ავტორი:

რატომ არ შეიწყალა არც ერთმა პრეზიდენტმა პატიმარი დიჯეი, რომელსაც შეწყალებაზე რობერტ სტურუას რეკომენდაცია აქვს

რატომ არ შეიწყალა არც ერთმა პრეზიდენტმა პატიმარი დიჯეი, რომელსაც შეწყალებაზე რობერტ სტურუას რეკომენდაცია აქვს

2013 წელს დიჯეი მიხეილ თოდუა, 12 გრამი ექსტაზის ფლობისთვის დააკავეს და ცხრა წელი მიუსაჯეს. მიხაილო (Michailo), როგორც მას მუსიკალურ წრეებში იცნობენ, 2000 წლიდან უკრავდა სხვადასხვა კლუბში, იყო დიჯეი. ციხეში მოხვედრის შემდეგ აქტიურად გააგრძელა მუსიკის შექმნა; რუსთავის მე-16 საპყრობილეში გაკეთებულ სტუდიაში აგრძელებს მუშაობას, ამ წლებში შექმნა სპექტაკლისთვის საუნდტრეკები, დოკუმენტური ფილმისთვის კომპოზიციები...

მიხაილო 6 წელია სასჯელს იხდის და ამ წლების განმავლობაში მისი მეგობრები და ოჯახის წევრები მცდელობას არ აკლებენ, რომ მისი გათავისუფლება მოახერხონ - შეწყალების თხოვნით არაერთხელ მიმართეს პრეზიდენტს, წამოიწყეს კამპანია - "მე თანახმა ვარ", შეაგროვეს ათასობით ხელმოწერა, თუმცა ამაოდ...

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს აქტით, მკვლელობისთვის გასამართლებული ადამიანები შეიწყალა, სოციალურ ქსელში აქტივისტმა ზუკა მახარაშვილმა, ემოციური წერილი გამოაქვეყნა:

"არსებობს ერთი გოგო, რომელსაც ყველა ახალი შეწყალების გაგების დროს ვწერ ხოლმე და ვეკითხები, შეიწყალეს თუ არა მისი ქმარი. პასუხი. რათქმაუნდა არა, უკვე სასაცილოდ აღარ ყოფნის.

წარმოიდგინეთ, ყავს შვილი, რომელსაც მამა არ უნახავს და ჰგონია ამერიკაში მუშაობს, არადა მამამისი ციხეში ზის 6წელია უკვე, მდმა-ს ფლობის გამო, ხოდა ეს ბიჭი არის პროდიუსერი, დიჯეი და არტისტი, რომელსაც ციხეში მოუწყეს ოთახი, სადაც წერს მუსიკას, საიდანაც წერს ისეთ მუსიკას, რომელსაც დიდი გამოხმაურება აქვს მსოფლიოში. მასზე წერენ Resident Advisor, Telekom Electronic Beats და სხვა ცნობილი გამოცემები, რომლებიც ჩამოვიდნენ და ციხეში ჩაწერეს მასთან ინტერვიუ.

წინა პრეზიდენტის სახელზე დაიწერა უამრავი შეწყალების თხოვნა, არსებობს ციხის ადმინისტრაციის დახასიათება, არსებობს შეწყალების თხოვნა, ხოდა იმ ცნობილი ვიდეოს არ იყოს, ამდენი შესაწყალებელი ადამიანი ზის უსამართლოდ და იტანჯება და რა გახდა ერთი ეს ბიჭი რომ გამოვიდეს?

ამაზე უსამართლობა ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება! 9 წელი მიუსაჯეს ტიპს, საიდანაც 6 წელი სანიმუშო ქცევით გაატარა ციხეში, ციხეში საიდანაც ყველას უშვებენ ამის გარდა...

სამართლიანობა უნდა დაიწყოს ამ ბიჭიდან, ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ ერთად შეგვიძლია ამ ბიჭის დახსნა ჯოჯოხეთიდან, რომელშიც როგორც თვითონ ამბობს, უკვე საკმარისად დაისაჯა!" - ვკითხულობთ პოსტში.

AMBEBI.GE პატიმარი მუსიკოსის, მიხეილ თოდუას მეუღლეს, სალომე წივწივაძეს დაუკავშირდა:

- დაახლოებით წელიწადნახევარია რაც შეწყალებაზე ბოლო განაცხადი დავწერეთ. ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის პერიოდში რამდენჯერმე დავწერეთ და ყურადღება არ მოგვაქციეს. ბოლოს შეტანილი განცხადებები, სარეკომენდაციო წერილები, კონტრაქტები, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ სტუდიებთან აქვს, ახალ პრეზიდენტთან ავტომატურად გადავიდა.

ბოლოს რომ დავრეკე მითხრეს, თქვენი განცხადება მოხვდება განხილვაშიო, ვიცოდი რომ მარიამობისთვის შეწყალება იქნებოდა, მაგრამ არ მოხვედრილა

მე-16 დაწესებულებას აქვს შენობა, სკოლასავით და იქ აქვს მიხაილოს ოთახი, სადაც ჩვენი ხარჯებით მოვუწყეთ სტუდია. იქ ქმნის მუსიკას და ციხეში დისკიც გამოუშვა...

- რატომ არ განიხილა მიხაილოს საქმე თუნდაც წინა პრეზიდენტმა?

- არ ვიცი, უსამართლობის განცდა მაქვს... უკვე მართლა ვერ ვხვდები, რა საქმით უნდა იჯდეს, რომ განიხილონ. არავის არ ვერჩი, მაგრამ მგონია რომ მსგავსი საქმით არავინ ყოფილა ვინც კი აქამდე შეწყალებულა. რა კრიტერიუმებით არჩევენ, ვერ ვხვდები.

იმდენჯერ ველოდი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში შეწყალებას, რომ იმედი დავკარგე. მიხეილი არასოდეს არანაირ შემხებლობაში არ ყოფილა პოლიტიკასთან, ძალიან შორს იყო აქტივობებისგან, ამიტომ პოლიტიკას ვერ დავაბრალებებ ამ უყურადღებობას. თავადაც უსამართლობის განცდა აქვს, მასაც ჰქონდა მოლოდინი რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ ისე წავიდა წინა პრეზიდენტიც...

კი, 12 გრამი მდმა-ს ფლობა არის დანაშაული, მაგრამ რამდენად ადეკვატურია 9 წლით თავისუფლების აღკვეთა? ჩემი მეუღლე არის მუსიკოსი, მას არავისთვის არაფერი დაუშავებია და უსამართლობაა დაისაჯოს, როგორც მოძალადე ან მკვლელი. ის ექვსი წელია პატიმარია და ვთვლი, რომ დანაშაულის ადეკვატური ზომა უკვე მოიხადა.

- რეკომენდატორი თუ ჰყავდა შეწყალების თხოვნისას?

- დიახ, გერმანელები იყვნენ ჩამოსული, სტუდიებისა და ივენთ ჯგუფის წარმომადგენელიც, სტუდიებთან ვისთანაც თანამშრომლობს ყველას რეკომენდაცია გვაქვს. ასევე მონაწილეობდა რუსთაველის თეატრის სპეტაკლში და თეატრიდანაც გვაქვს სარეკომენდაციო წერილი.

- რუსთაველის თეატრიდან ვისი რეკომენდაცია ჰქონდა?

- ბატონი რობერტ სტურუა აწერდა ხელს განცხადებას და რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობი, ვინც მონაწილეობდნენ ამ სპექტაკლში.

- ბოლოს შეტანილ საბუთებში არის რობერტ სტურუას რეკომენდაცია?

- დიახ, ყველა საბუთებშია, რამდენჯერაც გვითხოვია შეწყალება. 3 წელი დარჩა მოსახდელი, ექვსი წელი გაატარა ციხეში და ახლა შეუძლია გამოვიდეს, გარკვეული საათები გარეთ იყოს და დანარჩენი ციხეში გაატაროს, სპეციალური ელექტოსამაჯურით. მიხაილომ დაწერა ამაზე განცხადება და პასუხს ველოდებით.

- რა რეაქცია გქონდათ, როცა ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალა და თქვენი ქმარი შეწყალებულთა სიაში არ იყო?

- იმდენი ხანია მესმის სიტყვა შეწყალება, რომ ჩემამდე აღარ ვუშვებ ამ ინფორმაციას... გუშინ გავიგე ეს ამბავი და შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის.

მთავარი ფოტო: www.electronicbeats.net

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