერ მაქვს მოსმენილი. შევედი, გამოვიტანე აუდიოფირი, დავაყენე, ჩავრთე და... ძველი ჰიმნი არ აღმოჩნდა? არადა, ყველა ფეხზე დაგას!
სხდომას ორი პარლამენტარი: დავით ბაქრაძე და კოტე გაბაშვილი ესწრებოდა, მანიშნებენ, ხელს მიქნევენ, რომ გამორთეო. ბოლოს მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ახალი ჰიმნი მალევე მოვძებნე. ყველაფერი წამებში მოხდა. პაუზაც არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძე ამას მიხვდა და შეხვედრა ძალიან მშვიდად დაასრულა - აი, ორივე ჰიმნიც მოგასმენინეთო. იმ ახალგაზრდებს კი ვუთხარით, რომ პროგრამამ აურია, მაგრამ რეალურად ჩემი უნებლიე შეცდომა იყო...
ისე, ეს ალბათ ჩემი არამუსიკალურობის ბრალია, თუმცა „თავისუფლება ლომთა ხვედრიამ“ გამიმართლა... მოკლედ, პატარ-პატარა კურიოზები მქონია, რაც ახლა სახალისოდ მახსენდება...
- ბატონო ნუკრი, თქვენ სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის მამა ხართ, რომელიც "სირცხვილიას" აქციების ერთ-ერთი სახეა... რა თქმა უნდა, მხარდამჭერებიც ჰყავს, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე ადამიანიც. როგორც მამა, როგორ აფასებთ და რას ურჩევთ მას?
- რა თქმა უნდა, მუდმივად ვაკვირდები, სადაც უნდა იყოს - ტელევიზიაში, თუ აქციაზე. უკვე არც ისე პატარაა, 34 წლის არის და ჭკუის დარიგებას ნაკლებად მიიღებს... საერთოდ ბავშვობიდან აქტიური იყო. სკოლაში თუ რამე ხდებოდა, მაგის ინიციატივით ხდებოდა. ბოროტი არასდროს ყოფილა და არავისთვის ცუდი არ ნდომია. დარწმუნებული ვარ, ცუდს არასდროს გააკეთებს და არავისთან კონფლიქტში არ შევა.
ერთადერთი, რაც არ მომწონს და სულ ვეუბნები - ნუ ბილწსიტყვაობ-მეთქი, მაგრამ ზოგჯერ წამოსცდება სოციალურ ქსელში... რასაც იმით მიხსნის, რომ ჩემი ბილწსიტყვაობა უფრო პოზიციაა, ვიდრე ის, რაც რეალურად გესმისო. ამ ფორმით უფრო გამოხატავს პოზიციას ამა თუ იმ მოვლენისა თუ ფაქტის მიმართ... მასთან ერთად სვანეთშიც წავედი, ზუგდიდშიც ჩავედი, სადაც ფეხით სიარულის ორი აქცია დაასრულა. მოკლედ, მისი მხარდამჭერი ვარ...
- ე.ი. ბავშვობაშიც ასეთი იყო, როგორიც დღეს?
- მუდმივად აქტიური, ნიჭიერი, ადრე ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში და მესამე კურსიდან ტელევიზიაში ზაზა შენგელიამ აიყვანა სამუშაოდ, როცა არხის ხელმძღვანელი იყო. თავიდანვე წარმატებულად დაიწყო. მერე კი რაღაცები აერია, მაგრამ ნიჭს ვერავინ წაართმევს...
- ისევ პარლამენტს რომ დავუბრუნდეთ - მუშაობას როგორ პარლამენტში ისურვებდით?
- იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფო საბჭო შეიქმნა, რომელსაც ვახტანგ გოგუაძე ხელმძღვანელობდა, მე სხვა სამუშაო მქონდა, პარლამენტში არ ვიყავი და არ მქონდა საშუალება, დავკვირვებოდი მათ მუშაობას, მაგრამ ვინც იმ დროიდანაა ჩვენთან, ამბობს, რომ მაშინ ყველა აქტიური კაცი პარლამენტში იყო და ამბობენ, რომ ძალიან აქტიური იყო პარტლამენტის საქმიანობაც.
იმის მერე დეპუტატების მხოლოდ 10% თუ აქტიურობს. ახლა მაჟორიტარების გარეშე რომ იქნება პარლამენტი, იმედი მაქვს, მეტად ქმედითი გახდება...