არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს პოლ გრეგორ ლეხმანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. ადვოკატი კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალის გადაღება ბრალდებულის სახლში მიმდინარეობდა. გოგორელიანის განმარტებითვე, სწორედ ავსტრალიის მოქალაქე ახდენდა გადაღებული მასალის რეალიზებასაც.
"ავსტრალიის მოქალაქეს ბრალად ედება როგორც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება და გავრცელება, ასევე ტრეფიკინგი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ. სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი. უშუალოდ, მის კომპიუტერში ნაპოვნია ფოტოსურათები, რაზეც არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, როგორც პიროვნების იდენტიფიცირებასთან, ასევე პირნოგრაფიულ შინაარსთან დაკავშირებით. ბრალდებული აღნიშნული მასალის რეალიზებას თავად ახდენდა", - განაცხადა გოგორელიანმა.
ბრალდებულის ადვოკატის, ნინო ტაბატაძის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
"საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, დაცვის მხარე თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონმდებლობით განსაზღვრულ დასაბუთებული სტანდარტის ვარაუდს ვერ აკმაყოფილებს. ბრალდებული კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას ინარჩუნებს და სასამართლოს წინაშე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არ იყოს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე გამოყენებული. თუმცა, ალტერნატივის სახით, სასამართლოს გირაოს გამოყენებას შევთავაზებთ. დანარჩენ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კონკრეტულ მონაცემებს და ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ", - აცხადებს ტაბატაძე.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. დაკავებულთაგან 10 პირს აღკვეთოს ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.