ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს დიდი წარდგენა არ სჭირდება. სოფო კილაძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, ძალიან აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი საჯარო საქმიანობა ყველასთვის თვალსაჩინოა. თუმცა ყოველთვის საინტერესოა ახალგაზრდა, წარმატებული ქალის ცხოვრების გზა, რომელმაც განათლების მისაღებად საზღვარგარეთ ძალიან რთული გზა გაიარა და კარიერაც აიწყო. ამის მიუხედავად, ყველაფერი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა. 24 წლის ასაკში უკვე ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე მუშაობდა. 28 წლის ასაკში შს სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი იყო, 30 წლის კი შს აკადემიის პრორექტორი, 2011 წლიდან კითხულობს ლექციებს, არის არაერთი საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი. რა პიროვნული თვისებები დაეხმარა წარმატებაში, რას უფასებს მშობლებს ყველაზე მეტად და როგორია სინამდვილეში პარლამენტარ სოფო კილაძის ცხოვრება - ამის შესახებ ის თავად გვესაუბრება.
- საკმაოდ ადრეულ ასაკში საპასუხისმგებლო თანამდებობები გეკავათ. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ბევრი რამ მოასწარით. ბავშვობიდანვე მიზანდასახული იყავით?
- დიახ, ბავშვობიდანვე ძალიან მიზანდასახული ვიყავი. ამაში ალბათ ზოდიაქოც მიწყობს ხელს, თხის რქა ვარ. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა, მეტი წიგნი წამეკითხა. სკოლაში ყველა საგანსკარგად ვსწავლობდი. ტექნიკური საგნებიც ძალიან მიყვარდა. ნამდვილად მინდოდა და მომწონდა კარგად სწავლა, ცოდნის მიღება. გერმანიაში პირველ რიგში სწორედ კარგი განათლების მისაღებად წავედი, მაგრამ ასევე მინდოდა საკუთარი ძალები მომესინჯა. ჩვეულებრივი ქუთაისური ოჯახიდან გახლავართ და აქ გამიჭირდებოდა დამოუკიდებლობის მიღწევა.
- მშობლები რამდენად იყვნენ ჩართულნი თქვენს განათლებაში?
- მგონია, რომ ჩემმა მშობლებმა ყველაზე მთავარი რამ მომცეს - მიდგომა, რაზეც შემდეგ უნდა დააშენო შენი მომავალი. ჩემი მშობლები არ იყვნენ არასდროს მკაცრები, ისინი უბრალოდ მოტივაციას მაძლევდნენ და ხელს მიწყობდნენ. დანარჩენს თავად ვაკეთებდი. ჩემს ოჯახში ყოველთვის იცოდნენ წიგნისა და წესიერების ფასი. ამ ორმა რაღაცამ დიდი ბიძგი და მოტივაცია მომცა ცხოვრებაში. მგონია, რომ ჩემს მშობლებს სწორი მიდგომა ჰქონდათ და იმავეს ვცდილობ გავაკეთო ჩემს შვილთან მიმართებაშიც.
- სკოლა ახალი დამთავრებული გქონდათ, როცა გერმანიაში წახვედით. ასეთ ახალგაზრდა ასაკში არ გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში მარტოობა?
- ნამდვილად არ იყო ია-ვარდით მოფენილი გზა. თავიდან ძიძად წავედი, რადგან გერმანული არ ვიცოდი. მხოლოდ ინგლისურად და რუსულად ვსაუბრობდი. ერთი წელიწადი ოჯახში ვიმუშავე. 4 წლის ბავშვს ვუვლიდი და ამ ოჯახთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. რომ ამბობენ, გერმანელები ცივი ხალხიაო, ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ის ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობდი, გვერდით დამიდგნენ და ყველაფერში დამეხმარნენ. ერთ წელში იმდენი მოვახერხე, რომ ენაც საფუძვლიანად შევისწავლე. სხვათა შორის, თავად ვისწავლე, დამოუკიდებლად ისევე, როგორც მანამდე ინგლისური და რუსული. დღე ვმუშაობდი და ღამე ვსწავლობდი, შაბათ-კვირასაც სწავლისთვის ვიყენებდი. ერთ წელიწადში ჩავაბარე უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ამის მერე უფრო რთული პერიოდი დაიწყო. ენა ახალი ნასწავლი მქონდა, გერმანული იურიდიული ენის გაგება კი გერმანელებსაც უჭირთ, არათუ უცხოელებს. ვუყურებდი, როგორ იჭრებოდა სახელმწიფო გამოცდებზე უფროსკურსელების 30-40 პროცენტი და ამით სრულდებოდა მათი კარიერა. ემოციურად ძალიან რთული იყო ამის ყურება. სახელმწიფო გამოცდაზე ჩაჭრა იურიდიული კარიერის დასასრულია, მეორე შანსი აღარ გექნება, დიდი რისკია, რომ ან დაამთავრებ, ან ვერა და სტუდენტობის რთულ წლებს წყალში გადაყრი. თავდაუზოგავი შრომით შევძელი უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება. წაიკითხეთ სრულად