ავტორი:

"ჯერ ცხენი გვაჩუქეს, შემდეგ - ძროხა... სოფელში ხართ და საჭიროაო" - თბილისიდან შალაურში გადასახლებული წყვილის "გემრიელი ბიზნესი"

"ჯერ ცხენი გვაჩუქეს, შემდეგ - ძროხა... სოფელში ხართ და საჭიროაო" - თბილისიდან შალაურში გადასახლებული წყვილის "გემრიელი ბიზნესი"

ყველის მწარმოებელი ლევან ცაგურია თელავში გავიცანი და იქვე მომიწია მისი გამორჩეული ყველის გასინჯვამ, რომელზეც დიდი მოთხოვნაა. ბატონი ლევანი პროფესიით არქიტექტორია, თუმცა დღეს მეუღლე სოფიო გორგაძესთან ერთად 12 დასახელების ყველს აწარმოებს. ოჯახმა 2009 წელს დედაქალაქი დატოვა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში დასახლდა. დღეს მათ თელავში ყველა იცნობს, როგორც სოფოს და ლეოს...

სოფიო გორგაძე პროფესიით თეატრის მხატვარია, ასევე სპორტის ოსტატი ცხენოსნობაში და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი. შეგახსენებთ, მან თავის ქალიშვილ ლიზა რურუასთან ერთად გაიმარჯვა შოუში "ჩემი სამზარეულოს წესები" და 50.000 ლარი მოიგო. ლევან ცაგურია გვიამბობს მათი ოჯახის სამეწარმეო ისტორიას, რომელიც წლების წინ შემთხვევით დაიწყო.

- საცხოვრებლად თბილისიდან კახეთში გადასასვლელად კონკრეტული მიზეზი არ გვქონია - ეს კუთხე გვიყვარს ძალიან და ერთხელაც, უბრალოდ, თბილისში ცხოვრება აღარ მოგვინდა. თან, ეტყობა, ასაკიც თავისას შვრება - მოდის დრო, როცა გჭირდება სიწყნარე, ბუნებასთან სიახლოვე და ამ გარემოში აქტიური ცხოვრება.

- კახეთი რატომ აირჩიეთ?

- თელავი კახეთის ცენტრია, საოცრად კარგი ქალაქია, ნამდვილი ქართული. ამასთან, მეგობრებიც მყავდა აქ. ასე რომ, უცხო გარემოში არ მოვხვედრილვარ. ბევრი ადგილი მოვინახულეთ და ბოლოს სოფელი შალაური მოგვეწონა. თელავთან ახლოსაა და ფანტასტიკური ხედია აქედან.

- თავიდანვე ფიქრობდით, რომ სოფელში ყველის ამოყვანას დაიწყებდით?

- არა... ყველი როგორ კეთდებოდა, ტელევიზორშიც არ მქონდა ნანახი. აქ რომ გადმოვედით, ერთი წელი არ იყო გასული, რომ ცხენი გვაჩუქეს. მერე თავლა ავაშენეთ, ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ. სხვა მეგობარმა ძროხა გვაჩუქა - სოფელში ხართ და საჭიროაო. შვეიცარიული ძროხა იყო, ყავისფერი, მარლეტა ერქვა. მოკლედ, ამის მერე რაც შევქმენით, მისი სახელი დავარქვით...

თავიდან ძროხის მოწველა ადვილი საქმე გვეგონა - ერთხელ მოვწველე, რძე დავლიეთ, მერე მაწონი გავაკეთეთ. მაგრამ ძროხამ არ იცის არც დასვენება, არც დღესასწაული - ყოველდღე იწველება. ჰოდა, მაცივრები რძით აგვევსო. ამის გამო მეზობელს ვთხოვეთ, ადვილად ყველის გაკეთება ესწავლებინა. ჰოდა, ყველაფერი ასე დაიწყო...

ინტერნეტი, წიგნები - ყველაფერი გამოვიყენე, რომ ამ საქმეს ჩავწვდომოდი. ახმეტაში გაეროს დაფინანსებული კურსები - მეყველის ოსტატობა გავიარე და ეს დარგი შევისწავლე, მოგვიანებით თელავში პროფესიული გადამზადების კოლეჯიც დავამთავრე, ასე რომ, ყველის დიპლომირებული მწარმოებელი ვარ... ეს ცოდნა კი დავაგროვე, მაგრამ რაც ვიცი, ძირითადად, გამოცდილებით - ბევრი გადაღვრილი რძით და გადაყრილი ყველით, ინტერნეტით, სპეციალური ლიტერატურით...

- შრომა მეუღლეებს თანაბრად გაქვთ განაწილებული?

- რა თქმა უნდა. ჩემი მეუღლე არის ძრავა... საკუთარი საქონელი არ გვყავს, რძე სხვისგან მოგვაქვს. მესაქონლეობა და ყველის წარმოება ერთად რთულია, ამიტომ გადავწყვიტეთ, მხოლოდ ყველი გვეწარმოებინა, თუმცა თავიდან კი გვყავდა 3-4 ძროხა, თხებიც გვყავდა და ახლაც გვყავს, ოღონდ შალაურში არა - ქვემოალვანელ ფერმერ გოგი ელანიძეს ჯიშიანი თხები ჰყავს და ჩვენებიც მას ჩავაბარეთ. იქიდან ვიღებთ დამატებით რძეს.

- როგორც ვიცი, 12 დასახელების ყველს აკეთებთ.

- კი, მაგრამ მუდმივად მხოლოდ 3-4 დასახელებისას, ანუ რასაც კომერციული მნიშვნელობა აქვს.

- ევროპული ტექნოლოგიით ამზადებთ?

- 70 წლის განმავლობაში საბჭოთა და რუსულმა ოკუპაციამ საქართველოში ძირს დასცა ყველის წარმოების კულტურა, ყველაფერი სამ ძირითად ყველზე დაგვიყვანეს: გუდა, სულგუნი და იმერული. ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვერ ვიტყვი, რომ ტრადიციული ქართული რეცეპტებია, ვერც იმას, რომ ევროპულია, რადგანაც აქ კეთდება. რა ევროპული რეცეპტიც უნდა გვქონდეს, გამორიცხულია, ზუსტად ის გააკეთო, რასაც, ვთქვათ, გლეხი საფრანგეთში აკეთებს. ისეთი მაინც არ გამოვა, კორექტივები ყოველთვის შედის...წაიკითხეთ სრულად

"ჩემზე გადმოსული დენი მამაზე გადავიდა და გარდაიცვალა" - გაიცანით თვითნასწავლი მხატვარი ბათუმიდან, რომელსაც ხატვა წარსულის ტრაგედიამ დააწყებინა

"თავზე ტომარა ჩამოაცვეს, წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს" - ომბუდსმენი მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს სასტიკი გატაცების დეტალებზე

რას ჰყვება სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომლის მუსიკის გაკვეთილიც ინტერნეტ-ჰიტად იქცა