ავტორი:

ვის ეჭიმებით და ვისთან ყეყეჩობთ?! - გოგიჩაიშვილი გახარიას

ვის ეჭიმებით და ვისთან ყეყეჩობთ?! - გოგიჩაიშვილი გახარიას

რას საუბრობთ, რას ყალბობთ, ვის ეჭიმებით და ვისთან ყეყეჩობთ?! - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მინისტრობის კანდიდატებს და უშუალოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებაზე მსჯელობენ.

ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველი გუნდს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიბმული უწოდა და განაცხადა, რომ როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნება, „ქართული ოცნების“ ელექტორატიც „შეთხელდება“, რის შემდეგაც მან გიორგი გახარიას რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის სასამართლო სისტემასთან და კორუფციასთან დაკავშირებითაც.

„მინდა დაგისვათ იმ ადამიანების კითხვები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ არასდროს მისცემენ ხმას. ბატონებო, როგორ მოახერხეთ, რომ კაციჭამია მოსამართლე თამარ ალანიას ნიშნავთ უვადო მოსამართლედ, ადამიანს, რომელმაც ყველა ის ადამიანი გააუბედურა, რომელის საქმეც მასთან იყო გავლილი. როგორ ახერხებთ, ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი პროკურორებით გაავსოთ „ქართული ოცნების“ 1-ელი ოქტომბრის ხელისუფლება? როგორ გაბედეთ ლონდა თოლორაია წარგედგინათ, რომელიც ერთ-ერთი სასტიკი პროკურორი იყო არასრულწლოვნების მართლმსაჯულებით ზემოქმედებაში. რას საუბრობთ, რას ყალბობთ, ვის ეჭიმებით და ვისთან ყეყეჩობთ?!

თუ გსურთ რეალურ კითხვებს გასცეთ პასუხი, რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი. ბატონმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ პანკისი იყო შეცდომა, კიდევ აპირებთ ასეთი შეცდომების დაშვებას, ბატონო გიორგი, რომ რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის სტაბილურობა?

როცა ბიზნესზე და გაძლიერებაზე საუბრობთ, ვის გულისხმობთ? - შემთხვევით იმ ადამიანებს ხომ არა, ვისი პატრონაჟითაც თქვენ იმყოფებოდით ამ წლების განმავლობაში? თუ კორუფციაზე საუბრობთ, მიიხედეთ აბა უკან და შეეკითხეთ, რატომ გადადგნენ თავის დროზე ადამიანები თანამდებობიდან, რას აბრალებდნენ? -კორუფციას ხომ არ ედავებოდნენ? 100 მილიონი რომ შეგვიჭამეს ყველას ერთად თვალსა და ხელს შუა, გეძინათ უსაფრთხოებას და შსს-ს, თუ მარტო ფინანსურ პოლიციას აქვს ასეთ დანაშაულთან ბრძოლის ექსკლუზივი?

რა ტიპის მმართველობა არის დღეს საქართველოში, როდესაც კონსტიტუციური პრინციპი არის დარღვეული ინსტიტუციებს შორის, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი აღარ არსებობს და ერთი ხელით იმართება, როდესაც თქვენ ხასიათზე დაათრევთ ადამიანებს პროკურატურაში, ბიზნესს ეხმარებით და ადამიანები პროკურატურაში დაგყავთ, ანაკლიის პროექტს აგდებთ და ადამიანებს უდანაშაულოდ ექცევით, პოლიციურ და პოლიტიკურ დევნას ახორციელებთ, რა მმართველობის ფორმაა?“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა გიორგი გახარიას.

მან მმართველი გუნდის მისამართით ასევე განაცხადა, რომ “ქართული ოცნება“ წარსულია, რადგან ორივე ძალა არის ავტორიტარული სისტემა. ამის შემდეგ კი, გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.

“დღეს თქვენი გადარჩენის რგოლი არის “ნაციონალური მოძრაობა“ - თუკი თქვენ “ნაციონალურ მოძრაობას“ დაამთავრებთ, თქვენც დამთავრდებით..."ნაციონალური მოძრაობა" თავში გიზით, როდესაც საუბრობთ თეთრაძის პროკურორის მხარდაჭერაზე. ბატონო გიორგი, იცით, რამდენი ადამიანის სისხლის დაიღვარა იმისათვის, რომ დღეს არ მოესმინა 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარი “ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრისაგან სიტყვები, რომ “მინდა ეს სისტემა უკან დავაბრუნო“ - ეს არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი! როდესაც ეროვნულ ფასეულობებზე საუბრობთ, ეროვნული ფასეულობა მურუსიძე, ჩინჩალაძე და თეთრაძის პროკურორი არ არის. თქვენ ამ ქვეყანაში კორუფციას ვერ დაამარცხებთ, რადგან იმისათვის, რომ ლოიალობა იყიდოთ, კორუფცია გჭირდებათ. დღეს რომ დემოკრატიის პრინციპებს გადაუხვიეთ და საშუალებას აძლევთ ერთმა ხელმა მართოს სასამართლო, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება, ამას კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა ჰქვია“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა გახარიას მისამართით.

მან გახარიას ასევე შეახსენა, რომ ის გუნდში მარიხუანას ლეგალიზაციის აქტიური მხარდამჭერი იყო, “რაც ავტორიტარიზმის ფული უნდა ყოფილიყო“.

ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა და დღეს ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია - ნატო ჩხეიძის უცნობი ცხოვრება

LIVE "ნიუსრუმიდან" - თინა ხიდაშელი, ნაზი ჯანეზაშვილი

ანა დოლიძე პოლიტიკაში მიდის - რა კანონდარღვევაზე საუბრობენ მისი კოლეგები და არასამთავრობოები