გენერალური პროკურატურა ე.წ. შეწყალების საქმეზე გიორგი ოთხმეზურს გამოკითხავს. ოთხმეზური საგამოძიებო უწყებაში დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.
გენერალური პროკურატურა ოთხმეზურს სავარაუდოდ, პრეზიდენტის მიერ მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალებაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მასთან კომუნიკაციის საკითხზე დაუსვამს კითხვებს.
ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში უკვე გამოიკითხა კიდევ ერთი მოკლულის, სოსო ქოიავას მამა თამაზ ქოიავა, რომლის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულიც ასევე პრეზიდენტმა შეიწყალა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწალთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები შეიწყალა. ქოიავას მკვლელობისთვის მჯავრდებული რამდენიმე წლის განმავლობაში იძებნებოდა. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.