ავტორი:

"შიშველს მიღებდნენ, დედა გადაღებებს ესწრებოდა" – ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე

"შიშველს მიღებდნენ, დედა გადაღებებს ესწრებოდა" – ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე გადაცემა „ახალი კვირა“ ახალ დეტალებს ასაჯაროებს - როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მოზარდი ამბობს, ფოტოსესიებზე მთლიანად შიშველსაც იღებდნენ, პროცესს კი ხშირად დედაც ესწრებოდა. ამასთან, ბავშვს აფრთხილებდნენ, რომ ამის შესახებ არც მამასთან და არც სხვა ახლობლებთან ესაუბრა.

დედას მოზარდი შვილი სოფლიდან თბილისში, დიდუბეში ჩამოჰყავდა, შემდეგ კი დიდუბის ავტოსადგურიდან ბავშვისთვის უცნობ მამაკაცს ისინი ფოტოსესიაზე მიჰყავდა. ის ფოტოსესიაზე სხვა არასრულწლოვნებსაც ხვდებოდა, ბევრი - მისი თანატოლი და მეგობარიც იყო. ფოტოების სანაცვლოდ დედა თანხას იღებდა. ბავშვის ბებია ამბობს, რომ მან მხოლოდ გოგონას ის ფოტოები ნახა, სადაც ლამაზ კაბაში პოზირებს. რძალმა მას აუხსნა, რომ გოგონას ფოტოებს უცხოური ჟურნალებისთვისა და ქუჩის სარეკლამო ბანერებისთვის იღებდნენ. ბებიამ რამდენიმე ფოტო, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა, სოციალურ ქსელში გააზიარა, თუმცა რძალმა ის სასწრაფოდ წააშლევინა. მისი თქმით, შვილიშვილი გადაღებებში დაახლოებით 8-9 თვის განმავლობაში მონაწილეობდა.

„ფოტოებს კაბებში მიღებდნენ, საცურაო კოსტიუმშიც და მერე ფოტოების გადაღება ტანსაცმლის გარეშეც დაიწყეს. შიშველსაც მიღებდნენ ფოტოებსაც და ვიდეოსაც. დედაჩემი ზოგჯერ ამ გადაღებას ესწრებოდა, მამა - არასდროს დასწრებია ჩემს ფოტოსესიას. მაფრთხილებდნენ, რომ ეს არავისთვის მეთქვა, დედაც მაფრთხილებდა. შიშით არ მეშინოდა, იმიტომ რომ მეუბნებოდნენ, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო,“ - განაცხადა გოგონამ „ახალ კვირასთან“.

სამართალდამცველებმა საქმეზე 10 დაზარალებული ბავშვი გამოავლინეს, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა, დამნაშავეთა და მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს. დაზარალებულები 8-დან 14 წლამდე გოგონები არიან, მათი ფოტოები შსს-მ ოპერატიული მასალის სახით გაასაჯაროვა. მიუხედავად იმისა, რომ სახეები იდენტიფიცირებული არ იყო, მოზარდების ნაწილი თანაკლასელებმა და თანასოფლელებმა ამოიცნეს. რამდენიმე მათგანმა ამის გამო სკოლაში სიარული შეწყვიტა.

ერთ-ერთი გოგონას ბებია ამბობს, რომ დედის დაკავების შემდეგ ბავშვი სოფელში ვეღარ გაჩერდა. მისი რძალი კი, რომელიც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დააკავეს, ორსულად არის და დიაბეტიც აქვს.

„როგორ უნდა დაველაპარაკო ბავშვს, არც ეგ არ ვიცი... 14 წლის ბავშვს ფსიქოლოგი სჭირდება, მე როგორ უნდა დავამშვიდო, მე თვითონ უკვე დასამშვიდებელი ვარ. ეგ ქალიც (რძალი) შაქრიანია, წნევიანია, თან ფეხმძიმედ არის, ხომ მოკვდება ის უბედური...“

შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი ქალი აგვისტოში ამერიკის მოქალაქესთან ერთად დააკავეს. „ახალი კვირის“ ინფორმაციით, სწორედ ის ეხმარებოდა ინგლისური ენის პედაგოგს ბავშვების მოძიებაში და მან ამ საქმიანობაში საკუთარი ძმიშვილიც ჩართო.

ბავშვების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის მოზარდი გოგონების მშობლები

შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა მისი მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია -   პოლიციელის საქმის დეტალები, რომელმაც  წალენჯიხაში კოლეგას ესროლა

ნარკოდანაშაულზე  ბერთან ერთად დაკავებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა