ავტორი:

"91 წლის პარიზში გავხდი!" - გაიცანით კასპელი ბებო, რომელსაც ოჯახმა მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა

"91 წლის პარიზში გავხდი!" - გაიცანით კასპელი ბებო, რომელსაც ოჯახმა მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა

ნათელა ფარემუზაშვილს ცხოვრების ოცნება 91 წლის ასაკში აუხდა. 15 სექტემბერს, თავის დაბადების დღეზე შვილმა, რძალმა და შვილიშვილმა პარიზში წაიყვანეს, სადაც მოხვედრაზე ქალბატონი ნათელა მთელი ცხოვრება ოცნებობდა...

ეს გულისამაჩუყებელი ისტორია "ფეისბუქზე" ნათელა ბებოს რძალმა, მარიამ პაპაშვილმა გაავრცელა. AMBEBI.GE პარიზიდან დაბრუნებულებს დაუკავშირდა და ამ ადამიანებს ახლოდან გაგაცნობთ.

"15 სექტემბერს 91 წლის პარიზში გავხდი. მადლიერი ვარ ყველასი, არაჩვეულებრივი დაბადების დღე მქონდა!" - გვეუბნება მოხუცი, რომელსაც მანამდე 90-ჯერ აღნიშნული დაბადების დღიდან რომელიმეს გამოყოფა უჭირს და დასძენს - "როგორც ყველას, ალბათ მეც თითქმის ისეთი იუბილეები მქონია, უმეტესად კარგი, მაგრამ ეს იყო დიდებული და მშვენიერი“.

ნათელა ფარემუზაშვილი გვეუბნება, რომ პარიზი ისეთი წარმოედგინა, როგორიც წიგნებში წაუკითხავს და ეს ქალაქი ზუსტად მისი წარმოდგენების შესაბამისი აღმოჩნდა:

"ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვერსალმა მოახდინა. იქ რომ მოვხვდი, გამახსენდა მუხრან მაჭავარიანის ლექსი, მეფე ლუი XIV-ზე რომ წერს, ხალხი რომ იყო შეკრებილი და ის ხალხი არ ადარდებდა, ფანჯრიდან იცქირებოდა და კატას ეფერებოდა, ანუ ხალხის ბედი მეფეს არ ანაღვლებდა... ეს სტროფები იქ ცხადად გავიხსენე..."

- ქალბატონო ნათელა, უამრავმა ადამიანმა ნახა ვიდეო, სადაც თქვენ ეიფელის ფონზე დგახართ და თქვენი რძლის თხოვნით, ფრანგულად ლექსს კითხულობთ. რა ლექსი წაიკითხეთ?

- ის ლექსი რაღაცნაირად ჩემს ცხოვრებას წააგავს. ავტორი ძველ ამბებს იხსენებს და ამბობს, რომ, როგორც ზღვა მოცურავე გემის გარეშე არაფერია, ისე არ შეიძლება ჩემს მეხსიერებაში წაიშალოს კარგი მოგონებები და მომავლის სასიამოვნო სურვილები...

- როგორც გაირკვა, წლების განმავლობაში სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდით. პროფესიით ფრანგული ენისა პედაგოგი ხართ?

- ბევრი წლის წინ სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი დავამთავრე. ვმუშაობდი ჯერ კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, შემდეგ კასპის მეორე საშუალო სკოლაში და ბოლოს სამუშაოდ გიმნაზიაში მიმიწვიეს. შუალედებში სარედაქციო სამუშაოსაც ვითავსებდი, კორექტორი გახლდით. 52-წლიანი სტაჟი მაქვს...

72 წლის ვხდებოდი, როცა შვილიშვილი დაიბადა და მუშაობას თავი დავანებე, თან, უკვე მრცხვენოდა კიდეც, ხანდაზმული ადამიანი ვმუშაობდი და ადგილი ახალგაზრდებს დავუთმე.

- გვიამბეთ თქვენს ოჯახზეც...

_ ორი შვილი მყავს, ორი ვაჟკაცი, რომლებიც გამრავლდნენ, შვილები და შვილიშვილები ჰყავთ. 4 შვილიშვილისა და 2 შვილთაშვილის ბებია ვარ. უმცროსი ვაჟი ამერიკაში ცხოვრობს, უფროსი საქართველოშია.

- ოცნება ამჟამად უფროსმა ვაჟმა და მისმა მეუღლემ, ქალბატონმა მარიამმა აგიხდინათ - საფრანგეთში წაგიყვანეს...

- კი, მათი მოწადინება იყო ეს. რომ არა ისენი, მე ამას დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოცნება მოსვენებას არ მაძლევდა, არაფერი გამომივიდოდა... ვერც მანამდე მოხერხდა ამ სურვილის ასრულება, რადგანაც მანამდე ევროპა ჩვენთვის ჩაკეტილი იყო, რკინის კარი ჰქონდა და ესეც ყველას ხელს გვიშლიდა. თან, მასწავლებლის დაბალი ხელფასით ასეთი სურვილის ასრულებას ვერასდროს შევძლებდი... ახლა კი, შვილმა და რძალმა ასეთი პატივი მცეს.

- თავიდან, როცა გაიგეთ, რომ პარიზში მიჰყავდით, როგორი რეაქცია გქონდათ?

- ძალიან გამიხარდა! თავიდან მოულოდნელობისგან ცოტა დავიბენი, თან ვერც ვიჯერებდი, მაგრამ ოჯახის წევრებმა ყველანაირად ხელი შემიწყეს.

ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ, მე ვეუბნებოდი, რომ თვითმფრინაით 5-ჯერ მიმგზავრია, მოსკოვში დავდიოდი ხოლმე... ნუ გეშინიათ ფრენას არასდროს შევუწუხებივარ და ამასაც ავიტან-მეთქი. ჰოდა, ეგრეც მოხდა, ავიტანე. მერე ჩემმა უმცროსმა შვილმა ამერიკაში რომ ცხოვრობს, პარიზში დამირეკა - როგორ ხარ, თვითმფრინავით მგზავრობა, ხომ არ გაგიჭირდაო... ისე ავიტანე, მგონი, თორმეტსაათიან ფრენასაც შევძლებ და უნდა ჩამოვიდე შენთან ამერიკაში-მეთქი.

სურვილები ხდება... როცა ადამიანი ცოცხალია, ცოცხლად უნდა ჰქონდეს ყველაფერი გამიზნული და დამიჯერეთ, შეუსრულებელი არაფერია. ახალგაზრდებს მინდა, ვთხოვო - უფროსების პატივისცემა მეტად ისწავლონ, გაუფრთხილდნენ მათ, რადგანაც დაბერება ყველას მომავალია. ძალიან ძნელია, მაგრამ რას ვიზამთ, გარდაუვალი რამ არის.

მარიამ პაპაშვილი, ნათელა ფარემუზაშვილის რძალი:

- ქალბატონ ნათელას დისშვილი ექიმი ჰყავს, ჩემი დაც ექიმია, მათ კიდევ სხვა სპეციალისტებიც ჩართეს, მთელი გუნდი დაირაზმა და ფრენისთვის მომზადეს...

შემდეგ დაბადების დღეს მგონი, ამერიკაში წავა... ყოჩაღი ბებოა! ასეთი იყო სულ. ახალგაზრდობაში ერთად გვიყვარდა სიმღერაც და ცეკვაც. ჩვენს ოჯახში სუფრა რომ გაიშლებოდა, არ არსებობდა, მე და ჩემს დედამთილს არ გვეცეკვა და გვემღერა... 23 წლის ვიყავი ამ ოჯახში რომ შემოვედი, მალე 60 წლის გავხდები, უკვე ბებია ვარ... ასე შეხმატკბილებუად მოვდივართ სულ...

ჩემი გოგონა გერმანიაში ცხოვრობს, იქ დაამთავრა მაგისტრატურა, დოქტორანტურა და იქვე დაოჯახდა, სიძე იტალიელ-გერმანელია და ბებიას დაბადების დღეზე, გერმანიიდან პარიზში ისინიც ჩამოფრინდნენ.

- ქალბატონო მარიამ, რას ფიქრობდით, სანამ ამ ჩანაფიქრს განახორციელებდით?

- საერთოდ მჩვევია ისეთი საქმის წამოწყება და ბოლომდე მიყვანა, რასაც მგონია, რომ სხვა ვერ შეძლებს. ცხოვრებაში სულ ასე ვიყავი. ყოფილი სპორტსმენი ვარ, ბარიერების დაძლევა სულ მიყვარდა. ამიტომ, რაც დამისახავს მიზნად, ყველაფრისთვის მიმიღწევია. დაუძლეველი არაფერია!

რაც შეეხება ამ მიზანს - დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობდი, რომ რაღაც უნდა გვექნა და მოგვეხერხებინა. მაგრამ როდესაც ფინანსური საშუალება გაგვიჩნდა, რომ ეს ოცნება დედამთლისთვის ამეხდინა, ამასობაში ცოტა დაუძლურა, ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა, რასაც ძალიან განვიცდიდით.

მერე ინტერნეტში ვიდეო ვნახე, სადაც ასაკოვანი ქალბატონი ეტლით დაჰყავდათ მუზეუმების დასათვალიერებლად. ჩემი დედამთლი ეტლით მოსარგებლე არ არის, თავისით დადის, მაგრამ მოძრაობა შენელებული აქვს. ვიდეო რომ ვნახე, მაშინვე მივხვდი, რომ ეტლი გააადვილებდა ბევრ რამეს და სწორედ ის დაგვეხმარებოდა ამ იდეის განხორციელებაში.

ამიტომ ეტლი აქვე ვიქირავეთ, ნათელა ბებო მასში ჩავსვით და ახლა ამბობს, ამ ეტლით მოგატარეთ საფრანგეთიო. მართლა ასე იყო, ყველგან გვიქნევდნენ ხელს, გვიღიმოდნენ, ურიგოდ გვიშვებდნენ და სწორედ ამიტომ მოვასწარით ლუვრის, ვერსალის დათვალიერება, ეიფელის კოშკზე ავედით. 5 კაცი დავეწყობოდით და ნათელა ეტლით მიგვიძღებოდა.

პარიზში ოჯახის ოთხი თაობა ვიყავით წარმოდგენელი: ჩემი დედამთილი, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი გიორგი და ჩემი შვილიშვილი ალექსანდრე... მოკლედ, ასეთი არაჩვეულებრივი მოგზაურობა გვქონდა!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