თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ვახტანგ სუთიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მოდის ექსპერტის დალი ჩიტალაძის ვაჟს სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრილი მეგობრებს და ახლობლებს "ფეისბუქით" მიმართავს და მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის:
"ყველას უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის და სიყვარულისათვის. იმედი მაქვს, ღვთის წყალობით, მალე გამოვჯანმრთელდები. დიდება უფალს და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!" - დაწერა ვახტანგ სუთიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
კომენტარებში დაჭრილს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ. "ჩვენო კეთილო და უმაგრესო ვახო, გამოჯანმრთელდი მალე", - წერს ია ფარულავა.
39 წლის სუთიძე გუშინ თარხნიშვილის ქუჩაზე დაჭრეს. როგორც დაჭრილის დედა დალი ჩიტალაძე ყვება, მის ვაჟს უცხო მამაკაცი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა.
"გიჟები დადიან ქალაქში და ერთ-ერთი მათგანი ჩემს შვილს დაესხა თავს, ის მას მხოლოდ ეკლესიაში წირვებზე ჰყავს ნანახი. როდესაც ჩემი შვილი დილით ტაძრიდან ბრუნდებოდა, მას გამოჰყვა ეს მამაკაცი და ისე, რომ არაფერი უთქვამს, სადარბაზოში შემოყვა, უკან მიეპარა და დანა დაარტყა", - განაცხადა ჩიტალაძემ.
სამართალდამცველებმა გუშინვე დააკავეს ბრალდებული - 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეს მყოფი მამაკაცი - დ.ს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.