ავტორი:

რას ყვება აქციის დარბევის ღამეს დაშავებული დავით ფარადაშვილი, რომელიც გერმანიაში მკურნალობს

რას ყვება აქციის დარბევის ღამეს დაშავებული დავით ფარადაშვილი, რომელიც გერმანიაში მკურნალობს

20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს დაშავებული დავით ფარადაშვილი გერმანიაში, სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს.

31 წლის ფლორისტი აქციის დარბევის ღამეს უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში და 4 დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო. ახალგაზრდა მამაკაცს პლასტმას-კაუჩუკის ტყვია საფეთქელთან მოხვდა, რამაც თავის ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დაშავებულს საქართველოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარება არ გაუმჯობესდა, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება მისი გერმანიაში გადაყვანის შესახებ, სადაც კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ახალგაზრდა მამაკაცი ეტლით გადაადგილდება, თუმცა გერმანელი პროფესორები საიმედო პროგნოზს აკეთებენ და ამბობენ, რომ დავით ფარადაშვილი მალე ისევ შეძლებს სიარულს.

AMBEBI.GE დაშავებულს გერმანიაში დაუკავშირდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად:

- 3 ნეირო-ოპერაცია ჩამიტარდა. პარალიზებული მაქვს ფეხებიც და ხელიც. ჯერჯერობით, ინვალიდის ეტლით გადავაადგილდები, თუმცა ფეხი უკვე ავამოძრავე და ექიმები მეუბნებიან, რომ მალე გავივლი კიდეც. ფაქტობრივად, სიარულის სწავლას თავიდან ვიწყებ. ჯდომით უკვე მყარად ვზივარ, აღარ მიჭირს. ქართველ ექიმებს ბეწვზე გადავურჩი...

- რატომ? უკმაყოფილო ხართ ქართველი ექიმების?

- რა თქმა უნდა! აქ რომ არ წამოვეყვანე, ალბათ მოვკვდებოდი ქართველი ექიმების უყურადღებობით, ან გავიყინებოდი საავადმყოფოში! საშინელი სიტუაცია იყო საავადმყოფოში. როგორც მე ვიცი, გაცემული იყო ბრძანება, რომ არაფერი არ მომსვლოდა. რომ მოვმკვდარიყავი, წარმოგიდგენიათ რა დღეში აღმოჩნდებოდა ხელისუფლება?

კართან დაცვაც კი დამიყენეს, ყველას უკრძალავდნენ ჩემთან მოახლოებას, ჩემს ნახვას. მხოლოდ დედას და დას უშვებდნენ, ისიც მკაცრი კონტროლით. მეგობრებს არ მაკარებდნენ. ნახვის საათებშიც კი არ უშვებდნენ. ჩემს ოჯახის წევრებსაც ეუბნებოდნენ - საშიშია მიახლოებაო. ფოტოების გადაღება აგვიკრძალეს. ჩემები ეკითხებოდნენ და არაფერს პასუხობდნენ, რა მდგომარეობა იყო.

ექიმები შორიდან მკითხულობდნენ როგორ ხარო, ბოლოს უკვე ჩირქი მდიოდა თავიდან. ქირურგმა რომ დამათვალიერა, დააჩქარეს ჩემი თავიდან მოშორება, ალბათ შეეშინდათ რამე არ დამმართოდა. მანდ რომ დავრჩენილიყავი, უეჭველად მოვკვდებოდი! აქ გერმანელმა პროფესორებმა ყველაფერი დეტალურად ამიხსნეს, ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევენ.

- რა ხდებოდა 20 ივნისს რუსთაველზე? რატომ გესროლეს?

- არ მინდა გახსენება თავიდან. ახალი მისული ვიყავი და აქტიურობითაც არ გამოვირჩეოდი. მესროლეს იმიტომ, რომ უბრალოდ, იქ ვიდექი. ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემს ადგილას. ერთადერთი, რაც მახსოვს, როგორც კი მომხვდა ტყვია, მაშინვე ჩავიკეცე. ბიჭებს რომ არ გამოვეყვანე, ალბათ, ხალხი გადამთელავდა...

- რა დიაგნოზი დაგისვეს? რამ გამოიწვია მდგომარეობის ასე დამძიმება?

- თავის ქალა მქონდა ჩატეხილი ტყვიისგან. ორი უზარმაზარი ინფექციის ბუდე ამომაჭრეს თავიდან. ნერვები იყო დაზიანებული.

- მკურნალობის ხარჯებს, სახელმწიფო ანაზღაურებს?

- კი, რადგან მე ამას ნამდვილად ვერ გადავიხდიდი. რა დაჯდა მკურნალობა არ ვიცი. დედაჩემს მისცეს 2000 ევრომდე თანხა ყოველი შემთხვევისთვის, აქ რომ რამე დამჭირვებოდა.

- რას გეუბენიან ექიმები? რამდენ ხანში გამოჯანმრთელდებით სრულად და დაბრუნდებით სამშობლოში?

- ალბათ ექვსი თვე კიდევ მომიწევს მკურნალობა, ჯერ ზუსტად არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ ღმერთს ერთი წამით არ მივუტოვებივარ და მაგარი გადარჩენილი ვარ...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