ბავშვთა პორნოგრაფია, ბოლო წლების განმავლობაში, საუბედუროდ, სულ უფრო პოპულარული ხდება. იმის მიუხედავად, რომ არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის ქმედება უმეტეს ქვეყანაში და მათ შორის - საქართველოშიც ისჯება, მძიმე შემთხვევები მაინც ძალიან ხშირად ხდება.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის განმარტებით, ბავშვთა პორნოგრაფია ნიშნავს ბავშვის, რომელიც ასრულებს რეალურ, ან სიმულირებულ აშკარა სექსუალური ხასიათის მოქმედებას, გამოსახვას ნებისმიერი საშუალებით ან ნებისმიერი სახით. ეს შესაძლოა იყოს ფოტოსურათები, თვალსაჩინო და აუდიო წარმოდგენა, წერილობითი აღწერა, მოთხრობები, დაწერილი პასაჟები, ანიმაციები...
ინტერნეტის საშუალებით კი, უმეტესად, ჟურნალების, წიგნების, ნახატების, ფილმების, ვიდეოკასეტების, მობილური ტელეფონების და კომპიუტერული დისკების ან ფაილების მეშვეობით ვრცელდება.
ბავშვთა პორნოგრაფია დღეს ასევე მოიხსენიება, როგორც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალა. აშშ-ს სექსუალური ძალადობის ეროვნული რესურსცენტრის ინფორმაციით, 18 წლამდე ოთხიდან ერთი გოგო და ექვსიდან ერთი ბიჭი ხდება სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. მოძალადეების დაახლოებით 90% ბავშვის ახლობელია - ნათესავი, ოჯახის მეგობარი, მეზობელი, მასწავლებელი, მწვრთნელი.
„მოძალადეები გარეგნულად ძალიან თბილები, მზრუნველები, მოსიყვარულეები ჩანან, სწორედ ამ თვისებებით ახერხებენ საშინელი ქმედებების განხორციელებას“ - აცხადებს ლოს-ანჯელესელი ყოფილი პროკურორი რობინ საქსი, რომელიც ბავშვების მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ზეწოლაზე მუშაობდა.
ვებპორტალის Parents.com ინფორმაციით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ბავშვები ვერ ხვდებიან, რომ ისინი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდნენ. ძალადობის დროს, შესაძლოა, ვერ იგრძნონ ტკივილი, ანდა - მოძალადე ბავშვს საერთოდ არ შეეხოს (მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ზრდასრულები მსხვერპლს აყურებინებენ პორნოგრაფიას ან - აიძულებენ, ფოტოსესიისთვის გაშიშვლდნენ). ხშირად კი სიტუაციას ის ფაქტი ართულებს, რომ მოძალადე ბავშვისთვის პატივსაცემი ადამიანია.
ხშირად ისინი საიდუმლოდ ინახავენ ძალადობას, რადგან დაბნეულები და შეშინებულები არიან, ან - საკუთარ თავს დამნაშავედ მიიჩნევენ.
„მოძალადე არცხვენს და აშინებს მსხვერპლს, ემუქრება დასჯით, თუ ის ვინმესთან იტყვის მომხდარის შესახებ,“ - ამბობს ლინდა ჯონსონი, რომელიც ბავშვების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია.
როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვები დავიცვათ?
საუკეთესო პრევენცია მათთან საუბარია, რაც ნამდვილად არ არის ადვილი. უნდა ვიცოდეთ, როგორ ველაპარაკოთ ბავშვს მისი ასაკის შესაბამისად. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ვენდოთ საკუთარ ინტუიციასაც - შესაძლოა, ინსტინქტურად გვქონდეს ეჭვები ადამიანების მიმართ, ვინც ბავშვთან დიდ დროს ატარებენ. რობინ საქსის თქმით, ასეთ ადამიანებს შორის, შესაძლოა, იყვნენ მეზობლები, ან ახლობლები, რომლებიც ხშირად გთავაზობენ, დაუტოვოთ ბავშვი, თუ არ გცალიათ.
ამასთან, სპეციალისტების რჩევით, თუ ბავშვი ამბობს, რომ კონკრეტულ ადამიანთან სიახლოვე არ სურს, ძალიან სერიოზულად მიუდექით საკითხს.
