"ფეისბუქზე" პოეტი თორნიკე ნაროზაული ავრცელებს წერილს, რომელიც, მისი თქმით, ციხიდან 20 ივნისის აქციაზე დაკავებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა გამოუგზავნა. წერილის ავტორის მტკიცებით, საპროტესტო "სირცხვილიას" ორგანიზატორებს სუს-ი მართავთ.
"ორ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები და ყველაფრის მიუხედავად ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, თუმცა, რაც ჩემი დაკავების შემდეგ ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, ეს უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება.
თავს უფლებას ვერ მივცემ ვისაუბრო მრავლობით ფორმაში და ამ საქმეზე დაკავებულ სხვა პირთა სახელით, რადგან შესაძლოა ვინმეს განსხვავებული და საკუთარი პოზიცია გააჩნდეს, ამიტომ რასაც ქვემოთ მოვყევები, ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია იქნება.
სანამ უშუალოდ 20-21 ივნისის ღამეზე დეტალურად ვილაპარაკებ, მანამდე, სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის, ექიმებისთვის, მეცნიერებისთვის, ინჟინერებისთვის, მეწარმეებისთვის, სამღვდელოებისთვის, ემიგრანტებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის, პროკურორებისტის, მოსამართლეებისთვის და სხვა დანარჩენი საზოგადოების გასაგონად ვიტყვი, რომ დღეს საზოგადოებას ორი მტერი ჰყავს:
მტერი N1 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული პარტიები თუ დაჯგუფებები დამტერი N2 ქართული ოცნება და მათ ფან-კლუბად გადაქცეული ინსტიტუტები და ორგანოები, რომლებიც, რეალურად, ნაც.მოძრაობის დონაციას ეწევიან და შემდეგ მათი ანტი-სახელმწიფოებრივი ქმედებებით მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში ამყოფებენ ქვეყანას, აგერ უკვე 9+7 წელია.
ეს ორი ძალა ერთმანეთთან შეთანხმებულნი, გამუდმებით ცდილობენ, ერთმანეთთან ვითომ ბრძოლით და ლანძღვა-გინებით ყურადღება გადაიტანონ იმ პრობლემებიდან, რაც ხალხს აწუხებს და რაშიც ქვეყანა იხრჩობა.
ესენი ქმნიან ახალ-ახალ დაჯგუფებებს და ორგანიზაციებს, სტუდენტებს და ზოგადად ახალგაზრდებს აქტივობისკენ მოუწოდებენ, აქეზებენ და აღაგზნებენ შემდეგი სიტყვებით:
თქვენ ამ ქვეყნის ცოცხალი გმირები ხართ, თქვენ ხართ ახალი ეროვნული ძალა, თქვენისთანა თაობა ქვეყანას არ ახსოვს და კიდევ უამრავი მსგავსი ეპითეტით ექსტაზში ამყოფებენ, ექსპლუატაციას უწევენ და თავიანთი მერკანტილური მიზნებისთვის იყენებენ.
ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი არის ანტი-საოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილია“, რომელსაც იმ სამარცხვინო ღამის შემდეგ, დღემდე დაკავებული აქვს და ფაქტიურად იცავს პარლამენტის ტერიტორიას იმ ხალხისგან, ვისაც ნამდვილი პროტესტი აქვს და ვინც არცერთი ძალისაგან არ არის მართული.
ასეთი ადამიანების ყოველთვის ეშინია იმ ხელისუფლებას, რომლის უტიფრობასაც საზღვარი არ აქვს და რომლის უნიათობით დაღლილ ერს ისღა დარჩენია, ქუჩაში გამოვიდეს და იქამდე იდგეს, სანამ კიდევ ერთხელ არ მიაღწევს დროებით სამართლიანობას.
„სირცხვილიას“ ორგანიზატორებს და მათ მომხრეებს მართლა ჰგონიათ, რომ ისინი დამოუკიდებლები და თავისუფლები არიან და ვერც კი აცნობიერებენ, რომ „სუს“-ი მართავთ.
ცოტა ხნის წინ „სუს“-ს ჰყავდა კიდევ ერთი მსგავსი ორგანიზაცია, სახელწოდებით „თეთრი ხმაური“, რომელმაც თავისი საქმე ზედმიწევნით კარგად შეასრულა და რომელსაც ყავლის გასვლა „ბოდიშით“ ამცნო მინისტრმა.
