სპორტული გამოცემა lelo.ge-ს რუბრიკა "ლეგენდების კვალდაკვალ" გთავაზობთ საინტერესო მოგონებას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შესახებ.
ეს მოგონება ესპანელ ჟურნალისტს მარიანო ხესუს კამაჩოს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე წლის წინ მის ბლოგზე გამოქვეყნდა.
ესპანელი ჟურნალისტი დავით ყიფიანს "კავკასიელ ჯადოქარს" უწოდებს, 1980 წელს, კადისის ტურნირზე "დინამოსა" და "ფლამენგოს" დაპირისპირების დეტალებზე წერს და "ორი დიდი ჯადოქრის", ზიკოსა და ყიფიანის დუელს იგონებს:
"მალე კადისში რამონ დე კარასას სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყება, სადაც "უდინეზე", "მალაგა", ლისაბონის "სპორტინგი" და "კადისი" ითამაშებენ. შესაძლოა, ახლა ამ ტურნირმა ბრწყინვალება დაკარგა, მაგრამ ოდესღაც არაოფიციალურ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატად ითვლებოდა...
კადისის ტურნირი 1955 წლიდან ტარდებოდა და აქ უდიდეს ვარსკვლავებს უთამაშიათ - პელეს, კუბალას, დი სტეფანოს, ფერენც პუშკაშს, იოჰან კრუიფს, ზიკოს, რომარიოს, ხენტოს, ადემირს....
კადისელი ბავშვები მის მოლოდინში ვცხოვრობდით, რომ ზაფხულში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს ვიხილავდით. ახლა ტურნირი ის აღარაა, რაც გვახსოვდა. კადისის სტადიონზე მსოფლიო ფეხბურთის სუნთქვა სულ უფრო და უფრო ნაკლებად იგრძნობა, რაც ჩვენში ნოსტალგიას იწვევს. მაგრამ ამ სტადიონის მეხსიერებას ბევრი ლეგენდა შემორჩა...
განსაკუთრებით კარგად მახსენდება "ქართული აღმოჩენა" დავით ყიფიანი, რომელმაც 1980 წელს გენიალურობითა და სიდიადით კადისელი გულშემატკივრების გული დაიპყრო. 30 აგვისტოს, "ფლამენგო" თბილისის "დინამოს" ეთამაშებოდა და სტადიონზე იმ იმედით მივედით, რომ ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავებით დავმტკბარიყავით - მაშინ ზიკო, მარინიო, ტიტა, ჟუნიორი და კომპანია ბრწყინავდა.
ჩვენ მაშინ ცოტა რამ ვიცოდით საბჭოელებზე თბილისის "დინამოდან", რომლებიც, სინამდვილეში, ქართველები იყვნენ. ამ დროს, ვიხილეთ გუნდი, რომელიც ბრაზილიელებს კავკასიის მთებივით გადაეღობნენ და სასიამოვნოდ გაოცებულები დაგვტოვეს. განსაკუთრებით, რამაზ შენგელიას და დავით ყიფიანის თამაშმა მოგვხიბლა...
ეს უკანასკნელი სულაც გამაოგნებელი გახლდათ: ორმოცი მეტრიდან თანაგუნდელებს საოცარი სიზუსტის გადაცემებით ამარაგებდა, რბილად ეპყრობოდა ბურთს და გუნდს ბრწყინვალედ ხელმძღვანელობდა. მოკლედ, უზომოდ მიმზიდველ ფეხბურთს აჩვენებდა.
ეს დაძაბული მატჩი 2:2 დასრულდა, სპექტაკლი კი ორმა 10-მა ნომერმა დადგა: ბრაზილიელმა ზიკომ და საბჭოელმა ყიფიანმა. ქართველი თავისი შემოქმედებითი ფეხბურთით ამიტომაც დარჩა ჩვენს გულებში. თბილისელები პენალტების სერიაში დამარცხდნენ და მხოლოდ მესამე ადგილი მოიპოვეს... წაიკითხეთ ვრცლად lelo.ge-ზე