ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ახალ დაკავებებს არ გამორიცხავს.
დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესის შემდეგ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში კომენტარი პირველად გაკეთა და განაცხადა, რომ ამ საქმესთან ვისაც კი ჰქონდა შემხებლობა, ყველას დააკავებენ.
"სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაჭერა წავა. ვგულისხმობ ბავშვებსაც, დამნახავებსაც. სამოხელეო ნაწილზე დაწყებულია გამოძიება. ვისაც ამ საქმეში ოდნავი წვლილი მიუძღვის, ყველა დაისჯება. საქმის მასალებიდან ძალიან კარგად იკვეთება, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მისაცემი. ეს შთაბეჭდილება აქამდეც შექმნილი მქონდა, მაგრამ დღეს რა თქმა უნდა, გამიმყარდა რამდენიმე მოწმის ჩვენებით", - განაცხადა სარალიძემ.
მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ოქტომბერს, 16:00 საათზე დაინიშნა.