არც მათი მხარდამჭერები არ ფიქრობდნენ, რომ მათ ვინმე მართავდათ და მათაც დანმდვილებით ეგონათ, რომ ქვეყანას ემსახურებოდნენ. სინამდვილეში კი ისინი ემსახურებოდნენ ქაოსს, ქაოსს რომელსაც უნდა გადაეფარა უფრო დიდი რამ, ვიდრე ისინი აპროტესტებდნენ. მათი ერთ-ერთი ორგანიზატორი პირდაპირ ხაზზე იყო „სუს“-ის მაღალჩინოსანთან და დაწვრილებით აბარებდა ანგარიშს ყოველი აქციის შემდეგ, ახლა ეს ადამიანი მშვიდად დასეირნობს ქუჩაში და ზოგჯერ კამერების წინაც კეკლუცობს, სპეცსამსახურების ხელფასზე ზის და ზოგს საზოგადო მოღვაწედაც კი ეცნობა, ძნელი გამოსაცნობი არაა ვისაც ვგულისხმობ.მსგავსი ორგანიზაციები, ყოველთვის ნაც.მოძრაობის კალთის ქვეშ ცხოვრობენ, რათა საჭიროების შემთხვევაში ნამდვილი პროტესტის ხმა ჩაახშონ.
გაიხსენეთ ნებისმიერი გულწრფელი პროტესტი და გაიხსენეთ ვისი მეშვეობით იქნა დაშლილი ყველა ის მიტინგი თუ აქცია, სადაც საზოგადოება ერთად დადგა და ხმა აიმაღლა უსამართლობის წინაშე.გეგმა ყოველთვის მარტივია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას იკავებენ ადამიანები, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობას და როდესაც ხელისუფლება მატ რაოდენობაში საფრთხეს ხედავს, დაუყოვნებლივ აყავს სცენაზე ჯერ „სუს“-ის ორკესტრირებული ორგანიზაცია და შემდეგ ნაც.მოძრაობის ან ევროპული საქართველოს რომელიმე ლიდერი, რაც იმის მომასწავებელია, რომ აქცია და გულწრფელი პროტესტი დასასრულისკენ წავა, რადგან არც ერთი ღირსეული ადამიანი ამ ქვეყანაში მათ გვერდით არ დადგება. ასე იყო და არის ბოლო მოვლენების დროსაც.
ახლა კი კონკრეტულად 20-21 ივნისის ღამეზე ვიტყვი მათთვის, ვისაც სიმართლე აინტერესებს და მათთვის ვინც იცნობს ზ.ბუდაღაშვილს.პარლამენტის წინ ღამის 12 საათზე მივედი, მაშინ, როცა აქციის მონაწილეებს უკვე ფარები და ხელკეტები ჰქონდათ წართმეული და ერთ-ადგილას იყვნენ მოგროვებულები.
პოლიცია ამ ადამიანებს არც კი ეკარებოდა, სამაგიეროდ აუხსნელი სიძულვილით გამოირჩეოდა მათ მიმართ, ვინც იმ დღის უმსგავსობას ნამდვილად აპროტესტებდა და არცერთი პარტიისგან არ იყო მართული. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ ვნახე და რომლებსაც დიდი ხანია ვიცნობ.
ამ გაუგებარი და ერთმანეთთან დაუკავშირებელი პროცესების დროს გადავინაცვლე აქციის მონაწილეების შუა ნაწილში და დავიწყე ნაცნობი ადამიანების ძებნა, რა დროსაც დაიწყო სროლა და ჩემს გარშემო ერთი მეორეს მიყოლებით სისხლში ამოისვარნენ ის ადამიანები ვინც კოსტავას ყვიროდა, ვინც ანწუხელიძეს ყვიროდა, ვინც საქართველოს ყვიროდა...შემდეგ კი იცით როგორც მოვიქეცი...
ახლა კი მათ მოგმართავთ, ვის თავშიც ამ ყველაფერ უმსგავსობასთან ერთად ჩემი დაჭერა მოიხარშა:
მხოლოდ დაჭერით არ დაკმაყოფილდით და შემდეგ ღირსების შელახვის მცდელობით გააგრძელეთ და დღემდე არ ჩერდებით, რაც იმაში გამოიხატება, რომ ლამის სახელმწიფოს გადატრიალებას და ქვეყნის ღალატს მაბრალებთ და თან მიმტკიცებთ, რომ ამ ყველაფრისკენ მელიამ მომიწოდა.
