ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია "ენ ეს გრუპის" თანამშრომელია.
როგორც ლაკირბაიამ "ინტერპრესიუსს" განუცხადა, კომპანია "ენ ეს გრუპი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A და E კორპუსებს შორის ეზოების მოწესრიგებისა და საკანალიზაციო ქსელის გამოცვლის სამუშაოებს აწარმოებს.
"უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. ადგილზე სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია "ენ ეს გრუპი". ჩვენ ტენდერი გამოცხადებული გვქონდა ეზოს რეაბილიტაციაზე და აგვისტოში გავაფორმეთ ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან. რაც შეეხება გარდაცვლილს, სამწუხაროდ, მასზე არ მაქვს ინფორმაცია, ის არ იყო ჩვენი თანამშრომელი - „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სხვა დაშავებული არავინ არ არის. როგორც მითხრეს, ორმოში ჩავიდა და ზემოდან მიწა დაეყარა.
ორმო საკანალიზაციო ჭა იყო თუ უბრალოდ გაჭრილი ორმო იყო, ვერ გეტყვით, რადგან ეზოს რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის გამოცვლის სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე, A კორპუსის მიმდებარედ, 600 ათასი ლარის სამუშაოები უნდა განხორციელდეს და პროცესი ოქტომბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს. დამატებითი დეტალები ჩემთვისაც უცნობია, რადგან ტერიტორიაზე ვერ შევდივართ, შიგნით პოლიცია მუშაობს, ჩვენც არ გვინახავს რა მოხდა", - განაცხადა ლაკირბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა. ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ.