"ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი, ამიტომ ვეძებთ ლიდერებს" - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მისი გაერთიანება 12 ადამიანს მოძებნის ყველა სფეროში, რომელიც ლიდერი იქნება.
“ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება, ლიდერების პარტია, ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული.
მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია.
მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.