როგორ ვისაუბროთ შევიწროებაზე
თუ ბავშვი ოდესმე დაიწყებს საუბარს ძალადობაზე, თქვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გმართებთ.
„ყურადღებით მოუსმინეთ, იყავით მოსიყვარულე და მხარდაჭერა აგრძნობინეთ,“ - ამბობს ლინდა ჯონსონი. მისი თქმით, ბავშვების მონათხრობი ძალიან იშვიათად არის სიცრუე.
როგორ უნდა მოიქცეთ საუბრის დროს, მზა რეცეპტი არ არსებობს - ბევრ რამეს განსაზღვრავს ბავშვის ასაკი, ეჭვმიტანილი და რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ძალადობა. ფსიქოლოგ ჯული მედლინის რჩევით, საუბრის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარი სხეულის ენას - გადაიხარეთ მისკენ, უყურეთ თვალებში, თავი აგრძნობინეთ დაცულად და კომფორტულად. დაარწმუნეთ, რომ მისი გჯერათ და სწორად მოიქცა, რომ მომხდარის შესახებ გიამბოთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, რომლებიც საჭირო მხარდაჭერას და დახმარებას იღებენ, მდგომარეობიდან გამოსვლას ახერხებენ.
როგორ ავარიდოთ სექსუალური შევიწროება - სპეციალისტები რჩევებს ასაკის გათვალისწინებით :
2-4 წლამდე ბავშვებთან სწორად გამოიყენეთ სიტყვები.
„ნუ გამოიყენებთ ევფემიზმებს. ვაგინას უწოდეთ ვაგინა, პენისს - პენისი. ეს ამცირებს დაბნეულობის შანსს და ბავშვს უმარტივებს სექსუალურ საკითხებზე ისაუბროს თქვენთან," - ამბობს საქსი.
აუხსენით, რომ არსებობს სხეულის ნაწილები, რომლებიც სხვას არ უნდა აჩვენოს. მან უნდა იცოდეს, რომ არის ადგილები, რომელსაც მშობლებისა და ექიმის გარდა არავინ უნდა შეეხოს. თუ შეეხებიან, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა გიამბოთ და ამის გამო თქვენ არ გაბრაზდებით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თქვენთან ყველაფრის თქმა შეუძლიათ და ის მუდმივად უპირობოდ გეყვარებათ.
დაამსხვრიეთ სექსუალობასთან დაკავშირებული ტაბუები. თუ 4 წლის ასაკის ბავშვი გეკითხებათ, როგორ ჩნდებიან ბავშვები, უპასუხეთ მოკლედ, გულწფელად, ასაკთან შესაბამისად.
„თუ ბავშვს ვეტყვით, რომ ჯერ პატარაა ამის გასაგებად, ან - არ დაგვისვათ მსგავსი კითხვები, ეს იქნება გზავნილი, რომ მას ჩვენთან ყველაფერზე საუბარი არ შეუძლია,“ - ამბობს ფსიქოლოგი რობინ ქასლი.
5-8 წლის ასაკში : თუ ბავშვი უარს ამბობს ჩაეხუტოს ან აკოცოს ნათესავებს, მხარი დაუჭირეთ მას.
თუ ბავშვს ეცოდინება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მის გვერდით იქნებით და არ გაკიცხავთ, მოძალადეების მთავარ იარაღს - დაშინებასა და შერცხვენას გაანეიტრალებთ.
ყურადღებით იყავით ინტერნეტთან - ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ასაკში ბავშვები მარტო არ უნდა დავტოვოთ ელექტრონულ მოწყობილობებთან. მუდმივად აკონტროლეთ, რა მასალას უყურებს ის ინტერნეტში.
9 წლიდან ზემოთ - გააგრძელეთ საუბარი მათთან. რაც უფრო მიუახლოვდებიან ზრდასრულობის ასაკს, იმატებს შანსი, თანატოლებმაც დააშინონ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის პოტენციური მოძალადე - მუდმივად დაარწმუნეთ, რომ არასოდეს არის ბავშვის ბრალი, თუ ვინმე მის დაშინებას ცდილობს.