პირველ ბრალდებაზე თავისუფლად შემიძლია გაცინება, მაგრამ მეორე ბრალდებაზე ვერ ვიცინი ბატონო მინისტრო. მელიას მოწოდებულზე გამქცევები თქვენსკენ მოიკითხეთ!
აქვე გეტყვით, რომ ჩემი ზნეობის საცავს ოკეანეები აწევს და ვერასოდეს ვერ შეძლებთ შეეხოთ ჭუჭყიანი ხელით, იმასაც გეტყვით, რომ თქვენს მიერ წარდგენილი ბრალის თაბახის ფურცლებზე, ყოველ დილით პურის გულს ვფხვნი და მტრედებს ვაჭმევ.
ამ წერილის დასკვნითი და მთავარი ნაწილი კი ასეთია:
ვიცი, რომ გიჭირთ და ჩვენი ციხეში გაჩერებით იმ ვერსიის გამყარებას ცდილობთ, რომლის მიხედვითაც ჩვენ სახელმწიფოს გადამტრიალებლები ვართ, თქვენ კი გმირი. ეს მიდგომა თქვენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის ლოგიკურია, მაგრამ არა სამართლიანი. თქვენთვის ისიც ლოგიკური იქნება თუკი ამ საქმეზე კიდევ რამოდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს დაიჭერთ და საზოგადოებაში თქვენი ვერსიის კიდევ უფრო გამყარებას ეცდებით და ალბათ ამასაც აიტანს და მოითმენს ის საზოგადოება, რომელიც სოციალურ ქსელებში დასპონსორებული გვერდების მეშვეობით, შეთქმულების თეორიით მოწამლეთ და თუ ვინმეს მართლა გადატრიალება უნდოდა (როგორც თქვენ ამბობთ), ის პარლამენტში გიზით.
კი, ალბათ ამ ყველაფერს მართლა მოითმენს ვიღაც, მაგრამ არა ზ.ბუდაღაშვილი.
თვქენ სრულიად უსაფუძვლოდ მითხარით უარი გირაოზე, რადგან ცხელ კვალზე სიმართლის გაჟღერების შეგეშინდათ და კიდევ ერთხელ მომაყენეთ შეურაცხყოფა, როცა სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებულს გირაოზე უარის მიზეზად, მიმალვის საფრთხე დამისახელეთ.
ყოველდღე ტელევიზიით გამოდიხართ და მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს (ფორმალურად, მაგრამ მაინც) და ოფიციალურად ჯერ არაფერი დადგენილა, საათში ერთხელ არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას და იძახით, რომ პარლამენტის შტურმით აღება მინდოდა.
ერთხელ მაინც გიფიქრიათ რას ვგრძნობ?
ერთხელ მაინც გიფიქრიათ რას გრძნობენ ჩვენი ოჯახის წევრები?პირდაპირ მესიჯს უგზავნით სასამართლოს, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი და გავიწყდებათ მოძალადე პოლიციელთა ნაწილი, რომლებმაც, თქვენთან გარიგებული ნაც.მოძრაობის პროვოკაციის წყალობით, სისხლით შეღება რუსთვაელი იმ დრს, როცა მთელი მსოფლიო გვაკვირდებოდა თუ როგორ ვაპროტესტებდით ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის უმსგავსობას.
სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, პატრიოტიზმი ნაძირლებისთვის უკანასკნელ თავშესაფრად იქცა და ამაში მთავარი წვლილი თქვენს ხელისუფლებას მიუძღვის.
ყველაფერს აქვს საზღვარი და აღარ ვაპირებ იმის მოსმენას, რასაც მთელი ამ ხნის მანძილზე მთავაზობთ, ამიტომ, გადავწყვიტე ვიმოქმედო ისე, როგორც საკუთარი ღირსება მკარნახობს.
თუკი მომავალი სასამართლო სხდომიდან გირაოს სანაცვლოდ არ გამათავისუფლებთ და არ მომცემთ საშუალებას სათანადოდ დავიცვა თავი და საკუთარი ღირსება ამ უსამართლობისაგან, მაშინ პირობას გაძლევთ, რომ გირაოს საკუთარი სისხლით გადაგიხდით და პირდაპირ ეთერში გაყურებინებთ თვითმკვლელობას, რომლის სისხლიც ერთიანად ჩაგრეცხავთ თქვენ და ნაც.მოძრაობას, აი მერე კი მართლა მიიღებთ ასე ნანატრ შტურმს!"
20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს: ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ივლისში შეეფარდა.
დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი აღიარებს.