ავტორი:

ვინ წაიყვანს 9-საათიან "კურიერს"?

ვინ წაიყვანს 9-საათიან "კურიერს"?

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით "რუსთავი 2"-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი წაიყვანენ.

ჩვენი ინფორმაციით, 9-საათიანი "კურიერის" წამყვანებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ყველაზე აქტიურად სწორედ ეს ორი სახე განიხილება.

ირაკლი იმნაიშვილი სავარაუდოდ, უხელმძღვანელებს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურსაც. ის ამ თანამდებობაზე რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ წარადგინა.

"მას მთელი საქართველო იცნობს. ის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტია, რომელმაც თავისი შეუპოვრობით საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. ეს პიროვნება არის ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დიდი ხანია დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობს" - აღნიშნა პაატა სალიამ.

ირაკლი მნაიშვილი წლების წინ ტელეკომპანია "მზეში" მუშაობდა, შემდეგ კი რამდენიმე წლის დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ცხოვრობდა და ტელეკომპანია BBC-ში მუშაობდა.

რაც შეეხება ნინო შუბლაძეს, არსებული ინფორმაციით, ის "რუსთავი 2"-ში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოსტსაც დაიკავებს. შუბლაძე "რუსთავი 2"-ში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, იყო არხის გენერალური დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, თოქ-შოუს წამყვანი. ტელეკომპანია 2014 წელს დატოვა და მას შემდეგ სამთავრობო უწყებების პრესსამსახურში მუშაობდა.

ინფორმაციის გადამოწმება ნინო შუბლაძესთან ვცადეთ, მაგრამ ბოლო ბოლო დღეების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ის AMBEBI.GE-ს ზარებს არ პასუხობს. დავუკავშირდით ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, თუმცა პაატა სალიამ კატეგორიულად უარყო AMBEBI.GE-ის ინფორმაცია 9-საათიანი "კურიერის" წამყვანებთან დაკავშირებით.

სალია ტრადიციულად უარს ამბობს არხთან დაკავშირებით სიახლეები გაავრცელოს და ამბობს, რომ აჯობებს განახლებულ ეთერს დაველოდოთ:

- ბატონო პაატა, რა პრინციპით შეარჩიეთ ცხრასაათიანი "კურიერის" წამყვანებად ირაკლი იმნაიშვილისა და ნინო შუბლაძის წყვილი?

- ვინ გითხრათ, რომ გადაწყდა? ჩართეთ 9-საათიანი კურიერი როდესაც დაიწყება და ნახავთ, მანამდე ანონსებიდანაც გაიგებთ ვინ იქნებიან წამყვანები. არ გიდასტურებთ, მაგრამ რომ ჩართავთ 9-საათიან კურიერს ნახავთ. მე არ გიდასტურებთ და სხვა რა გითხრათ?

- ამ ადამიანებს სხვა პოზიციებზე მოიაზრებდნენ საზოგადოება ტელევიზიაში...

- ვინ სად მოიაზრებს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ რა ინფორმაციასაც ფლობთ თქვენი საქმეა და ჩვენ რას გავაკეთებთ, ამას ეთერში ნახავთ. მეტს ვერაფერს გეტყვით. როდის გავა ეთერში განახლებული ბადე, ამას გაიგებთ ჩვენი ტელევიზიიდან, საიტიდან და ფეისბუქ-გვერდიდან.

- დაიბრუნეთ ფეისბუქგვერდი? პრობლემები გქონდათ, რადგან მისი ადმინისტრატორი ნოდარ მელაძე იყო...

- დიახ, დაგვიბრუნა "ფეისბუქმა". მას შემდეგ რაც წარვადგინეთ ოფიციალური დოკუმენტაცია, შეუწყდა ნოდარ მელაძეს გვერდის ადმინისტრატორობა და გადმოგვეცა ჩვენ.

რაც შეეხება "კურიერის" სხვა გამოშვებებს, AMBEBI.GE-ის დღის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვების წამყვანები გურამ როგავა და თეონა ცხომელიძე იქნებიან.

როგავა "რუსთავი 2"-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ცოტა ხნის წინ გადავიდა, თეონა ცხომელიძე, კი რომელმაც "რუსთავი 2" რამდენიმე თვის წინ დატოვა, ტელეკომპანიაში ახალი ხელძღვანელობის პირობებში კვლავ დაბრუნდა.

მანანა არჩვაძეს და ანა ჯაბაურს კონფლიქტის გამო სხვადასხვა დრო აქვთ გამოყოფილი ცოტნეს მოსანახულებლად და ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან - ადვოკატი

როგორ არიან ინფექციურში მოთავსებული პაციენტები და რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

ჩინეთიდან თურქეთში გადაყვანილი საქართველოს მოქალაქეების ანალიზის პასუხები ცნობილია - თურქეთის ელჩის კომენტარი