ბლოგერი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალებულთა შორის მისი მაზლის, იოსებ ქოიავას მკვლელი ზურაბ ნადირაძეცაა:
"ჩემი უსაყვარლესი მაზლის, იგივე ჩემი ძმის - სოსო (იოსებ) ქოიავას მკვლელი - ზურაბ ნადირაძეც შეუწყალებია პრეზიდენტს. 1994 წლის 19 იანვარს სამხატვრო აკადემიასთან ნადირაძემ ტაქსიდან იმ წამის გადმოსულ სოსოს პირდაპირ გულში მოარტყა ტყვია და ჩემი უახლოესი ადამიანებიც უმძიმესად დაჭრა მუცლის არეში, ძლივს გადავარჩინეთ... ზურაბ ცხაკაიას სული გაანათლოს ღმერთმა, მან გადაგვირჩინა, სოსო საავადმყოფოში მიყვანამდე უკვე აღარ სუნთქავდა...
ამდენი წელი ინტერპოლით ვეძებდით მკვლელ ზურაბ ნადირაძეს, ძლივს დააკავეს, ჩამოიყვანეს, გაასამართლეს, 11 წელი მიუსაჯეს და აჰა, მეხივით დაგვეცა შეწყალება... რა ვთქვა, არც ვიცი...
ყველა ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილი დაარწმუნეთ ზურაბ ნადირაძის უდანაშაულობაში, უბრალოდ ხართ უნამუსოები, ყველაფრის მკადრებლები და რაც ყველაზე ცუდია, თქვენ პრეზიდენტის რეპუტაცია ფეხებზე გკიდიათ, ან სპეციალურად მოუწყვეთ! რადგან მთელმა თბილისმა იცის, როგორ ესროდა დამიზნებით და გამეტებით 20-21 წლის უიარაღო ბიჭებს 40 წლის არაადამიანი ზურაბ ნადირაძე!!! და არც გაბედოთ, რომ ნადირაძის თანმხმლებ ბიჭს დააბრალოთ რამე, მას არავისთვის არაფერი უსვრია!!! ზურაბ ნადირაძე რომ მკვლელია, ეს იყო პირველი წამებიდანვე ცნობილი და არასდროს არავის ამაში ეჭვი არ შეპარვია, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ბევრი მოწმის თანდასწრებით!!!
სალომე ზურაბიშვილი, რა ხდება ადმინისტრაციაში, ვინ მოამზადა ეს საქმეები, მით უმეტეს ასეთი გახმაურებული დამნაშავეების შეწყალებით, ვინ მოგიწყოთ ეს საბოტაჟი, თუ დავიჯერო, თქვენი ინიციატივა იყო მათი შეწყალება?!", - წერს მანჩო გიორგობიანი და "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ზურაბ ნადირაძის შესახებ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს ავრცელებს:
"ზურაბ ნადირაძის შეწყალება „მთავარ არხს“ ნადირაძის შვილმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა. ზურაბ ნადირაძის მიერ მოკლული იოსებ ქოიავას ოჯახი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა მის მრჩეველსა და საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას.
"იმედინიუსი" ზურაბ ნადირაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეეცადა, თუმცა ადმინისტრაციაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
ზურაბ ნადირაძე 23 წლის განმავლობაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 1994 წელს თბილისში ჩხუბისას ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთიც, გიორგი ქოიავა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე მაშინ ამტკიცებდა, რომ მას არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკურად დევნიდნენ, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს. ნადირაძე თავს ჩეხეთში აფარებდა, რომელიც მის ექსტრადიციაზე წლების განმავლობაში ამბობდა უარს. თუმცა 2017 წელს, ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა ნადირაძის საქართველოსი ექსტრადირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ნადირაძეს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი".
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულია. საუბარია ზურაბ ნადირაძეზე, რომელიც 1994 წელს თბილისში მომხდარი ჩხუბისას გიორგი ქოიავას მკვლელობაშია ბრალდებული. ის თავს ჩეხეთს აფარებდა. 2017 წელს ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრომ მისი საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ზურაბ ნადირაძე ამტკიცებდა, რომ არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდის, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. ის ჩეხეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ამასთან, ნადირაძის შვილმა „მთავარ არხს“ დაუდასტურა ინფორმაცია შეწყალების შესახებ.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნადირაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ წევრებმა. ამასთან, სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.