მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განუცხადა.
როგორც კალანდია განმარტავს, სახელმწიფო ბრალდებას საქმეში მისი ძმის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.
„უბრალოდ მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რა მორალური უფლებით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას. ამ ადამიანთან არ მქონია შეხება და ეს არ მიკითხავს, სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს. ფაქტია, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. როცა ადამიანი უდანაშაულოა, როგორ უნდა არსებობდეს მტკიცებულება იმისა, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა. ფაქტი ის არის, რომ მიხეილი უდანაშაულოა და ყველანაირი ბრალდება, ეს იქნება სარალიძის მხრიდან, თუ პროკურატურის, უსაფუძვლო, უაზრო და სასაცილოა", - აცხადებს ლუკა კალანდია.
მას მოლოდინი აქვს, რომ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს.
"თუ მოსამართლე თავის მორალურ სახეს შეინარჩუნებს და პროცესს ისე წარმართავს, როგორც სამართლიან, შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებულ სასამართლოს ეკადრება, მაშინ უალტერნატივოდ, ჩემი ძმა უნდა გამართლდეს", - განაცხადა კალანდიამ.
ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.